ისრაელსა და ირანს შორის კონფლიქტის გამო, საქართველოს აეროპორტებიდან 19 რეისი გაუქმდა

ისრაელსა და ირანს შორის გამწვავებული კონფლიქტის გამო, საქართველოს აეროპორტებიდან დღეს, 14 ივნისს 19 რეისი გაუქმდა.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან გაუქმდა 15 ავიარეისი, მათ შორის – აბუ-დაბის, შარჟის, ერბილის, დელის, დუბაისა და თელ-ავივის მიმართულებით.
4 რეისი გაუქმდა ბათუმის აეროპორტიდან, მათ შორის 2 ისრაელის, ერთი ირანისა და ერთი არაბთა გაერთიანებული საამიროების მიმართულებით.
ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ ახლო აღმოსავლეთში შექმნილი ვითარების გამო მგზავრებს მიმართავს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ 14 და 15 ივნისს თბილისი–თელ ავივი–თბილისის მიმართულებით რეისები გაუქმებულია.
„ჯორჯიან ეარვეისში“ აცხადებენ, რომ მგზავრებს, რომლებმაც აღნიშნულ რეისებზე ბილეთი შეიძინეს, მისი გადაცვლის ან თანხის დაბრუნების შესაძლებლობა ექნებათ.
„გაცნობებთ, რომ 14 და 15 ივნისს თბილისი–თელ ავივი–თბილისის მიმართულებით დაგეგმილი რეისები ახლო აღმოსავლეთში შექმნილი ვითარების გამო გაუქმებულია. მგზავრებს, ვინც უკვე შეიძინა ბილეთები აღნიშნულ რეისებზე, ვთავაზობთ ბილეთის გადაცვლის ან თანხის დაბრუნების შესაძლებლობას. ბილეთის გადაცვლა ან თანხის დაბრუნება შესაძლებელია ბილეთის შეძენის ადგილას“, – ნათქვამია „ჯორჯიან ეარვეისის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
13 ივნისს ისრაელმა ირანზე მასშტაბური იერიში მიიტანა და ბირთვულ სამიზნზეებს დაარტყა. იერიშის დაწყებისთანავე ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ქვეყანაში “განსაკუთრებული საგანგებო მდგომარეობა” გამოაცხადა.
ოპერაციის დაწყების შესახებ პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა და თქვა, რომ ისრაელმა დაიწყო ოპერაცია – “აღმავალი ლომი”, რომელიც მისი თქმით, “გაგრძელდება იქამდე, ვიდრე საჭირო იქნება”.
ირანმა ისრაელში საპასუხო 2-ფაზიანი იერიშის მიიტანა და ისრაელის მიმართულებით ჯამში დაახლოებით 150 ბალისტიკური რაკეტა ისროლა. IDF-ის თანახმად, 150-დან 9 რაკეტა ჩამოავარდა, რის შედეგადაც დაშავდა 15 ადამიანი.
იერიშის დაწყებიდან მალევე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა წინასწარ იცოდა ისრაელის გეგმების შესახებ, თუმცა აღნიშნა, რომ აშშ-ის სამხედროებს ოპერაციაში მონაწილეობა არ მიუღიათ.