მოსკოვში, Crocus City Hall-ში, მომხდარი სროლისა და აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 93-მდე გაიზარდა

მოსკოვში, საკონცერტო დარბაზში დაღუპულთა რიცხვი 93-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია Ria Novosti ავრცელებს.
გუშინ, მოსკოვში, Crocus City Hall-ის საკონცერტო დარბაზში, სადაც ჯგუფ “პიკნიკის” კონცერტი უნდა გამართულიყო, უცნობმა პირებმა ცეცხლი გახსნეს. შედეგად, 100-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.
უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ხელმძღვანელმა ვლადიმირ პუტინს აცნობა, რომ 11 ადამიანი დააკავეს, მათგან ოთხივე უშუალო მონაწილეა.
მედიაში ასევე ვრცელდება ექვსიდან ოთხი ეჭვმიტანილის ვინაობა. ისინი 21-და 51 წლამდე ასაკის სავარაუდოდ, ტაჯიკეთის მოქალაქეები არიან.
მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ პოლიციამ ბრიანსკის ოლქში ცეცხლი გაუხსნა სავარაუდო ეჭვმიტანილთა „რენოს“ მარკის ავტომობილს, ერთ-ერთი ეჭვმიტანილი დაშავებულია და საავადმყოფოში ოპერაცია უტარდება.
რუსეთის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი მომხდარში უკრაინას ადანაშაულებს. მედვედევის თქმით, თუ თავდასხმაში უკრაინელები არიან დამნაშავე, მათ რუსეთი “სათანადოდ გაუმკლავდება”.
რაც შეეხება უკრაინის პოზიციას, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი უკრაინის თავდასხმაში მონაწილეობას უარყოფს. უკრაინის დაზვერვა კი აცხადებს, რომ მოსკოვში, საკონცერტო დარბაზში მომხდარი თავდასხმა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის სპეცსამსახურების მიზანმიმართული პროვოკაციაა.
თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს კოორდინატორის, ჯონ კირბის განცხადებით, უკრაინის თავდასხმაში მონაწილეობაზე “არაფერი მიუთითებს”.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია ისლამურმა სახელმწიფომ აიღო. მათ საკუთარი განცხადების რაიმე მტკიცებულება არ წარუდგენიათ.
მოსკოვში, „კროკუს სითი ჰოლში“ რამდენიმე შეიარაღებული პირი შეიჭრა და კონცერტზე მისულ მაყურებელს ცეცხლი გაუხსნა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ „კროკუს სითი ჰოლზე“ თავდასხმა ტერაქტად შეაფასა.
ტელეგრამის არხების ცნობით, დაახლოებით საღამოს 18:00 საათზე თავდასხმა მოაწყო ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღებით შეიარაღებულმა ხუთმა პირმა, რომლებიც სროლით შეიჭრნენ საკონცერტო დარბაზში და ცეცხლი გაუხსნეს კონცერტის დაწყების მოლოდინში, შენობის ჰოლში მყოფ ადამიანებს და შემდეგ დარბაზში გადაინაცვლეს, სადაც ანსამბლ „პიკნიკის“ კონცერტი უნდა დაწყებულიყო.
თვითმხილველების თქმით, თავდამსხმელებმა ხელყუმბარებიც გამოიყენეს. იუწყებიან რამდენიმე აფეთქების შესახებ, რის შედეგადაც გაჩნდა ძლიერი ხანძარი და „კროკუს სიტი ჰოლის” სახურავის დიდი ნაწილი ჩაინგრა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ “კროკუს სიტი ჰოლზე” მომხდარ შეიარაღებულ თავდასხმას “სისხლიანი ტერაქტი” უწოდა.
უკრაინის ხელისუფლებაში მოსკოვის რეგიონში მომხდარ თავდასხმას “პუტინის რეჟიმის მიზანმიმართული პროვოკაცია” უწოდეს. “ეს არის რუსეთის სპეცსამსახურების მიზანმიმართული პროვოკაცია. სიბერეში შესულმა რუსმა დიქტატორმა პუტინმა (რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი – რედ.) თავისი თავის განმეორება დაიწყო. მან პოლიტიკური კარიერა ასეთი დანაშაულებით დაიწყო და ცდილობს, ამითვე დაასრულოს“, – განაცხადა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი დაზვერვის სამსახურის წარმომადგენელმა ანდრეი იუსოვმა, „უკრინფოსთან“ კომენტარში. მარტის დასაწყისში შეერთებული შტატების საელჩომ მოსკოვში მყოფ ამერიკელებს განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდა. საელჩოს ოფიციალურ საიტზე 7 მარტს გამოქვეყნებული ინფორმაციით, აკვირდებიან ცნობებს, რომელთა თანახმად, „ექსტრემისტები“ გეგმავენ მოსკოვში მასობრივი ღონისძიებების, მათ შორის კონცერტების დროს თავდასხმების ორგანიზებას.
აშშ-ის ადმინისტრაციამ მწუხარება გამოთქვა „კროკუს სიტი ჰოლში“ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით. “ჩვენ ყველამ ვიხილეთ მოსკოვიდან მოსული მესიჯები და ვიდეოები… ჩვენ ვცდილობთ მივიღოთ მეტი ინფორმაცია. ჩვენი ფიქრები, ცხადია, ამ თავდასხმის შედეგად დაღუპულებთანაა“, – განაცხადა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ.
მოსკოვის ოლქში მომხდარი თავდასხმა დაგმო გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა.