მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ირანმა ისრაელის მიმართულებით ათობით კამიკაძე დრონი და ბალისტიკური რაკეტები ისროლა

ირანმა ისრაელის მიმართულებით ათობით კამიკაძე დრონი გაუშვა. სოციალურ ქსელში ვრცელდება თავდასხმის ამსახველი ვიდეომასალა.
საჰაერო განგაშისა და აფეთქებების ხმა ქვეყნის ტერიტორიაზე მთელი ღამის განმავლობაში ისმოდა. მათ შორის, დედაქალაქ იერუსალიმშიც.
“დამშვიდდით და მიჰყევით ბრძანებებს”, – მედიაში ვრცელდება ისრაელის პრემიერის მიმართვა მოქალაქეებისადმი. ნეთანიაჰუ ამბობს, რომ ისრაელი კარგად არის მომზადებული ირანის თავდასხმებისთვის. ამასთან, პრემიერ-მინისტრი ხაზს უსვამს, რომ აფასებს აშშ-ის, ბრიტანეთისა და საფრანგეთის მხარდაჭერას.

ირანის სახელისუფლებო სააგენტო IRNA წყაროზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ოფიციალურმა თეირანმა ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტებიც ისროლა.
ერაყული მედიის ინფორმაციით, ერაყის ცაზე არაერთი უპილოტო თვითმფრინავი დააფიქსირეს.

ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ ისრაელის საჰაერო თავდაცვა მზად არის თავდასხმის მოსაგერიებლად. ირანის მხრიდან შესაძლო საავიაციო იერიშების შესახებ ბოლო დღეებში უამრავი მედიასაშუალება წერდა. ამის თაობაზე აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ირანი სერიოზულად გააფრთხილა. ჟურნალისტების შეკითხვას იმის შესახებ, რის თქმა სურს ირანისთვის, ბაიდენმა უპასუხა: „ნუ იზამთ“, და დაადასტურა აშშ-ის ერთგულება, რომ ისრაელს დაიცავს.

„ჩვენ ისრაელის დაცვის ერთგული ვართ. ჩვენ ისრაელს დავუჭერთ მხარს. ჩვენ შეგვიძლია ისრაელის დაცვა და ირანი წარმატებას ვერ მიაღწევს“, – თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა.

სააგენტო “ირნას” ცნობით ირანმა დაადასტურა უპილოტო თვითმფრინავების გაშვება. სხვადასხვა წყაროების ცნობით, ირანული დრონები ისრაელის ტერიტორიას გაშვებიდან 5-9 საათში მიაღწევენ.

ასევე ცნობილი გახდა, რომ ისრაელის თავდაცვის ძალების ლოგისტიკის სარდლობამ, რომელიც პასუხისმგებელია სამოქალაქო თავდაცვის საკითხებზე, შაბათს გადაწყვიტა დროებით შეაჩეროს საგანმანათლებლო დაწესებულებების მუშაობა მთელი ქვეყნის მასშტაბით. შაბათს საღამოს გამოქვეყნდა შესაბამისი ოფიციალური ინსტრუქციები.

მანამდე ამერიკული მედია წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ ირანის სავარაუდო იერიში შეიძლება იყოს კომბინირებული – თვითმფრინავებისა და რაკეტების გამოყენებით. დარტყმა შეიძლება მიმართული იყოს სამხედრო სამიზნეებზე. მისი სიმძლავრის შეფასება ამ დროისთვის რთულია.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ შაბათს საღამოს სატელევიზიო მიმართვაში განაცხადა, რომ ქვეყნის ხელისუფლება მზად არის ირანის მხრიდან შესაძლო პირდაპირი თავდასხმისთვის. მან ისრაელის მცხოვრებლებს მოუწოდა მკაცრად დაიცვან ლოგისტიკის სარდლობის ბრძანებები და ასევე განაცხადა, რომ თუ ირანი ისრაელს დაარტყამს, ეს შედეგების გარეშე არ დარჩება.
ამასთან ისრაელის თავდაცვის ძალებმა, ამერიკული ძალების დახმარებით, თავდასხმა მოიგერიეს და დრონებისა და რაკეტების უმრავლესობა ჩამოაგდეს. თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, ერთი ადამიანი დაშავდა – 7 წლის გოგონა, რომლის სახლსაც ჭურვი იმ დროს დაეცა, როცა მას ეძინა. ბავშვი ახლომდებარე ჰოსპიტალშია სამკურნალოდ გადაყვანილი. დაზიანდა ისრაელის თავდაცვის ძალების ერთ-ერთ სამხედრო ბაზაც.

ირანის გარდა, ისრაელის მიმართულებით დრონები და რაკეტები გაუშვეს სირიის, ლიბანის, იემენისა და ერაყის ტერიტორიიდანაც. ჯამურად იერიში 5 საათის განმავლობაში გრძელდებოდა.
ისრაელსა და ირანს შორის ურთიერთობა უკიდურესად დაიძაბა მას შემდეგ, რაც ირანული მედიის ცნობით 1 აპრილს ისრაელმა ავიადარტყმა განახორციელა დამასკში, ირანის საელჩოს მახლობლად მდებარე შენობაზე, რის შედეგადაც „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ შვიდი წევრი დაიღუპა.

ირანის ცნობით თავდასხმისას დაღუპულებს შორის არიან ირანის საგანგებო დანიშნულების რაზმების, ყუდსის ძალების ერთ-ერთი მეთაური, ბრიგადის გენერალი მოჰამედ რეზა ზაჰედი, მისი მოადგილე, ბრიგადის გენერალი მოჰამედ ჰადი რაჰიმი და მათი ხუთი კოლეგა.

ირანის ხელისუფლება დაიმუქრა, რომ შურს იძიებს თავისი ოფიცრების, მათ შორის, IRGC-ის ორი გენერლის დაღუპვის გამო

„შურისძიების გადაწყვეტილება მიღებულია და ის აუცილებლად განხორციელდება“, – თქვა IRGC-ის ყოფილმა მეთაურმა, გენერალმა მოჰსენ რეზაიმ.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ 4 აპრილს განაცხადა, რომ მისი ქვეყანა დაარტყამს ყველას, „ვინც ჩვენ ზიანს მოგვაყენებს“ ან გეგმავს ამას.

ისრაელს საკონსულო დეპარტამენტზე თავდასხმის გარშემო კომენტარი არ გაუკეთებია.

მსგავსი პოსტები

Back to top button