მნიშვნელოვანისიახლეები

ჯანმრთელობის რთული მდგომარეობის გამო საქართველოს გენერალური პროკურორი თანამდებობიდან გადადგა

შოთაძე 2020 წლის 18 თებერვალს აირჩიეს საქართველოს გენერალურ პროკურორად

საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე თანამდებობიდან გადადგა.

მისი თქმით, ურთულესი გადაწყვეტილების მიღება, ექიმების რეკომენდაციების გათვალისწინებით უწევს. როგორც შოთაძემ აღნიშნა, მკურნალობის პროცესი სავარაუდოდ რამოდენიმე თვე გაგრძელდება და უკვე კვირაზე მეტია ამ მიზნით საზღვარგარეთ იმყოფება. მისივე თქმით, პარლამენტს თანამდებობიდან გადადგომის განცხადებით უკვე მიმართა.

ირაკლი შოთაძის განცხადებას სოციალურ ქსელში საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

“მივიღე გადაწყვეტილება გართულებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, დავტოვო საქართველოს გენერალური პროკურორის თანამდებობა. ჩემთვის ურთულესი გადაწყვეტილების მიღება, ექიმების რეკომენდაციების გათვალისწინებით მიწევს. მკურნალობის პროცესი სავარაუდოდ რამოდენიმე თვე გაგრძელდება და უკვე კვირაზე მეტია ამ მიზნით საზღვარგარეთ ვიმყოფები. შესაბამისად, არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლებელია გავაგრძელო გენერალური პროკურორის უფლებამოსილების განხორციელება. სწორედ ამიტომ უკვე მივმართე საქართველოს პარლამენტს თანამდებობიდან გადადგომის განცხადებით.

მეხუთე წელი მიდის, რაც საქართველოს გენერალური პროკურორის თანამდებობა მიკავია, ხოლო ზოგადად საჯარო სამსახურში 2005 წლიდან ვმუშაობ. ჩემთვის უდიდესი პატივია ჩემი ქვეყნის სამსახურში ყოფნა და ვამაყობ იმ წვლილით, რაც ჩემს კოლეგებთან ერთად ამ წლების განმავლობაში შევიტანეთ პროკურატურის რეფორმირებასა და განვითარებაში, დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში და სისხლის სამართლის პოლიტიკის მოდიფიცირებაში. განსაკუთრებით აღსანიშნავია რეფორმების კუთხით პროკურატურის ინსტიტუციონალური დამოუკიდებლობის გაძლიერება, რის შედეგადაც საქართველოს პროკურატურა იუსტიციის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებიდან გარდაიქმნა დამოუკიდებელ ინსტიტუციად. შეიქმნა საპროკურორო საბჭო, რომელიც ირჩევს გენერალური პროკურორობის კანდიდატებს, ასევე იბარებს გენერალური პროკურორის საქმიანობის ანგარიშს. ეს ანგარიშები ყველასთვის ხელმისაწვდომია, ამდენად ნებისმიერ დაინტერესებულ მოქალაქეს აქვს დეტალური ინფორმაცია პროკურატურის საქმიანობის შესახებ, რაც მნიშვნელოვნად წინ გადადგმული ნაბიჯია ინსტიტუციის გამჭვირვალობის კუთხით.

ცალკე აღნიშვნის ღირსია ცალკეული დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით გატარებული რეფორმები, კონკრეტულად კი პროკურორების და გამომძიებლების სპეციალიზაცია. სწორედ სპეციალიზაცია გახდა მნიშვნელოვანი წარმატების წინაპირობა მთელი რიგი დანაშაულების წინააღმდეგ ეფექტიანად ბრძოლაში, მაგალითად ტრანსნაციონალური დანაშაულის, კიბერდანაშაულის, ქალთა მიმართ და სექსუალური ძალადობის, ფულის გათეთრების, ორგანიზებული დანაშაულის და ა.შ. მნიშვნელოვანია, რომ ტრანსნაციონალური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში გვაქვს ხელშესახები შედეგები, რასაც მოწმობს ევროჯასტის ფარგლებში, სხვადასხვა ევროკავშირის ქვეყნებთან ერთად თბილისში ჩატარებული არაერთი წარმატებული ოპერაცია, რაც არაერთხელ გახდა ევროჯასტის მხრიდან განსაკუთრებული აღნიშვნის და შექების საგანი.

რა თქმა უნდა, ეს შედეგები და მიღწევები რომლებზეც კიდევ ბევრი შემიძლია ვისაუბრო და რომლებიც დეტალურად არის ასახული ჩემს ანგარიშებში არ იქნებოდა, რომ არა პროკურატურის თითოეული თანამშრომლის თავდაუზოგავი შრომა, პროფესიონალიზმი და ყოველდღიური თავდადება. დიდი მადლობა მათ ამ მონდომებისთვის, გვერდში დგომისთვის. მადლობა ჩემს კოლეგებს არაერთი წარმატებული პროექტისთვის და საერთაშორისო ასპარეზზე აღიარებისთვის.

დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს პროკურატურის თითოეული თანამშრომელი თავდაუზოგავად გააგრძელებს წარმატებულ საქმიანობას პროკურატურის კიდევ უფრო მეტად განვითარებისთვის და გაძლიერებისთვის, ჩვენს ქვეყანაში კანონის უზენაესობის განმტკიცებისთვის”, – წერია ირაკლი შოთაძის განცხადებაში.

ირაკლი შოთაძე გენერალური პროკურორის პოსტს ორჯერ იკავებდა.

პირველად ის გენერალური პროკურორი 2015 წელს გახდა, 2018 წლის 31 მაისს კი გადადგა მას შემდეგ, რაც ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენს საპროტესტო აქციები მოჰყვა. სასამართლოს გადაწყვეტილებით გაურკვეველი დარჩა, ვინ მოკლა არასრულწლოვანი დავით სარალიძე, მაშინ, როცა პროკურატურას კონკრეტული ბრალდებული ჰყავდა.

შოთაძის გადადგომიდან მის ხელახლა დანიშვნამდე, 2018-2020 წლებში, გენერალური პროკურორის პოსტი ივანიშვილის ყოფილმა პირადმა ადვოკატმა შალვა თადუმაძემ დაიკავა. 2020 წელს ის ჯერ უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ დანიშნეს, შემდეგ კი უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის პალატის თავმჯდომარე გახდა.

შოთაძე მეორედ გენერალური პროკურორის პოსტზე 2020 წლის 18 თებერვალს აირჩია პარლამენტმა, 82 ხმით არცერთის წინააღმდეგ.

ირაკლი შოთაძე გენერალურ პროკურორად დანიშვნამდე, 2013-2015 წლებში, გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე იყო – ამ დროს გენერალური პროკურორის პოსტს ოთარ ფარცხალაძე იკავებდა. ოთარ ფარცხალაძე 2023 წლის შემოდგომაზე ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდანაა სანქცირებული, როგორც “ქართველ-რუსი ოლიგარქი. ვაშინგტონის მტკიცებით, რუსეთის ФСБ მას ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე გავლენის მოსახდენად იყენებდა.

2015 წელს პარლამენტარებთან საუბრისას, შოთაძემ ფარცხალაძის შესახებ დასმული კითხვის პასუხად თქვა: „ოთარი ჩემი მეგობარია და, შესაბამისად, შეფასებისგან თავს შევიკავებ“. იქვე უარყო მედიაში გავრცელებული ცნობები, რომ იგი „ფარცხალაძის კადრი“ იყო. ფარცხალაძე და შოთაძე გენერალურ პროკურატურამდე ერთად მუშაობდნენ ფინანსურ პოლიციაშიც.

2022 წელს ირაკლი შოთაძის წინააღმდეგ სანქციების დაწესების მოთხოვნით საერთაშორისო პარტნიორებს მიმართა პარტია “დროას” ლიდერმა ელენე ხოშტარიამ. ის თვლიდა, რომ შოთაძე კვლავ ფარცხალაძის ინტერესების გამტარი იყო გენერალურ პროკურატურაში და თავის დაქვემდებარებულ პირებთან ერთად ხელს უწყობდა საქართველოში ოლიგარქიული სისტემის არსებობას.

“ირაკლი შოთაძე თავადაც არ უარყოფს, რომ ანაკლიის პორტის საქმეზე ესწრებოდა ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრში მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის შეხვედრას – პირდაპირ იყო ჩართული გარჩევებში. ის პირდაპირ კურირებს ყველა პოლიტიკურ საქმეს და [ირაკლი ღარიბაშვილის] არ იყოს, ‘ორჯერ თქმა არ სჭირდება'”, – ამბობდა მაშინ ელენე ხოშტარია. შოთაძესთან ერთად ის კიდევ ოთხი სხვა პროკურორის სანქცირების საჭიროებაზე აკეთებდა აქცენტს.

ირაკლი შოთაძის ოფიციალური ბიოგრაფია ასეთია:

2005 წელს დაამთავრა თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტი.
2019 წლის მარტიდან მუშაობდა „სილქნეტის“ იურიდიულ კონსულტანტად. მისი ქონებრივი დეკლარაციების მიხედვით, ამავე კომპანიაში მუშაობს იურისტად მისი მეუღლე ნინო გოტიაშვილი.
2018 წლის ნოემბრიდან არის ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტის მიწვეული ასოცირებული პროფესორი.
2015-2018 წლებში იყო საქართველოს მთავარი პროკურორი.
2013-2015 წლებში მუშაობდა მთავარი პროკურორის პირველ მოადგილედ. [ოთარ ფარცხალაძე მისი ხელმძღვანელი იყო 2013 წლის 7 ნოემბრიდან 30 დეკემბრამდე.] 2010-2013 წლებში მუშაობდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში სხვადასხვა პოზიციაზე.
2009-2010 წლებში იყო საქართველოს ფინანსთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროებში მთავარი პროკურატურის გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაზე სისხლისსამართლებრივი დევნის დეპარტამენტის გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველოს პროკურორი.
2006-2009 წლებში იყო თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორი.
2006 წელს რამდენიმე თვის განმავლობაში იყო საქართველოს გენერალური პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურებში, საგარეო დაზვერვის სპეციალურ სამსახურში, თავდაცვისა და იუსტიციის სამინისტროებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის სტაჟიორი.
2006 წელს იყო გენერალური პროკურატურის საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტის სპეციალისტი.
ფლობს ქართულ, ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებს. ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.

შოთაძის ბოლო წლებში შევსებულ ქონებრივ დეკლარაციებში არ გვხვდება ჩანაწერი სამედიცინო მომსახურების ხარჯებზე – ბოლო დეკლარაცია, რომელიც 2023 წლის შემოსავლებს და ხარჯებს მოიცავს, მას 2024 წლის 30 აპრილს აქვს შევსებული და ამ დოკუმენტში ოჯახის წინა წლის ხარჯებიდან მხოლოდ შვილების სწავლის საფასური (ორი ბავშვისთვის 6 300 ევრო) და წავკისის სახლის სარემონტო სამუშაოების (135 000 $, ავეჯისა და ტექნიკის 43 000 ლარი) ხარჯებია მითითებული.
უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში – დაუყოვნებლივ გენერალური პროკურორობის კანდიდატების შესარჩევად საპროკურორო საბჭო იწყებს ერთთვიან კონსულტაციებს აკადემიურ წრეებთან, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან და სამართლის დარგის სპეციალისტებთან. კონსულტაციების შედეგად საპროკურორო საბჭო შეარჩევს გენერალური პროკურორობის არანაკლებ 3 კანდიდატს, რომელთა ერთი მესამედი მაინც განსხვავებული სქესის უნდა იყოს.

გენერალური პროკურორობის კანდიდატებს საპროკურორო საბჭოს სხდომაზე ცალ-ცალკე ეყრებათ კენჭი. კენჭისყრა ფარულია. არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს მეტ ხმას, მაგრამ არანაკლებ საპროკურორო საბჭოს სრული შემადგენლობის ორი მესამედისა. თუ ორმა ან მეტმა კანდიდატმა ხმების თანაბარი რაოდენობა მიიღო, გადამწყვეტია საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარის ხმა. თუ ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო ხმების საჭირო რაოდენობა, არჩევნების მეორე ტურში კენჭი ეყრება საუკეთესო შედეგის მქონე 2 კანდიდატს. თუ ამჯერადაც ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო საპროკურორო საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის მხარდაჭერა, საპროკურორო საბჭო 1 კვირის ვადაში, ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი წესით შეარჩევს სხვა კანდიდატებს.

საპროკურორო საბჭო შერჩეულ კანდიდატს შესაბამისი დასაბუთებით წარუდგენს საქართველოს პარლამენტს. თუ წარდგენილმა კანდიდატმა ვერ მიიღო საქართველოს პარლამენტის წევრთა ხმათა საჭირო რაოდენობა, საპროკურორო საბჭო ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი წესით შეარჩევს სხვა კანდიდატურებს.

გენერალურ პროკურორად შეიძლება არჩეულ იქნეს ნასამართლობის არმქონე, უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე საქართველოს მოქალაქე, რომელიც ზნეობისა და პროფესიული თვისებების გამო სარგებლობს მაღალი ავტორიტეტით და რომელსაც აქვს სისხლის სამართლის საქმეების განმხილველ მოსამართლედ ან პროკურორად ან სისხლის სამართლის საქმეებზე ადვოკატად მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება ან აქვს იურისტის პროფესიით მუშაობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილება და იმავდროულად არის სისხლის სამართლის დარგის აღიარებული სპეციალისტი უმაღლესი აკადემიური წრეებიდან ან სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციიდან.

გენერალური პროკურორის უფლებამოსილების ვადაა 6 წელი. ერთი და იგივე პირი გენერალურ პროკურორად არ შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ ორჯერ.

შეგახსენებთ, ირაკლი შოთაძემ დღეს თანამდებობა დატოვა. გენერალური პროკურორის მოვალეობას მისი პირველი მოადგილე ბაკურ აბულაძე ასრულებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button