მნიშვნელოვანისიახლეები

“სოფელ შუქრუთის გადასარჩენად” – ივანიშვილის ბიზნეს ცენტრამდე აქცია-მსვლელობა გაიმართა

“სოფელ შუქრუთის გადასარჩენად” – ამ შინაარსის ბანერებით შუქრუთელებმა “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს ცენტრთან საპროტესტო აქცია გამართეს. დემონსტრანტები პარლამენტის შენობიდან დაიძრნენ და ბიზნეს ცენტრამდე მსვლელობით მივიდნენ. ადგილზე დიდი რაოდენობით პოლიციაა მობილიზებული.
აქციის მონაწილეების განცხადებით, მათი მიზანია ხმა მიაწვდინონ ბიძინა ივანიშვილს შუქრუთელების პრობლემების შესახებ.
მათივე თქმით, „ჯორჯიან მანგანეზის” მიერ ჩატარებული სამუშაოების შედეგად დაინგრა მათი სახლები, დაზიანდა ნიადაგი, ეზოები და ნაკვეთები და სოფელში ცხოვრება უკვე გაუსაძლისი გახდა, აქედან გამომდინარე ისინი სოფლისთვის მიყენებული ზარალის ანაზღაურებას და ამ პროცესში ცენტრალური ხელისუფლების ჩართვას ითხოვენ.

აქციის მონაწილეებს ადგილზე ათობით პოლიციელი დახვდა. მათ შენობამდე მისასვლელი გზა კორდონით ჰქონდათ გადაკეტილი.

“დღეს თითოეული ჩვენთაგანი ჩვენს ოჯახებს ვიცავთ, ჩვენს საცხოვრის გარემოს ვიცავთ, ჩვენს ქალაქს ვიცავთ. თუ ის ყველაფერი, რასაც ისინი [ხელისუფლება] საუბრობენ ოჯახურ ღირებულებებზე და ეს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას არ ემსახურება, მაშინ მოვიდნენ, ცენტრალურმა ხელისუფლებამ წარმომადგენელი გამოგზავნოს, დავხვდეთ კომპანიასთან ერთად. ჩვენ პირველივე დღიდან ღია ვართ ამ ყველაფრისთვის. სუფთა გულით და სუფთა ხელებით ვიბრძვით 5 წელია. […]

იმედია, გონს მოეგება ბატონი ბიძინა ივანიშვილი, მოუწოდებს თავისივე მოყვანილ მთავრობას, ჩაერთონ ამ პროცესში. დაინტერესდეს პროკურატურა, ანტიკორუფციული დეპარტამენტი”, – თქვა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ სიტყვით გამოსვლისას.

180 დღეზე მეტია ჭიათურაში, სოფელ შუქრუთში, კოროხნალის მაღარო სოფლის მკვიდრებს ჩახერგილი აქვთ. ისინი ამბობენ, რომ მადნის მოპოვებითი სამუშაოების გამო მათი სახლები ინგრევა. სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, სოფლის სკოლაში სასწავლო წელი ვერ განახლდა. დაზიანებულია სოფლის ეკლესია, სოფლის სასაფლაოზე კი მიწა იშლება.

შუქრუთელები ხელისუფლების ყურადღებას, შესაბამისი კომპენსაციების გაცემასა და გამოძიების დაწყებას ითხოვენ. „ჯორჯიან მანგანეზში“ ამბობენ, რომ ზარალის ანაზღაურებაზე უკვე 12 მილიონი ლარი დახარჯეს, დანარჩენს კი იმ შემთხვევაში გასცემენ, თუკი მაღაროში მუშაობის გაგრძელებას შეძლებენ
შეგახსენებთ, შუქრუთში მცხოვრები მოსახლეობა უკვე თვეებია ეწინააღმდეგება მათ საცხოვრებელ ტერიტორიებზე კომპანია ჯორჯიან მანგანეზის საქმიანობას, რის შედეგადაც მათი სახლები დაზიანდა და საცხოვრებლად საშიში გახდა.
ცნობისთვის, შუქრუთის მცხოვრებთა ნაწილი პარლამენტთან თითქმის ერთი თვეა შიმშილობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button