„ისლამური სახელმწიფო“ აღარ არსებობს
13 თებერვალს საღამოს, სირიის პატარა ქალაქ ბაგუზაში ამერიკულ ძალას „ისლამური სახელმწიფოს“ 200-მდე ტერორისტი დანებდა. კიდევ ასობით (ძირითადად უცხოელები) პირი ქალაქის ცენტრში ალყაშია მოქცეული. ისინი ქალაქის დაახლოებით ერთ კვადრატული კილომეტრზე არიან განლაგებულნი. ეს არის ის ტერიტორია, რაც ოდესღაც ძლევამოსილი „სახელმწიფოსგან“ დარჩა. ორგანიზაციის აქტიურობის პიკში, 2015 წელს ამ ტერიტორიაზე დაახლოებით 8-10 მილიონი ადამიანი ცხოვრობდა, ხოლო მათი „არმია“ ათასობით ტერორისტს ითვლიდა.
„ისლამური სახელმწიფოს“ დამარცხებაში მთავარი წვლილი აშშ-ის მეთაურობით მოქმედ კოალიციას მიუძღვის, რომლის შემადგენლობაში იყვნენ ერაყელები, სირიელი ქურთები, აშშ-ის ევროპელი და ახლოაღმოსავლელი პარტნიორები.
ბრძოლაში მონაწილეობდნენ ასევე, რეგიონში აშშ-ის კონკურენტებიც: სირიის არმია, რუსეთი და ირანი. სირიის ჩრდილოეთით იბრძოდა თურქეთი. მას შემდეგ, რაც აშშ-ის კოალიციამ ნავთობის ტერიტორია, კერძოდ ქალაქი რაქა
დაიკავა, დასავლეთმა თითქმის ერთი წლით შეაჩერა „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლა. ქურთებს, რომლებიც კოალიციური არმიის ძირითად ნაწილს წარმოადგენენ, ტერორისტებისთვის არ ეცალათ: მათ ტერიტორიას თურქეთი დაესხა თავს.
მასშტაბური თავდასხმა ISIS-ის ბოლო ანკლავზე 2018 წლის შემოდგომაზე განახლდა. ოპერაცია დაჩქარდა მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მას სირიიდან ამერიკული ჯარი გაჰყავს.
გავრცელებული ცნობით, ქალაქში არაფერი დარჩა, ხოლო ვინც არ ნებდება, შიმშილობს. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ დაჯგუფებათა ლიდერები თავებს კვეთენ მათ, ვინც დანებება გადაწყვიტა. 14 თებერვალს დილით, მშვიდობიანი მოქალაქეების გათავისუფლების შესახებ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა, – ქალაქი ერთდროულად დატოვა 1200-მა ადამიანმა.
ზოგიერთ ამერიკელ გენერალს მიაჩნია, რომ როგორც „სახელმწიფო“ ორგანიზაცია ვეღარ იარსებებს, თუმცა მისი იდეები არსებობას მსოფლიოს სხვადასხვა ადგილას განაგრძობს. მაგალითად, ნიგერიაში არსებული „ბოკო ჰარამი“, ჩადსა და მალიში „აშ-შაბაბი“, სომალიში და ევროპაში არსებული „მძინარე დაჯგუფებები“, სავარაუდოდ მომავალშიც მოაწყობენ თავდასხმებს.
გამარჯვების შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რამდენიმე დღეში საზეიმოდ განაცხადებს.