მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ისრაელსა და „ჰამასს“ შორის შეთანხმება კიდევ ორი დღით გახანგრძლივდება

ისრაელმა შესაძლოა გააგრძელოს ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტა, თუ პალესტინური დაჯგუფება „ჰამასი“, რომელიც შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად არის გამოცხადებული, ჰუმანიტარულ პაუზას გამოიყენებს მძევლების მოსაძებნად, განაცხადა კატარის პრემიერ-მინისტრმა, შეიხმა მუჰამედ ბინ აბდელ რაჰმან ალ-ტანიმ. ამის შესახებ Financial Times-ი იტყობინება.

როგორც CNN წერს, განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კატარის პრემიერმინისტრს ესაუბრა.

ამ ეტაპზე, ისრაელის მთავრობას ინფორმაციაზე კომენტარი არ გაუკეთებია.
ლაპარაკია 40-ზე მეტ ქალსა და ბავშვზე, რომლებიც ღაზის სექტორში ჰყავთ დაკავებული სხვა პალესტინურ დაჯგუფებებს. შეიხმა განმარტა, რომ ისრაელმა კატარს, რომელიც შუამავლის როლს ასრულებს ჯიჰადისტებთან მოლაპარაკებებში, გადასცა 90 ქალისა და ბავშვის სია, რომლებიც, სავარაუდოდ, მძევლად არიან აყვანილი.

პრემიერ-მინისტრის სიტყვებით, „ჰამასმა“ მას შეატყობინა, რომ მის შეიარაღებულ რაზმებს არ აუყვანიათ მძევლები 7 ოქტომბერს სამხრეთ ისრაელზე თავდასხმის დროს. ამასთან, თავდასხმის ამსახველ კადრებში ჩანს, როგორ შედიან ისრაელელების სახლებში „ჰამასის“ ფორმაში გამოწყობილი შეიარაღებული ადამიანები და კლავენ მშვიდობიან მოქალაქეებს, წერს Financial Times-ი.

ცნობილია, რომ აშშ-ში, ევროკავშირში, ისრაელსა და სხვა ქვეყნებში ტერორისტულად აღიარებული პალესტინური დაჯგუფება „ისლამური ჯიჰადი“ 7 ოქტომბერს შეუერთდა „ჰამასის“ თავდასხმას, თუმცა გაზეთის პუბლიკაციაში ის არ არის ნახსენები.

შეიხის თქმით, ის შიშობს, რომ საომარი მოქმედებების ხანგრძლივი შეწყვეტა თუ ვერ მოხერხდა, ამან შესაძლოა მთელი რეგიონის დესტაბილიზაცია გამოიწვიოს. გარდა ამისა, პრემიერ-მინისტრის სიტყვებით, ღაზის ხანგრძლივმა დაბომბვამ და ალყამ შეიძლება ახალგაზრდა არაბების რადიკალიზაცია მოახდინოს.

ნოემბრის შუა რიცხვებში „ჰამასის“ ხელმძღვანელობამ აღიარა, რომ არ იცის 50 მძევლის ზუსტი ადგილმდებარეობა. ჯიჰადისტებმა ასევე დაკარგეს კონტაქტი სხვა დაჯგუფებებთან, რომელთა ხელშიც არიან ტყვეები. Axios-ის ცნობით, „ჰამასს“ ღაზის სექტორში 180-მდე ადამიანი ჰყავს მძევლად აყვანილი, ისლამურ ჯიჰადს – 40, ხოლო სხვა პალესტინურ დაჯგუფებებს – 20.

ღაზის სექტორში ცეცხლის დროებითი შეწყვეტა 24 ნოემბრიდან არის ძალაში. ამ ხნის განმავლობაში „ჰამასმა“ სამ ეტაპად გაათავისუფლა მთლიანობაში 58 ადამიანი – 40 ისრაელელი და 18 უცხოელი. თავის მხრივ, ისრაელმა ციხეებიდან გაათავისუფლა 117 პალესტინელი – ქალები და მოზარდები.
მედიის ცნობით, „ჰამასმა“ კვირას საღამოს ისრაელს გადასცა 11 ადამიანისგან შემდგარი სია. ისრაელის მხარემ დაადასტურა მისი მიღება და მას „პრობლემური“ უწოდა, მაგრამ დეტალებს არ ასახელებენ.

ოთხ დღეში პალესტინურმა დაჯგუფებამ მთლიანობაში 150 პატიმრის სანაცვლოდ 50 მძევალი უნდა გაათავისუფლოს.
თავდაპირველი შეთანხმება 4 დღეს მოიცავდა და ქალების, ბავშვების გათავისუფლებას, ასევე, დროებით ცეცხლის შეწყვეტას გულისხმობდა – ის კატარის შუამავლობით შედგა.
ამასთან ისრაელი და „ჰამასი“ დღეს გასათავისუფლებელი მძევლებისა და პატიმრების სიებთან დაკავშირებით უკმაყოფილებას გამოთქვამენ, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც მედიასაშუალებას ანონიმურად ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა განუცხადა, კატარელი შუამავლები მუშაობენ მხარეებთან სიებთან დაკავშირებული პრობლემის მოსაგვარებლად, ასევე მძევლებისა და პატიმრების გათავისუფლების პროცესში შეფერხებების თავიდან ასაცილებლად.

დღეს, დილით ისრაელის ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ „ჰამასმა“ გადასცა 11 მძევლის სია, რომელთა გათავისუფლებასაც დაჯგუფება დღეს გეგმავს. ისრაელის მთავრობა აცხადებს, რომ ამჟამად სიას სწავლობენ უსაფრთხოების სამსახურები.

ამასთან, მხარეები ზავის გაგრძელებას არ გამორიცხავენ. ცეცხლის შეწყვეტის თითოეული დღის სანაცვლოდ, ისრაელი „ჰამასისგან“ 10 მძევლის გათავისუფლებას ითხოვს. თითოეული გათავისუფლებული ისრაელელი მძევლის ნაცვლად, ისრაელის ხელისუფლება სამ პალესტინელ პატიმარს ათავისუფლებს.

ისრაელის მთავრობის მონაცემებით, ღაზაში ტყვეობაში ამ დრომდე რჩება 7 ოქტომბერს გატაცებული 184 ადამიანი, მათ შორის 14 უცხო ქვეყნის მოქალაქე და 80 ორმაგი მოქალაქეობის მქონე ისრაელელი.

ცნობისთვის „ჰამასი“ ღაზაში ზავის გაგრძელების პირობებს ასახელებს. ლიბანში „ჰამასის“ წარმომადგენელმა, უსამა ჰამდანმა განაცხადა, რომ ღაზაში ზავი ყოველი 10 ახალი პატიმრის გათავისუფლებისთვის ერთი დღით გახანგრძლივდება.

„ჩვენ ვეცდებით ზავის გახანგრძლივებას და გადაწყვეტილება, გაგრძელდეს თუ არა ზავი, პატიმართა არსებული რაოდენობის მიხედვით იქნება მიღებული“, – განაცხადა „ჰამასის“ წარმომადგენელმა.

უსამა ჰამდანის თქმით, პატიმართა რაოდენობა, შესაძლოა, დღეს გახდეს ცნობილი.

მსგავსი პოსტები

Back to top button