საქართველო და უკრაინა ნატოს 2024 წლის ჩანაწერში აღარ მოხვდა
ნატოს გაფართოებას კატეგორიულად ეწინააღმდეგება რუსეთი, რომელმაც 2022 წლის თებერვალში უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის ერთ-ერთ საბაბად სწორედ ეს დაასახელა

ბრიუსელში გამოქვეყნდა ნატოს გენერალური მდივნის ტრადიციული ყოველწლიური ანგარიში, რომელიც ეხება ალიანსის 2024 წლის საქმიანობას და პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთობებს.
რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი უკრაინის და საქართველოს კონტექსტში ყურადღებას ამახვილებს განსხვავებაზე 2023 წლის ანგარიშთან შედარებით.
იოზვიაკის ცნობით, გამოქვეყნდა ალიანსის გენერალური მდივნის ყოველწლიური ანგარიში, სადაც 2023 წლისგან განსხვავებით, ვეღარ მოხვდა ჩანაწერი:
“ნატომ დღეს გამოაქვეყნა 2024 წლის ყოველწლიური ანგარიში.
რა აკლია 2023 წლის ანგარიშთან შედარებით?
“უკრაინის მომავალი ნატოშია და ალიანსი მხარს დაუჭერს უკრაინას მომავალი წევრობისკენ მიმავალ გზაზე“.
„მოკავშირეები კვლავ ერთგულნი რჩებიან საქართველოს ნატოში საბოლოო წევრობის მხარდაჭერის მიმართ“. წერს იოზვიაკი.
2023 წლის ანგარიშში ნათქვამი იყო, რომ უკრაინის მომავალი ნატოშია და ჩრდილოატლანტიკური ალიანსი უკრაინას მხარს უჭერს მომავალი წევრობის გზაზე. საქართველოს შესახებ ეწერა, რომ მოკავშირეები კვლავ მხარს უჭერენ ნატოში საქართველოს შესაძლო გაწევრებას.
2024 წლის ანგარიშში ისევ საუბარია უკრაინის მხარდაჭერის და საქართველოსთან თანამშრომლობის საკითხებზე, თუმცა, ეს ფორმულირებები აღარ არის.
ნატოს გაფართოებას კატეგორიულად ეწინააღმდეგება რუსეთი, რომელმაც 2022 წლის თებერვალში უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის ერთ-ერთ საბაბად სწორედ ეს დაასახელა.
მოკავშირეები პარტნიორ ქვეყნებთან აქტიურად თანამშრომლობენ, მათ შორის უკრაინასა და საქართველოსთან ურთიერთობებისთვის ნატო-მ სპეციალური სტრუქტურები შექმნა, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივნის ყოველწლიურ ანგარიშშია ნათქვამი.
„ევროატლანტიკურ რეგიონში მოკავშირეები აქტიურად თანამშრომლობენ 16 პარტნიორ ქვეყანასთან როგორც ორმხრივად, ასევე ევროატლანტიკური პარტნიორობის საბჭოსა და „პარტნიორობა მშვიდობისთვის“ პროგრამის მეშვეობით. აღნიშნულ პარტნიორებს შორის, ნატო-მ უკრაინასა და საქართველოსთან ურთიერთობებისთვის სპეციალური სტრუქტურები შექმნა”, – წერს ნატო-ს გენერალური მდივანი, მარკ რუტე 2024 წლის ანგარიშში.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ სამხრეთ კავკასიაში ალიანსი ჩართულობას თბილისში მდებარე ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის მხარდაჭერით აგრძელებს.
“ასევე, ნატო-სა და საქართველოს შორის პრაქტიკული თანამშრომლობა გაგრძელდა, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს უსაფრთხოებისა და თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებასა და ალიანსთან თავსებადობის გაზრდას”, – აღნიშნულია ანგარიშში.
ამასთან, ნატო-ს გენერალური მდივნის 2024 წლის ანგარიშში აღარ არის ჩანაწერი, რომ საქართველო და უკრაინა ნატო-ს წევრები გახდებიან.
“ვილნიუსის სამიტის დეკლარაციაში მოკავშირეებმა განაცხადეს, რომ უკრაინის მომავალი ნატო-შია და ალიანსი მომავალი წევრობის გზაზე უკრაინას მხარს დაუჭერს. ვილნიუსის სამიტის დეკლარაციამ დაადასტურა, რომ მოკავშირეები საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მიმართ კვლავ ერთგულნი რჩებიან“, – აღნიშნული ჩანაწერი ნატო-ს გენერალური მდივნის 2023 წლის ყოველწლიურ ანგარიშში იყო დაფიქსირებული.
რუსეთთან ომში მყოფი უკრაინა აცხადებს, რომ ალიანსში აუცილებლად უნდა მიიღონ. ამას ეწინააღმდეგება ნატოს წევრი აშშ და ევროპის არაერთი სახელმწიფო.
„ქართული ოცნების” მთავრობა, რომელსაც დასავლეთთან ურთიერთობა უკიდურესად გაუარესებული აქვს, ნატოს წევრობის საკითხზე საჯაროდ პრაქტიკულად, აღარ საუბრობს.
ნატომ 2008 წელს, ბუქარესტის სამიტზე მიიღო გადაწყვეტილება, რომ სტანდარტების დაკმაყოფილების შემდეგ საქართველო და უკრაინა ნატოს წევრები გახდებიან.