ივანიშვილის გუნდის წევრი ირაკლი ღარიბაშვილი “ქართულ ოცნებიდან” და პოლიტიკიდან მიდის

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკიდან მიდის, შესაბამისად ტოვებს პარტიის თავმჯდომარის თანამდებობას. ამის შესახებ მან პარტიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, მის მომავალ პოლიტიკურ საქმიანობასთან დაკავშირებით “სპეკულაციები არ წყდება” და განცხადებასაც ამ მიზნით აკეთებს.
ღარიბაშვილის თქმით, “მისია შეასრულა” და მის თავს ვერც ქართული ოცნების თავმჯდომარის პოსტზე და ვერც პოლიტიკაში ვეღარ ხედავს.
„დღეს მინდა გაგაცნოთ პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილება. ბოლო რამდენიმე კვირაა არ წყდება სპეკულაციები ჩემს მომავალ პოლიტიკურ საქმიანობასთან დაკავშირებით. შესაბამისად, საზოგადოების წინაშე თავს ვალდებულად მივიჩნევ არსებულ შეკითხვებს გავცე ამომწურავი პასუხები. დღემდე თითოეული ის ნაბიჯი, რომელიც პოლიტიკურ ცხოვრებაში გადამიდგამს, კონკრეტულ მიზანს ეფუძნებოდა – ჩვენი ქვეყნისა და ხალხის მსახურებას და ჩვენი სახელმწიფოს გაძლიერებას. შესაბამისად, ჩემი მთავარი მოტივაციაც, როგორც ამ ქვეყნის ერთ-ერთი პატრიოტის, ყოველთვის იყო სამშობლოს სიყვარული და აქედან გამომდინარე, ჩემი გულწრფელი და ძლიერი სურვილი, რომ ერთი მყარი აგური მეც დამედო ჩვენი ქვეყნის გასაძლიერებლად“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვილი „ქართული ოცნების“ საქმიანობაში პარტიის დაფუძნებიდან, 2012 წლიდან იყო ჩართული და ორჯერ იკავებდა როგორც პრემიერ-მინისტრის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოსტებს.
„დღეს „ქართული ოცნება“ საბოლოოდ ჩამოყალიბდა ერთიან და ძლიერ პოლიტიკურ ძალად და, ბუნებრივია, ამაში განსაკუთრებული როლი აქვს ჩვენი პარტიის დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს, რომელიც არის ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის გარანტი. მან ყველაზე კრიტიკულ მომენტში შეძლო გუნდის კონსოლიდაცია, შეინარჩუნა ერთიანობა, მისი ლიდერობით კი „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყანასა და საზოგადოებას უდიდესი საფრთხეები ააცილა და, ამავდროულად, მოუტანა ხელშესახები პროგრესი და განვითარება ყველა სფეროში, ყველა მიმართულებით.
ამ ფონზე მიმაჩნია, რომ ის საპატიო მისია, რომელიც მე თავის დროზე, პოლიტიკაში დაბრუნებისას ჯერ თავდაცვის მინისტრად და შემდეგ უკვე მეორედ პრემიერ-მინისტრად დანიშვნით და ბოლოს უკვე პარტიის თავმჯდომარედ არჩევით დამეკისრა ჩვენი პარტიის დამფუძნებლის და გუნდის მხრიდან, შეიძლება ითქვას, რომ უკვე შევასრულე. ახლა ვეღარ ვხედავ პარტიის თავმჯდომარედ და, ზოგადად, პოლიტიკაში დარჩენის საჭიროებას. სწორედ ამიტომ, მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოსტი და პოლიტიკიდან გავიდე, საკუთარი ქვეყნის სამსახური კი სხვა პოზიციიდან განვაგრძო“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
“ვრჩები როგორც ბატონი ბიძინა ივანიშვილის გუნდის, ისე ჩვენი ქვეყნის ერთგულ ჯარისკაცად”, – თქვა ღარიბაშვილმა.
როგორც ხშირად, ისე ამჯერადაც, ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა ბიძინა ივანიშვილს, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს:
„რა თქმა უნდა, მე კვლავაც 2012 წლის 1 ოქტომბრის გამარჯვების მთავარი მონაპოვრის, იდეალების, ღირებულებების და პრინციპების ერთგული ვარ, რომელსაც მთელი ჩემი პოლიტიკური საქმიანობა უკავშირდება. შესაბამისად, ვრჩები როგორც ბატონი ბიძინა ივანიშვილის გუნდის, ისე ჩვენი ქვეყნის ერთგულ ჯარისკაცად. მსურს, ჩემი გულწრფელი მადლიერება გამოვხატო ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიმართ, რომელმაც მომცა უნიკალური შესაძლებლობა, ქვეყნის უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობებიდან მემსახურა საქართველოსთვის“.
ირაკლი ღარიბაშვილმა თავის განცხადებაში მადლობა გადაუხადა ასევე პარტიის მხარდამჭერებს, საჯარო მოხელეებს, თუმცა არ ახსენა ირაკლი კობახიძე, რომელიც „ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრია.
„მადლობა „ქართული ოცნების“ თითოეულ წევრს, მომხრეებს, მხარდამჭერებს – იმ უზარმაზარ არმიას, ვისთან ერთადაც ამდენი გამარჯვება ვიზეიმეთ. მე მადლობას ვეუბნები საჯარო მოხელეებს და განსაკუთრებული მადლობა ჩვენს ხალხს“, – თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.
რატომ არ ახსენა ღარიბაშვილმა კობახიძე? – ამ საკითხზე მას კითხვა „TV პირველის“ ჟურნალისტმა დაუსვა.
„ჩვენს გუნდში ძალიან ბევრი ლიდერია. ჩემს განცხადებაში არ ჩავთვალე საჭიროდ, რომ ჩამომეთვალა ყველა ეს ლიდერი… რატომ ფიქრობთ, რომ უნდა ჩამომეთვალა თითოეული მათგანი?! ეს არის დამაკნინებელი კითხვები, თქვენ ეჭვქვეშ აყენებთ პრემიერ-მინისტრის მუშაობას. მინდა გითხრათ, პრემიერ-მინისტრის საქმიანობა, პირველ რიგში, უნდა შეაფასოს ხალხმა“, – თქვა ღარიბაშვილმა კობახიძის შესახებ დასმული კითხვების პასუხად.
მას კიდევ ერთი კითხვა პოლიტიკაში დაბრუნებაზე დაუსვეს, რაზეც თქვა, რომ „გამორიცხული არაფერი არ არის“, თუმცა „სისულელე“ უწოდა ოპოზიციური პარტიის შექმნას.
ირაკლი ღარიბაშვილი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ორჯერ იკავებდა პრემიერ-მინისტრის თანამდებობას, იყო შს მინისტრი, თავდაცვის მინისტრი. ბოლო პერიოდში კი, პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ, იკავებდა პარტიის თავმჯდომარის თანამდებობას.
იმის მიუხედავად, რომ ბოლო პერიოდში გადადგმული ნაბიჯების გამო საქართველოს პარტნიორმა ქვეყნებმა „ქართული ოცნების“ არაერთი ლიდერს დაუწესეს სანქციები, ირაკლი ღარიბაშვილი მათ შორის არ არის.
უფრო კონკრეტულად, 2012-2013 წლებში ის იყო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, 2013 წლის 20 ნოემბერს პირველ ჯერზე დაინიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრად. ამ პოსტს 2015 წლის 30 დეკემბრამდე იკავებდა. ასევე, 2013-2015 წლებში იყო პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე. ასევე საქართველოს თავდაცვის მინისტრი 2019 წლის 8 სექტემბრიდან 2021 წლის 22 თებერვლამდე. პრემიერ-მინისტრად ის მეორედ, 2021 წლის 22 თებერვალს დაინიშნა და ამ პოსტს 2024 წლის 29 იანვრამდე იკავებდა. ამავე წლის 1 თებერვალს კი ღარიბაშვილი „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარედ აირჩიეს.