“ჯალათი”, “ჩონჩორიკს უნდა ხვეტავდეთ” – ოპოზიცია გახარიას
ოპოზიციამ პარლამენტში მისულ გიორგი გახარიას 20 ივნისის სისხლიანი ღამე გაახსენა. „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ბოკუჩავამ პრემიერ-მინისტრს “ჯალათი” უწოდა.
“გიორგი გახარია არის ჯალათი, „ქართული ოცნების“ მმართველობის ყველაზე სისხლიანი დღეების შემოქმედი და რაც არ უნდა ეცადოთ, რომ ამოეფაროთ თეთრ ხალათს, სისხლიან ხელებს ვერ დამალავთ”. – თქვა დეპჯუტატმა სიტყვით გამოსვლისას.
დეპუტატის თქმით, ხელისუფლება მწვავე კრიზის ფონზე, ძვირადღირებული ნივთების შეძენით და კორუფციითაა დაკავებული.
„ბატონო გახარია, კორონავირუსის პირველი შემთხვევიდან გავიდა სამი თვე და დღემდე საქართველოს არც ერთ მოქალაქეს 1 თეთრის დახმარებაც არ მიუღია. ეს არის ის ფუნდამენტური კითხვა, რომელსაც უნდა უპასუხოთ. იცით, რომ ეპიდემიას მოსახლეობას მხოლოდ 5 პროცენტი შეხვდა დანაზოგით? 10-დან 7 ეპიდგამოწვევას საბანკო ვალით შეხვდა. რატომ გათვალეთ თქვენი ანტიკრიზისული გეგმა მოსახლეობის დაახლოებით 10%-ზე, მაშინ, როდესაც 90%-ის უდიდეს ნაწილიც ასევე სიღარიბეშია. რატომ თქვით უარი ჩვენს შემოთავაზებაზე, რომ 5 ათასამდე თანამოქალაქე დაბრუნებულიყო სამშობლოში სრულიად უფასოდ? რატომ არ გაეცით განკარგულება ეპიდემიის დროს ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებაზე? ნორმალურად მიგაჩნიათ ის, რომ ასეთი კრიზისის დროსაც კი, ღარიბაშვილი ასიათასობით ლარს ძვირადღირებულ საათებში ხარჯავს, გომელაური 2 მილიონზე მეტს ავეჯში, ასევე კორუმპირებული კალაძე გადათხრილი გზების თავიდან გადათხრაში ხარჯავს 600 ათას ლარს.
“გასაგებია, რომ დღეს აქ პერსონალურად ცდილობთ პოლიტიკური ქულები ჩაიწეროთ ექიმების ხარჯზე, რომლებიც ხშირად ხელფასებასაც ვერ იღებენ. თავმომწონედ პოზირებთ, თითქოს დაგვავიწყდა, რომ თქვენთვის ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ჩალის ფასი აქვს და რომ თქვენი მოტიკ-ტოკე ბატონის გადასარჩენად, მზად ხართ, ადამიანებს ცხოველებისთვის განკუთვნილი ტყვიები სახეში დაუშინოთ. გიორგი გახარია არის ჯალათი, გიორგი გახარია არის “ქართული ოცნების“ მმართველობის ყველაზე სისხლიანი დღეების შემოქმედი. რაც არ უნდა ეცადოთ დღეს, რომ ამოეფაროთ თეთრ ხალათს, რომ მოქალაქეების უდიდესი თვითშეგნების ხარჯზე თქვენ მიიწეროთ ქულები, თქვენს სისხლიან ხელებს ვერ დამალავთ“. – განაცხადა ბოკუჩავამ.
“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, ხათუნა გოგორიშვილის განცხადებით, პრემიერმა სიტყვით გამოსვლის დროს რამდენჯერმე იცრუა.
დეპუტატის თქმით, ტყუილია, რომ არც ერთ ადამიანს არ დაუტოვებია საკარანტინო სივრცე სწრაფი ტესტის ჩატარების გარეშე.
“როდესაც თქვენ თქვენთვის საყვარელ სწრაფი ტესტების თემაზე საუბრობდით, ბრძანეთ, რომ არც ერთ ადამიანს არ დაუტოვებია საკარანტინო სივრცე ტესტის გაკეთების გარეშე. არადა მახსოვს, რომ ბათუმში ახალგაზრდა მომღერალი ბიჭი იხვეწებოდა ტესტი ჩამიტარეთ, ისე არ გამიშვათო. აჭარის ჯანდაცვის მინისტრთან ნაცნობობით, მან მოახერხა ტესტის ჩატარება და კორონავირუსი დაუდგინდა.
“მოვიძიე ინფორმაცია, ბატონო გიორგი და თქვენ რომ ამბობთ, არც ერთი ადამიანი არ გასულა საკარანტინე სივრციდან ტესტის გარეშეო, შეგახსენებთ, რომ პირველი საკარანტინე ზონა 2 მარტს არის შექმნილი საქართველოში. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ 6 მაისს დააანონსა ახალი აქტივობა ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან, რომ 11 მაისიდან არც ერთი ადამიანი არ დატოვებს საკარანტინო ზონას ისე, რომ სწრაფი ტესტი არ ჩაუტარდეს. ეს ისე, ცნობისთვის, რომ იცოდეთ, აი, ამ ტრიბუნაზე რომ დგახართ, როგორ არასწორ ინფორმაციას აწოდებთ პარლამენტს და საზოგადოებას“. – განაცხადა ხათუნა გოგორიშვილმა.
“ახლა რომ დავუბრუნდეთ თქვენი საყვარელი სწრაფი ტესტების თემას, თუ შეიძლება რომ მითხრათ, მე მესმის, რომ როცა ტესტების ჩამოსვლას ელოდებით, მაშინ საჭირო იყო, როცა აღმოჩნდა პრობლემა, მერე აღარ იყო საჭირო, მაგრამ მაინტერესებს კონკრეტულად თქვენი დამოკიდებულება ერთი კონკრეტული საკითხისადმი – რა მოხდა ამ სწრაფ ტესტებთან დაკავშირებით? საერთოდ გამოიკვლიეთ, გამოიძიეთ? ვინმეზე რამე პასუხისმგებლობის ფორმა იქნა თუ არა გამოყენებული? ეს ხელშეკრულებები რომ ჯერ ზარზეიმით მოგვაწოდა ჯანდაცვის მინისტრმა და გვახარა, რომ ძალიან დიდხანს ფიქრის და ბჭობის შემდეგ რომ შეირჩა პარტნიორი და მერე რომ აღმოჩნდა, რომ თურმე არ ვარგობა ეს ტესტები, საერთოდ რამე რეაგირება იყო ამაზე? გასაგებია, რომ შეიძლება საჯაროდ ასე არ თქვით, მაგრამ ის კონკრეტული კომპანია, ის კონკრეტული თანამშრომელი, პასუხისმგებელი პირი… რამენაირად ვართ დაზღვეულები, რომ სხვა დროსაც, სხვა შემთხვევაშიც, ანალოგიურ “გაუგებრობასთან” არ გვექნება კავშირი?” – მიმართა გოგორიშვილმა გახარიას.
“ჩამოთვალეთ ან დაასახელეთ მსოფლიოს ერთი ქვეყანა მაინც, გარდა საქართველოსი, რომელმაც კორონავირუსის პანდემიის პერიოდში საკუთარ მოქალაქეებს არ გაუწია არც ერთი თეთრი ფულადი დახმარება, არც ერთი ცენტი. ერთი ქვეყანა დაასახელეთ, რომელია ასეთი?”- ასე დაიწყო საკუთარი გამოსვლა ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ.
რომან გოცირიძის თქმით, კოვიდ ფონდში აკუმულირებულია საკმაოდ სოლიდური თანხა, რისი დახარჯვაც მთავრობას დღესვე შეუძლია.
“თქვენი გამოსვლიდან გავიგე საოცარი რამ. წერილი მოგწერეთ მე თქვენ და მაინტერესებდა კოვიდ ფონდის ხარჯვის შესახებ. რატომაა ეს ფონდი გაუმჭირვალე, რაში ხარჯავთ. 133 მლნ. ლარია ამ ფონდში დღეს აკუმულირებული და ჯერ პასუხი არ მიგვიღია. თურმე, ახლა გავიგე, რომ ეს ფონდი ყოფილა სარეზერვო. ბატონ ბიძინას მადლობას გაუდახადეთ, მისი 100 მლნ. ლარიცაა აქ და ამას გამოიყენებთ მერე. სარეზერვოდ გამოიყენეთ ის ფული, რომელიც მერე შემოვა საერთაშორისო ორგანიზაციებიდან და ეს ფული, რომელიც დევს, დახარჯეთ ახლა. თქვენივე არასწორი სქემით, როდესაც 300 ლარს აძლევთ თვითდასაქმებულებს, თან ნახევარზე მეტს არ აძლევს. ეს ფული რომ გამოიყენოთ, 443 ათას თვითდასაქმებულს შეგიძლიათ მისცეთ 300 ლარიანი დახმარება. რატომ არ აკეთებთ ამას? ალბათ იმიტომ, რომ რადგან იქ ივანიშვილის ფული დევს, ელოდებით ნებართვას და შეიძლება ისეთი რამ განმეორდეს, რაც წინა პერიოდში მოხდა, როცა მან გაიღო 80 მლნ. მხარდაჭერისთვის სტიქიის დროს და მერე მოვიდა ხელისუფლებაში და ეს 80 მლნ. დაიბრუნა უკან”. – განაცხადა რომან გოცირიძემ.
საპარლამენტო ოპოზიციის წევრი ნატო ჩხეიძე მოქმედ ხელისუფლებას მწვავედ აკრიტიკებს და აცხადებს: “ცხენების ჩონჩორიკს რომ უნდა ხვეტავდნენ, ისინი ქვეყანას მართავენ… ” (ციტატა რობერტ ბერნსის ლექსიდან).
ჩხეიძე დარწმუნებულია, რომ დარბაზიდან გასვლამდე, პრემიერი ოპოზიციას ისევ მასკარადის დადგმაში დაადანაშაულებს.
“სად ვითვალოთ თქვენი წერტილები ბატონო გიორგი? თქვენი მთავრობის მუშაობის შემხედვარეს, აუცილებლად გაახსენდება ბერნსის ლექსიდან ფრაზა: “ცხენების ჩონჩორიკს რომ უნდა ხვეტავდნენ, ისინი ქვეყანას მართავენ ამ ძნელბედობის ჟამს”. – ძნელბედობის ჟამია ახლა და თქვენი წერტილები ვერაფერში დაეხმარება მოსახლეობას. – თქვა ნატო ჩხეიძემ.
“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია დაინტერესდა, როდის იტყუებოდა ხელისუფლება, – როცა ამბობს, რომ პოლიტპატიმრები არ ჰყავს, თუ როცა აშშ-ს აღიარებით ჩვენებას აძლევს?
ამასთან, ბოკერია დაინტერესდა, რატომ არ გამოფინა ხელისუფლებამ დროშები დამოუკიდებლობის დღეს:
“ეროვნული დროშების ჩამოკიდება რატომ იყო ბატონო პრემიერო პრობლემა ქალაქში ამ დღის აღსანიშნავად? რა პრობლემასთან გვქონდა საქმე, რა შუაშია აქ პანდემია?!
“პრემიერმა ბევრ ისეთ თვითქებასთან და ოპოზიციის კრიტიკასთან ერთად, რომელსაც არანაირად არ ვეთანხმები, თქვა ისიც, რასაც ვეთანხმები. საერთო ჯამში, ქვეყანას მთლიანად შეგვაფასებენ ყველგან და საზოგადოებრივ თანხმობას აქვს მნიშვნელობა. ამაზე მაქვს კითხვა: პანდემიის გარდა, ერთ-ერთი დიდი პრობლემა პოლიტიკური კრიზისია, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არის. ჩვენ მიგვაჩნია, რომ პოლიტპატიმრები იყვნენ, ერთი პოლიტიკური პატიმარი ისევ ციხეშია, თქვენ მათ პოლიტპატიმრებად არ აფასებთ, იძახით, რომ შეთანხმება არ ყოფილა. მინდა უბრალოდ გვითხრათ, რატომ არ გაქვთ ინტერესი, რომ ეს ფურცელი დაიხუროს?” – მიმართა დეპუტატმა პრემიერს.
პარლამენტში მისულ გახარიას ბოკერიამ პირდაპირ უთხრა, რომ მას აქვს ნანახი წერილი, რომელიც ხელისუფლების ლობისტებმა ამერიკელ პარტნიორებს მიწერეს.
“ვნახე, თქვენი ლობისტების მიერ მიწერილი წერილი აშშ-ში ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან. ჯერ ერთი, მინდა გკითხოთ, ვინ გირჩიათ, მთავრობის მაგივრად, ლობისტი მიმართავდეს წერილით პარტნიორებს? ეს ითვლება სამარცხვინოდ და ავტორიტარული რეჟიმებისთვის დამახასიათებელ ამბად. ლობისტმა შეიძლება, გირჩიოს, როგორ ილაპარაკო, რა სტრატეგია გქონდეს, მაგრამ წერილებს წერს მთავრობა. მაგრამ ეს წერილი, რომელსაც მთავრობის ლოგო აქვს ქვემოთ, იწყება ასე: „რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გადადგა პოლიტიკური შეთანხმების შესრულების მიმართულებით და შეიწყალა ორი პატიმარი“. აქ აღიარებითი ჩვენება გაქვთ, თან ამას აღიარებთ და თან ბოლო პოლიტაპატიმრის, რომელსაც თქვენ პოლიტპატიმრად არ თვლით, გამოშვება არ გინდათ და გინდათ კრიზისი შეინარჩუნოთ. ამიხსენით როდის იტყუებოდით. ამ წერილის დროს? ახლა? გუშინწინ? ერთი პოლიტპატიმრის შემთხვევაში თუ მეორესი? რურუას თუ სხვების შემთხვევაში?”, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.