ISIS-ის ვიდეომუქარაზე გამოძიება დაიწყო

უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება დაიწყო იმ ვიდეომასალაზე, რომელიც ინტერნეტსივრცეში ე.წ. ისლამური სახელმწიფოს სახელით საქართველოს მიმართ გაავრცელდა.
აღნიშნულ ვიდეომასალის ერთ ნაწილში ოთხი მებრძოლი ქართულად საუბრობს. ვიდეოს ავთენტურობა ჯერ დადგენილი არ არის.
ეს არის ერთადერთი განცხადება, რასაც ოფიციალური სტრუქტურები ამ საკითხზე, წერილობითი ფორმით აკეთებენ.
ისლამური სახელმწიფოს ქართველი წევრების მიერ გავრცელებულ ვიდეომიმართვაზე ძალოვან უწყებებს რეკომენდაციებს აძლევენ ექსპერტები. სპეციალისტები კომპექსური გამოძიების აუცილებლობაზე საუბრობენ.
“ისლამური სახელმწიფოს” სახელით გავრცელებული მუქარის ერთ-ერთი ავტორის მამა ადასტურებს, რომ მისი შვილი საქართველოში არ იმყოფება.
“ამ ვიდეოთი პანიკას თესავენ, რომ ხალხი შეაშინონ, არავინ არ მოვა და არ აგვაფეთქებს”, – ამის შესახებ ილია გობაძემ იმ ვიდეოს კომენტირებისას თქვა, სადაც მისი შვილი ხვიჩა გობაძე საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებს “ისლამური სახელმწიფოს” სახელით მიმართავს.
ილია გობაძის თქმით, საქართველოს სახელმწიფოს არ უნდა ეშინოდეს ხუთი კაცის მუქარის, რადგან ამერიკა ჰყავს მხარდამჭერი, რუსეთი კი მისი მეზობელია. გობაძე ამბობს, რომ მისი შვილი ფუნდამენტალური ისლამის მიმდევარია.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ნინო გიორგობიანი მედიისთვის მიმართვას ავრცელებს. გიორგობიანი მიმართავს მასმედიის წარმომადგენლებს, სახელმწიფო უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ხელს ნუ შეუწყობენ ინტერნეტ-სივრცეში გავრცელებული, მუქარის შემცველი ვიდეომასალის ტირაჟირებას.