იტალიაში მყოფმა არალეგალებმა შესაძლოა, ლეგალიზება მიიღონ
მარტში იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ იტალია ყველა არალეგალს, რომლებიც პანდემიის დროს მათ გვერდით დადგნენ და არ მიატოვეს, ისევე დააფასებს, როგორც საკუთარ მოქალაქეებს. რეგულაციების კანონპროექტის მიხედვით, არალეგალებისთვის ლეგალიზაციის დეკრეტი გამოვა.
იტალიის პრემიერ-მინისტრ კონტესა და ლიბერალურ-დემოკრატიული ძალების მცდელობას, რომ ასიათასობით არალეგალმა ემიგრანტმა (მათ შორის, ქართველებმა) ქვეყანაში ლეგალურად იცხოვრონ, ყველანაირად ეწინააღმდეგება ულტრამემარჯვენე პარტია „ლეგა ნორდის“ წარმომადგენელი მატეო სალვინი.
“ლეგალიზაციის კანონი ასეულათასობით არალეგალი ემიგრანტისთვის, შეურაცხყოფა იქნება იმ 5 მილიონი უკვე ლეგალიზებული ემიგრანტისთვის, რომლებიც ცხოვრობენ იტალიაში, 2 მილიონი უმუშევარი იტალიელისთვის, რომლებიც სამუშაოს ეძებენ და 200 ათასი სეზონურად მომუშავე მიგრანტისთვის, რომლებიც საზღვრების გახსნას ელიან და საბუთები წესრიგში აქვთ”. – აცხადებს იტალიის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი და იქვე ამბობს:
“მხოლოდ ლეგალიზაციის შესახებ სავარაუდო კანონის გამოსვლის ცნობამ გამოიწვია ის, რომ შარშანდელთან შედარებით, 400%-ით გაიზარდა იტალიაში მიგრაციის მსურველთა რაოდენობა. თუ მთავრობა გააგრძელებს იგივე ხაზს, მზად ვართ, მილიონობით იტალიელის ხელმოწერა შევაგროვოთ, რათა შევაჩეროთ ეს სირცხვილი”.
გავრცელებული ინფორმაციით, წინააღმდეგიბის მიუხედავად, დეკრეტი მაინც გამოვა და იტალიაში მცხოვრები არალეგალი ემიგრანტების ლეგალიზება მოხდება.