იუსტიციის სამინისტრომ აამოქმედა „უცხოური ინტერესების გამტარებელთა რეესტრის“ ვებგვერდი
საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ განაახლა რეესტრების ვებგვერდები. განახლებულ ვებსაიტზე გამოჩნდა „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელთა რეესტრიც“ (ე.წ. აგენტების რეესტრი), რომლის შექმნაც „აგენტების კანონით“ იყო გათვალისწინებული.
რეესტრში საიდენტიფიკაციო ნომრითა და სახელით იქნება შესაძლებელი იმ არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების მოძებნა, რომლებსაც საქართველოს პარტნიორი ქვეყნებიდან მიღებული დაფინანსების გამო „უცხოური ინტერესების გამტარებელთა რეესტრში“ დარეგისტრირება კანონით ევალებათ.ცნობილია, რომ ონლაინმედიები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები არ აპირებენ დარეგისტრირდნენ ე.წ. აგენტების რეესტრში და რუსული კანონის მიღების შემდეგ მათ დაუმორჩილებლობა გამოაცხადეს. რუსული კანონი სამი – პრეზიდენტის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დეპუტატების – სარჩელებითაა გასაჩივრებული საკონსტიტუციო სასამართლოში.
ამ დროის [5 აგვისტო, 12:30 საათი] მონაცემებით, ამ რეესტრში ჯერ არცერთი ორგანიზაცია არ ჩანს. საჯარო რეესტრის “ცხელ ხაზზე” ამბობენ, რომ კანონი სულ რამდენიმე დღეა ამოქმედდა, ორგანიზაციები კი ამ ბაზაში რეგისტრაციის გავლის შემდეგ გამოჩნდებიან.
1 აგვისტოს გამოქვეყნდა იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის ბრძანება, რომლითაც დამტკიცდა „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ“ ორგანიზაციათა რეესტრის წარმოების, საფინანსო დეკლარაციის წარდგენისა და მონიტორინგის წესები. “თუ ორგანიზაცია არ შეასრულებს კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ანუ არ დაემორჩილება საქართველოს კანონმდებლობას, ასევე კანონში არის გაწერილი, იცით თქვენ კარგად შესაბამისი პასუხისმგებლობა, რაც გულისხმობს 25 ათასი ლარით დაჯარიმებას”, – თქვა მინისტრმა.
საერთაშორისო პარტნიორების მოწოდების მიუხედავად, საქართველოს პარლამენტმა 28 მაისს დაძლია პრეზიდენტის ვეტო „აგენტების კანონზე“. ეს კანონი უცხოური გავლენის ინტერესების გამტარებლად აცხადებს ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაციას, რომლებიც ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორებისგან იღებენ დაფინანსებას.
კანონის მიღების შემდეგ, საქართველოს დახმარების ნაწილი უკვე შეუწყვიტა ევროკავშირმა, აშშ-მა კი განუსაზღვრელი ვადით გადადო სამხედრო სწავლება. „აგენტების კანონის“ გასაუქმებლად საკონსტიტუციო სასამართლოში სამი სარჩელია შესული: ერთი პრეზიდენტის, მეორე იმ არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების, რომლებსაც ეს კანონი ეხებათ, მესამე კი ოპოზიციური პარტიების.
ის, რომ უცხო სახელმწიფოს ზოგიერთი საელჩო აფინანსებს რადიკალურ ოპოზიციას და ასევე ენჯეოსექტორს წინასაარჩევნოდ, ეს არის პირდაპირი მტკიცებულება იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი არიან დაინტერესებულები რადიკალური ოპოზიციის მიერ რადიკალურ პროცესებში, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული სახელმწიფოების მხრიდან არჩევნებზე და არჩევნების შემდეგ განცხადებები ვერ გაკეთდება, რადგან არავინ დაიჯერებს, რომ ისინი არიან ობიექტური შემფასებლები.
„როდესაც წინასაარჩევნოდ აფინანსებ კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას და ენჯეოსექტორს, რომელიც ასევე არის პოლიტიკური ოპოზიცია, რა თქმა უნდა, შენ ობიექტური ვეღარ იქნები არჩევნების შემდეგ შეფასებისას. გამომდინარე აქედან, ბუნებრივად, ჩვენ ვეუბნებით საზოგადოებას, რომ დავიმახსოვროთ ეს ორგანიზაციები, დონორი ორგანიზაციები და საელჩოები, ქვეყნები. მათი განცხადებები იქნება უკვე ნულოვანი ნდობის ხარისხით აღჭურვილი ქართველი ხალხის თვალში“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.