ისრაელმა სხვა ქვეყნებთან სამგზავრო ავიამიმოსვლა შეაჩერა
ისრაელმა სხვა ქვეყნებთან სამგზავრო ავიამიმოსვლა შეაჩერა. როგორც Deutsche Welle წერს, თელ-ავივში ბენ გურიონის სახელობის აეროპორტი დაიკეტა.
ამ გზით ქვეყანა ცდილობს ქვეყანაში COVID-19-ის ახალი შტამის შეტანა შეაჩეროს. ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის განმარტებით, ავიამიმოსვლა იანვრის ბოლომდე იქნება შეჩერებული, თუმცა საჭიროების შემთხვევაში, შესაძლოა აკრძალვა მინიმუმ რამდენიმე კვირას გაგრძელდეს.
შეგახსენებთ, 2020 წლის 27 დეკემბერს ისრაელში გამოცხადდა რიგით მესამე ე.წ. ლოქდაუნი გამომდინარე იქიდან, რომ იზრდებოდა კოვიდით ინფიცირების მაჩვენებელი.
ე.წ. ლოქდაუნის დროს 50%-ით შემცირდა სამსახურებში ადგილზე მუშაობა, მოქალაქეებს არ აქვთ უფლება – 1 კილომეტრით გასცდნენ თავიანთ საცხოვრებელ ადგილს, აკრძალულია სტუმრების მიღება, თუ ისინი არ არიან ოჯახის პირდაპირი წევრები.
ასევე, დაიხურა მოსასვენებელი და გასართობი დაწესებულებები და შეკრებები შეიზღუდა 10 ადამიანამდე. 20 ადამიანის შეკრება დაშვებულია მხოლოდ ღია ცის ქვეშ. სკოლაში დადიან მხოლოდ 11/12 კლასელები და ასევე მოსწავლეები მეოთხე კლასის ჩათვლით.