ისტორიულ ჰერეთში სულიერი წინამძღვრის დაბრუნებას ითხოვენ

თბილისში, აზერბაიჯანის საელჩოსთან, დღეს კახის რაიონის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრის, არქიმანდრიტ დემეტრეს (თეთრუაშვილი) მხარდასაჭერად აქცია ჩატარდება. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.

არქიმანდრიტ დემეტრეს მხარდასაჭერად “ფეისბუქზე” გვერდია შექმნილია – “არქიმანდრიტ დემეტრეს მხარდამჭერთა საზოგადოება.

საზოგადოებისადმი მიმართვაში აღნიშნულია, რომ აქცია მშვიდობიანია და მისი მიზანია არქიმანდრიტმა დემეტრემ შეძლოს ისტორიულ ჰერეთში მოღვაწეობის გაგრძელება.

“აქციის მსვლელობის დროს, ჩვენი მთავარი მოთხოვნა იქნება: საქართველოს და აზერბაიჯანის მთავრობების თანამეგობრობის ნიშნად, არქიმანდრიტი დემეტრე დაშვებულ იქნეს ისტორიულ ჰერეთში, სადაც კვლავ შეძლებს მოღვაწეობის გაგრძელებას. ხაზს ვუსვამ, საქართველოს და აზერბაიჯანის სახელმწიფოების თანამეგობრობის ნიშნად, უკიდურეს შემთხვევაში მამა დემეტრეს მიანიჭონ ორმაგი მოქალაქეობა, რათა კვლავ შეძლოს მოღვაწეობა ისტორიულ ჰერეთში და არ დარჩნენ საზღვარს მიღმა მცხოვრები მართლმადიდებლები სულიერი წინამძღვრის გარეშე. შემოგვიერთდით ყველა, ვისაც გული შესტკივა ზემოთ აღნიშნულ ფაქტზე და სურს აზერბაიჯანში მცხოვრები ქართველების (ჰერელების) დახმარება”, _ აღნიშნულია მიმართვაში.

21 ივნისს აზერბაიჯანის რესპუბლიკის კახის რაიონში მოქმედი წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარს მამა დემეტრეს (თეთრუაშვილი), საქართველოდან აზერბაიჯანში დაბრუნებისას, “ლაგოდეხი-ბელაქანის” სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე აზერბაიჯანის სასაზღვრო სამსახურმა ქვეყანაში შესვლის უფლება არ მისცა.

მსგავსი პოსტები

Back to top button