მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ის „ნამდვილი მეგობარია, როგორც ღვიძლი ძმა“-პუტინი

მოგიხსენიებთ თქვენ, როგორც ჩემს ძვირფას მეგობარს, ძალიან სასიამოვნოა თქვენი მოწვევით კიდევ ერთხელ აქ, რუსეთში ჩამოსვლა

დღეს, 20 მარტს, მოსკოვში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მეთაური, მმართველი “კომუნისტური პარტიის” ლიდერი, სი ძინპინი ჩავიდა . ეს მისი პირველი ვიზიტია მოსკოვში, რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ.

ვიზიტის წინა დღეს რუსეთის პრეზიდენტმა ჩინეთის უდიდეს გაზეთში, „ჟენმინ ჟიბაოში“, სტატია გამოაქვეყნა, რომლის რუსულენოვანი თარგმანი კრემლის საიტზეც გამოქვეყნდა. სტატიაში პუტინი წერს, რომ მოსალოდნელ მოლაპარაკებებზე „დიდ მოლოდინს“ ამყარებს და რომ ეს მშვენიერი შესაძლებლობაა, „ძველ, კეთილ მეგობარს შეხვდეს“. პუტინი ამბობს, რომ ის „ნამდვილი მეგობარია, როგორც ღვიძლი ძმა“.

სტატიის თანახმად, პუტინი მიესალმება ჩინეთის მზადყოფნას, ითამაშოს “კონსტრუქციული როლი” „უკრაინის კრიზისის“ გადაწყვეტაში.

„რუსეთი უკრაინის კრიზისის პოლიტიკურ-დიპლომატიური დარეგულირებისთვის ღიაა. მაგრამ ჯერ კიდევ 2022 წლის აპრილში სამშვიდობო მოლაპარაკებები ჩვენ მიერ სულაც არ შეწყვეტილა. სამშვიდობო პროცესის მომავალი დამოკიდებულია მხოლოდ სერიოზული საუბრის მზადყოფნაზე, არსებული გეოპოლიტიკური რეალიების გათვალისწინებით.“, – ნათქვამია პუტინის სტატიაში.

თავის მხრივ, სააგენტო “რია ნოვოსტიმ” და Российская газета-მ სი ძინპინის სტატია გამოაქვეყნეს, რომელშიც ის წერს, რომ ჩინეთი და რუსეთი „საერთო საკაცობრიო ღირებულებებს ავითარებენ და ახალი ტიპის საერთაშორისო ურთიერთობების შექმნის იდეით გამოდიან“. სი ძინპინი უკრაინის ომს „უკრაინის კრიზისად“ მოიხსენიებს და წერს მშვიდობიანი დარეგულირების მიმართულებით ძალისხმევის გაწევის აუცილებლობაზე.
………..
ჩინეთი და რუსეთი მსგავს მიზნებს იზიარებენ, – ამის შესახებ ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მოსკოვში შეხვედრისას განუცხადა.

სი ძინპინის თქმით, ჩინეთი „დიდად აფასებს“ ჩინეთ-რუსეთის კავშირებს, მისივე განცხადებით, ორივე ქვეყანას შეუძლია ითანამშრომლოს მათი განვითარების მიზნების განსახორციელებლად.

“მართალია, რომ ჩვენი ქვეყნები იზიარებენ იგივე, ან მსგავს მიზნებს“, – აღნიშნა სი ძინპინმა.

როგორც ჩინეთის ლიდერმა რუს კოლეგას განუცხადა, მოხარულია იმით, რომ რუსეთი პირველი ქვეყანაა, რომელსაც ჩინეთის პრეზიდენტად ხელახლა არჩევის შემდეგ ეწვია.

“ძალიან ბედნიერი ვარ, რომ თქვენი მოწვევით შემიძლია კვლავ ვესტუმრო რუსეთს“, – აღნიშნა ჩინეთის ლიდერმა.

ამასთან, სი ძინპინმა განაცხადა, რომ რუსეთის განვითარება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა პუტინის მტკიცე ხელმძღვანელობით.

“მე ვიცი, რომ მომავალ წელს რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნებია. რუსეთის განვითარება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა თქვენი მტკიცე ხელმძღვანელობით. მჯერა, რომ რუსი ხალხი გააგრძელებს თქვენს მტკიცე მხარდაჭერას”, – დასძინა ჩინეთის პრეზიდენტმა.
ჩვენ ბევრი საერთო ინტერესი და მიზანი გვაქვს , – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს კრემლში მასპინძლობისას განუცხადა.

„ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ჩინეთმა კოლოსალური ნახტომი გააკეთა წინ. მთელ მსოფლიოში ეს იწვევს ინტერესს და, სამწუხაროდ, შურსაც“, – განუცხადა პუტინმა ჩინელ კოლეგას.

მედიის ცნობით, კრემლის ლიდერმა სი ძინპინს განუცხადა, რომ უკრაინის კრიზისის მოგვარებასთან დაკავშირებით, რუსეთი მზადაა პეკინის წინადადებები განიხილოს.

ამასთან, პუტინმა ჩინეთის ლიდერს უთხრა, რომ მოსკოვმა “გულდასმით შეისწავლა” პეკინის მიერ შეთავაზებული წინადადებები.

„თქვენ იცით, რომ ჩვენ ყოველთვის ღია ვართ მოლაპარაკებების პროცესისთვის. ჩვენ აუცილებლად განვიხილავთ ყველა ამ საკითხს, მათ შორის თქვენს ინიციატივას“, – დასძინა პუტინმა.

მოგიხსენიებთ თქვენ, როგორც ჩემს ძვირფას მეგობარს, ძალიან სასიამოვნოა თქვენი მოწვევით კიდევ ერთხელ აქ, რუსეთში ჩამოსვლა, არჩევის შემდეგ ჩემს პირველ საერთაშორისო ვიზიტად სწორედ რუსეთი ავირჩიე

სი ძინპინის თქმით, რუსეთსა და ჩინეთს ურთიერთობის დიდი ისტორია აქვს.

„თქვენ ახლახან გაიხსენეთ, როცა პირველად ამირჩიეს ამ პოსტზე, მე მაშინაც პირველ ვიზიტად რუსეთი ავირჩიე. ვიცი, რომ მომავალ წელს რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნებია დაგეგმილი. რუსეთის განვითარება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა თქვენი მტკიცე ხელმძღვანელობით. მჯერა, რომ რუსი ხალხი გააგრძელებს თქვენს მტკიცე მხარდაჭერას. ჩვენ ორი დიდი მეზობელი ქვეყანა ვართ, ჩვენს ურთიერთობას დიდი ისტორია აქვს. ჩინეთ-რუსეთის საერთაშორისო სტრატეგიული თანამშრომლობის განვითარებისას ჩვენ, ერთი მხრივ, უნდა მივაღწიოთ მიზანს, რომ უზრუნველყოფილი იყოს სამართლიანობა და თანასწორობა მსოფლიოში, ხოლო მეორე მხრივ, ამ პროცესში მივაღწიოთ ჩვენი ქვეყნების შემდგომ განვითარებასა და კეთილდღეობას“, – განაცხადა სი ძინპინმა.
ჩინეთი და რუსეთი კარგი მეზობლები და საიმედო პარტნიორები არიან, დაკავშირებულები მთებით და მდინარეებით. დარწმუნებული ვარ, რომ ვიზიტი ნაყოფიერი იქნება, ახალ ბიძგს მისცემს ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობების სტაბილურ განვითარებას, – ამის შესახებ ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინპინის რუსეთში ვიზიტის დაწყებამდე გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

სი ძინპინმა აღნიშნა, რომ აპირებს ვლადიმერ პუტინთან ორმხრივი ურთიერთობების დეტალურ განხილვას, ასევე ორმხრივი ინტერესების მნიშვნელოვან რეგიონულ და საერთაშორისო თემებზე საუბარს.

„ჩინეთი და რუსეთი არიან როგორც მსოფლიოს დიდი სახელმწიფოები, ასევე გაერო-ს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრები, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ საერთაშორისო ასპარეზზე. არასტაბილურ მსოფლიოში ჩინეთი მზადაა, საერთაშორისო წესრიგის მტკიცედ დასაცავად რუსეთთან მუშაობა გააგრძელოს“, – აღნიშნა სი ძინპინმა.

ჩინეთსა და რუსეთს ბევრი საერთო ამოცანა აქვთ. ყურადღებით გავეცანი უკრაინაში სიტუაციის დარეგულირების ჩინეთის მიერ შემოთავაზებულ გეგმას, ჩვენ ყოველთვის ღია ვართ მოლაპარაკების პროცესისთვის,

პუტინის თქმით, აუცილებლად განიხილავენ, მათ შორის, ჩინეთის ინიციატივას.

„მიხარია, რომ ახლა უკვე პირადად მაქვს შესაძლებლობა, მოგილოცოთ პოსტზე მესამე ვადით არჩევა. ჩინეთსა და რუსეთს ბევრი საერთო ამოცანა და მიზანი აქვთ. ყურადღებით გავეცანი უკრაინაში სიტუაციის დარეგულირების ჩინეთის მიერ შემოთავაზებულ გეგმას, ჩვენ ყოველთვის ღია ვართ მოლაპარაკების პროცესისთვის. ჩვენ აუცილებლად განვიხილავთ ყველა ამ საკითხს, მათ შორის თქვენს ინიციატივას, რომელსაც უპირობოდ პატივს ვცემთ“, – აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა.

გამოცემა Financial Times-ის ცნობით, მოსკოვში ვიზიტისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ, ჩინეთის ლიდერი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბარს გეგმავს.

WSJ-ის წყაროები აღნიშნავენ, რომ სი ძინპინი, სავარაუდოდ, ცდილობს უკრაინაში მიმდინარე რუსული ომის დასრულებაში უფრო აქტიური შუამავლის როლი მოირგოს. ამასთან, გამოცემა მიუთითებს, რომ ჩინეთის პრეზიდენტი მოსკოვში ვიზიტის შემდეგ, შესაძლოა, ევროპის ქვეყნებსაც ეწვიოს, თუმცა ინფორმაცია ჯერ დადასტურებული არ არის.

მედიის განცხადებით, ზელენსკისთან პირდაპირი საუბარი, თუ ეს შედგება, იქნება მნიშვნელოვანი ნაბიჯი პეკინის მცდელობაში, უკრაინაში მშვიდობისმყოფელის როლი ეთამაშა, რასაც ევროპაში თავიდანვე სკეპტიციზმით შეხვდნენ.

გამოცემა მიუთითებდა, რომ ომის დაწყების შემდეგ, რუსეთმა ჩინეთს არაერთხელ სთხოვა დრონებით და საბრძოლო მასალებით მომარაგებაში დახმარება, რასაც ჩინეთის ხელმძღვანელობა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში აქტიურად განიხილავს. როგორც დაზვერვის წყაროები ამბობდნენ, ჩინეთი აღჭურვილობის მიწოდებისკენ მეტად იხრება – გასული კვირების განმავლობაში, აშშ-მა და მისმა მოკავშირეებმა ჩინეთი რუსეთისთვის პოტენციური სამხედრო დახმარების გაწევის შესახებ საჯაროდ არაერთხელ გააფრთხილეს.

ომის ერთი წლის თავზე ჩინეთმა უკრაინაში ომთან დაკავშირებით 12-პუნქტიანი ე.წ. სამშვიდობო გეგმა წარადგინა. 12-პუნქტიანი ე.წ. სამშვიდობო გეგმა ასე გამოიყურება:

ყველა ქვეყნის სუვერენიტეტის პატივისცემა;
ცივი ომის მენტალიტეტზე უარის თქმა;
საომარი მოქმედებების შეწყვეტა;
სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლება;
ჰუმანიტარული კრიზისის მოგვარება;
მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამხედრო ტყვეების დაცვა;
ატომური ელექტროსადგურების უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
სტრატეგიული რისკების შემცირება;
მარცვლეულის ექსპორტის ხელშეწყობა;
ცალმხრივი სანქციების შეწყვეტა;
საწარმოო და მიწოდების ჯაჭვების სტაბილურობის შენარჩუნება;
პოსტკონფლიქტური რეკონსტრუქციის ხელშეწყობა.
ჩინეთის რეკომენდაციებში არ არის დაკონკრეტებული, თუ როგორ უნდა შეთანხმდნენ მხარეები, მაგალითად, ცეცხლის შეწყვეტაზე.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის თქმით, მსოფლიო არ უნდა მოტყუვდეს რუსეთის მხრიდან რაიმე ტაქტიკური ნაბიჯით, რომ ომი თავისივე პირობებით გაყინოს, იქნება ეს ჩინეთის თუ რომელიმე სხვა ქვეყნის მიერ მხარდაჭერილი.

“ის ფაქტი, რომ პრეზიდენტი სი მიდის რუსეთში რამდენიმე დღის შემდეგ, რაც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ პრეზიდენტ პუტინის დაპატიმრების ორდერი გამოსცა, იმაზე მეტყველებს, რომ ჩინეთი არ გრძნობს ვალდებულებას, კრემლს პასუხისმგებლობა დააკისროს უკრაინაში ჩადენილი სისასტიკისთვის და ურჩევნია რუსეთის დანაშაულები დიპლომატიურად დაფაროს. მსოფლიო არ უნდა მოტყუვდეს რუსეთის მხრიდან რაიმე ტაქტიკური ნაბიჯით, რომ ომი თავისივე პირობებით გაყინოს, იქნება ეს ჩინეთის თუ რომელიმე სხვა ქვეყნის მიერ მხარდაჭერილი,”- განაცხადა ბლინკენმა.
რუსეთში ჩინეთის ლიდერის ვიზიტის შესახებ 17 მარტს გახდა ცნობილი. სი ძინპინი მოსკოვში 22 მარტამდე დარჩება. რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის, იური უშაკოვის თქმით, განიხილება მხარეებს შორის სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის საკითხები. უშაკოვის თქმითვე, “რა თქმა უნდა, განიხილება კონფლიქტი უკრაინაში“.

კიევს პირდაპირ არ უთქვამს უარი ჩინეთის სამშვიდობო ინიციატივაზე, თუმცა აღინიშნა, რომ ემხრობიან თავიანთ წინადადებას, რომელიც უკრაინიდან რუსეთის სამხედრო ძალის სრულად გაყვანას ითვალისწინებს.

ჩინეთს არ დაუგმია რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის, ხმა არ მიუცია გაეროს გენერალური ასამბლეის შესაბამის რეზოლუციებისთვისაც. ანალიტიკოსების თქმით, დასავლეთის სანქციების პირობებში რუსეთის ეკონომიკის სტაბილურობა დიდწილად დამოკიდებულია ჩინეთის პოზიციაზე. ამასთან ჩინეთმა აშშ და დასავლეთი დაადანაშაულა უკრაინაში კონფლიქტის პროვოცირებაში. ამავდროულად პეკინმა ოფიციალურად არ აღიარა ყირიმისა და უკრაინის რეგიონების ანექსია და მედიის ცნობით, კრემლს აგრძნობინა, რომ ბირთვული იარაღის გამოყენება მიუღებელი იქნებოდა.

სი ძინპინის მოსკოვში ვიზიტამდე რამდენიმე დღით ადრე, 17 მარტს, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) გაავრცელა ცნობა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და რუსეთის პრეზიდენტის ოფისში ბავშვთა უფლებების კომისარ მარია ლვოვა-ბელოვაზე დაპატიმრების ორდერების გაცემის შესახებ.

მსგავსი პოსტები

Back to top button