მნიშვნელოვანისიახლეები

ივანიშვილის დავალებებს თეთრი ხელთათმანებით ვერ გავაკეთებდი- გოგაშვილი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი, სოსო გოგაშვილი ციხიდან მორიგ წერილს ავრცელებს და ამბობს, რომ თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში, “ბიძინა ივანიშვილი მოითხოვდა, ყველანაირი დავალება შეესრულებინა”.

ვინც მე მაკრიტიკებთ, თუ სად ვიყავი აქამდე, გაიარეთ იმ გზის ნახევარი იმ გარემოცვაში, რაც მე მოვახერხე და ისე დამამუნათეთ, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე, დაკავებული სოსო გოგაშვილის მიმართვაშია ნათქვამი.
მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც უკანონო დავალებები გახშირდა, გადაწყვიტა, სამსახურიდან წასვლის ნაცვლად, დარჩენილიყო და “სისტემის მხილებისთვის მტკიცებულებები შეეგროვებინა”.
როგორც გოგაშვილი აცხადებს, ახლა დროის კარგვის ნაცვლად სჯობს, „ეს ბინძური სისტემა დაამათავრონ, მის დასჯას კი ყოველთვის მოასწრებენ“.
„დანიშვნის შემდეგ, როდესაც გახშირდა უკანონო დავალებები, მივხვდი, თუ რა სისტემაში აღმოვჩნდი, ამიტომ დავდექი არჩევანის წინაშე. ბიძინა ივანიშვილი მოითხოვდა, შემესრულებინა ყველანაირი დავალება და ამას თეთრი ხელთათმანებით ვერ გავაკეთებდი. მქონდა სამი არჩევანი:

1. სამსახურიდან წამოსვლა,

2. ყველაფერზე ხელის მოწერა და ჩაყოლა,

3. დარჩენა, ყველა მტკიცებულების მოგროვება და სისტემის მხილება, რომელიც, ხვდებით რომ ავირჩიე და ამიტომ ვზივარ აქ.

ამასთნ საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს დირექტორის მოადგილე, გიორგი ონიანი “გოგაშვილის ფაილებთან” დაკავშირებით პროკურატურაში გასაუბრებაზე დაიბარეს.

საქმე სოსო გოგაშვილის მიერ არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის მიწოდებულ მასალებს ეხება, რომლითაც მმართველი პარტიის მიერ არჩევნების გაყალბება დასტურდება. NGO-ებმა მასალები გადაამოწმეს და დაასკვნეს, რომ “კვლევის საფუძველზე გამოიკვეთა მმართველი პარტიის სასარგებლოდ არაკანონიერი გზებით ამომრჩევლის ხმების მობილიზების მასშტაბური სქემა, რომლითაც მაღალი ალბათობით დასტურდება სახელმწიფო უწყებების, მათ შორის სამართალდამცავი ორგანოები, საარჩევნო და პარტიული მიზნებით გამოყენება”.

გიორგი ონიანის თქმით, პროკურატურაში სამშაბათს უნდა გამოცხადდეს. როგორც ამბობს, გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის მზად არის.

“ის მასალა იმ დოკუმენტებთან ერთად, რომელიც მოგვაწოდა მამხილებელმა, გადავეცით პროკურატურას. ამასთან დაკავშირებით მთხოვეს გასაუბრებაზე მისვლა პროკურატურაში. როგორც გვითხრეს, ამის საფუძველზე მიიღებენ გადაწყვეტილებას გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით. ჩვენ, ბუნებრივია, ყველა მასალა წარვუდგინეთ, ყველანაირად ვეთანამშრომლებით, იმიტომ, რომ ეს ის საკითხია, რომელმაც ბოლო უნდა მოუღოს ამ ქვეყანაში არჩევნების გარშემო მიმდინარე მანიპულაციებს”. – ამბობს გიორგი ონიანი.

კვლევა TI-იმ სამართლიან არჩევნებთან ერთად გამოაქვეყნა. ორგანიზაციის დირექტორის, ნინო დოლიძის თქმით, პროკურატურა მასაც დაუკავშირდა, თუმცა, საქართველოში არ იყო. ის კვლავ ელოდება ზარს საგამოძიებო ორგანოდან.
“ჩვენ, ცხადია, მზად ვართ, რაც წარვადგინეთ, იმასთან დაკავშირებით ვისაუბროთ. ახლა ჯერი პროკურატურაზეა, მათ უნდა გამოიძიონ სავარაუდო დანაშაულის შემთხვევები”. – ამბობს ნინო დოლიძე.

იმ შემთხვევაში, თუ პროკურატურა გამოძიებას დაიწყებს, გამოკითხვაზე მისვლა მოუწევთ ქართული ოცნების ხელისუფლების მოქმედ და ყოფილ წარმომადგენლებს, მათ შორის, ქართული ოცნების თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს; ქართული ოცნების რეგიონალურ მდივანს, დიმიტრი სამხერიძეს; იუსტიციის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, გიორგი პატარიძეს; საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილეს, ალექსანდრე ხოჯევანიშვილს.

შეგახსენებთ, სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი 16 ივლისს, მისივე სახლში ჩატარებული რამდენიმესაათიანი სპეცოპერაციის შემდეგ დააკავეს და ე.წ. მოდულის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. მას ბრალი ოფიციალურად 17 ივლისს წარუდგინეს.

18 ივლისს, სოსო გოგაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

პროკურატურის ცნობით, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე ბრალდებულია სსკ-ის სამი მუხლით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით (მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.), 157-ე მუხლის მე-4 ნაწილით (პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გავრცელება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით) და 236 მუხლის მე-3 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.
დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში მას 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

მსგავსი პოსტები

Back to top button