მნიშვნელოვანისიახლეები

პრემიერმინისტრი ირწმუნება რომ ერთ-ერთი ევროკომისარი ფიცოს ბედის გაზიარებით დაემუქრა

„ქართული ოცნების“ ნარატივის მიხედვით, არსებობს „გლობალური ომის პარტია“ - რომლებიც გაერთიანებულნი არიან საქართველოს რუსეთთან ომში ჩართვის და საქართველოს ტერიტორიაზე „მეორე ფრონტის“ გახსნის სურვილით. ივანიშვილის თქმით, „მათ საქართველო პირველად რუსეთს 2008 წელს დაუპირისპირეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ ერთ-ერთი ევროკომისარი მას დაემუქრა. მისი განცხადებით, ეს უკავშირდება „აგენტების კანონზე“ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის შემდეგ მოსალოდნელ ზომებს. კობახიძე აღნიშნავს, რომ მას სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს ბედის გაზიარებით დაემუქრნენ. ის არ ასახელებს, რომელ ევროკომისარზეა საუბარი.
ის კვლავ თავს ესხმის უცხოელ პარტნიორებს და ამბობს, რომ ისინი “ღია შანტაჟს არ ერიდებიან”.

„ხანგრძლივი შანტაჟის ფონზეც კი, გამაოგნებელი იყო მუქარა, რომელიც ერთ-ერთ ევროკომისართან სატელეფონო საუბრისას გაჟღერდა. კერძოდ, ჩემთან საუბარში, ევროკომისარმა ჩამოთვალა მთელი რიგი ზომები, რომლებიც დასავლელმა პოლიტიკოსებმა გამჭვირვალობის კანონზე ვეტოს დაძლევის შემდეგ შეიძლება მიიღონ და ამ ზომების ჩამოთვლისას ახსენა – „ხომ ნახეთ ფიცოს რა დაემართა და ძალიან ფრთხილად უნდა იყოთო“.

როდესაც გამჭვირვალობის შესახებ კანონთან დაკავშირებული შანტაჟის კონტექსტში ახსენებენ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს, რომელზეც რამდენიმე დღის წინ ტერორისტული თავდასხმა განხორციელდა და რომელიც ამჟამადაც მკურნალობას გადის, ეს ჩვენთვის უკიდურესად შემაშფოთებელია“, – დაწერა საქართველოს მთავრობის მეთაურმა.

ირაკლი კობახიძე ფიცოზე თავდასხმას „გლობალური ომის პარტიას“ უკავშირებს.

„ხაზს გავუსვამ იმასაც, რომ წინასწარი ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრზე თავდასხმის უკან იკვეთება ერთ-ერთი ქვეყნის სპეცსამსახურის კვალი, რომელიც გლობალურ ომის პარტიასთან განსაკუთრებით მჭიდროდ არის დაკავშირებული.

პრევენციის მიზნით, თავი ვალდებულად მივიჩნიე, ამ მუქარის შესახებ ინფორმაცია ქართული საზოგადოებისთვის მიმეწოდებინა. რობერტ ფიცოს მკვლელობის მცდელობასთან გავლებული პარალელი შეგვახსენებს, რომ გლობალური ომის პარტიის სახით, საქმე გვაქვს უაღრესად საშიშ ძალასთან, რომელიც საქართველოში არეულობის შემოსატანად ყველაფერზეა წამსვლელი“, – აცხადებს კობახიძე. კობახიძე, სავარაუდოდ, უკრაინას გულისხმობს, როდესაც აცხადებს, რომ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრზე თავდასხმაში იკვეთება კვალი ერთ-ერთი ქვეყნის სპეცსამსახურისა, რომელიც განსაკუთრებით მჭიდროდ არის დაკავშირებული „გლობალური ომის პარტიასთან“.
მის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

“საზოგადოება აკვირდება გამჭვირვალობის შესახებ კანონის გარშემო განვითარებულ მოვლენებს და ხედავს, რომ მთელი რიგი მაღალი რანგის უცხოელი პოლიტიკოსები არ ერიდებიან ღია შანტაჟსაც კი ქართველი ხალხის და მის მიერ არჩეული ხელისუფლების წინააღმდეგ. ამგვარ შეურაცხმყოფელ შანტაჟს დიდი ხანია მიჩვეული ვართ და მან საზოგადოებისთვისაც და ხელისუფლებისთვისაც არსებითად უკვე დაკარგა აქტუალობა.

თუმცა, ხანგრძლივი შანტაჟის ფონზეც კი, გამაოგნებელი იყო მუქარა, რომელიც ერთ-ერთ ევროკომისართან სატელეფონო საუბრისას გაჟღერდა. კერძოდ, ჩემთან საუბარში, ევროკომისარმა ჩამოთვალა მთელი რიგი ზომები, რომლებიც დასავლელმა პოლიტიკოსებმა გამჭვირვალობის კანონზე ვეტოს დაძლევის შემდეგ შეიძლება მიიღონ და ამ ზომების ჩამოთვლისას ახსენა – „ხომ ნახეთ ფიცოს რა დაემართა და ძალიან ფრთხილად უნდა იყოთო“.

როდესაც გამჭვირვალობის შესახებ კანონთან დაკავშირებული შანტაჟის კონტექსტში ახსენებენ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს, რომელზეც რამდენიმე დღის წინ ტერორისტული თავდასხმა განხორციელდა და რომელიც ამჟამადაც მკურნალობას გადის, ეს ჩვენთვის უკიდურესად შემაშფოთებელია. ხაზს გავუსვამ იმასაც, რომ წინასწარი ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრზე თავდასხმის უკან იკვეთება ერთ-ერთი ქვეყნის სპეცსამსახურის კვალი, რომელიც გლობალურ ომის პარტიასთან განსაკუთრებით მჭიდროდ არის დაკავშირებული.

პრევენციის მიზნით, თავი ვალდებულად მივიჩნიე, ამ მუქარის შესახებ ინფორმაცია ქართული საზოგადოებისთვის მიმეწოდებინა. რობერტ ფიცოს მკვლელობის მცდელობასთან გავლებული პარალელი შეგვახსენებს, რომ გლობალური ომის პარტიის სახით, საქმე გვაქვს უაღრესად საშიშ ძალასთან, რომელიც საქართველოში არეულობის შემოსატანად ყველაფერზეა წამსვლელი.
დარწმუნებული ვარ, მათ გეგმებს არც ამჯერად უწერია წარმატება და საქართველო აუცილებლად შეინარჩუნებს მშვიდობას და პოლიტიკურ სტაბილურობას, რაც ქვეყნის განვითარების აუცილებელი პირობაა.” ნათქვამია ირაკლი კობახიძის განცხადებაში.

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრზე თავდასხმის შემდეგ, სოციალური ქსელების რუსულ სეგმენტში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ფიცოს მკვლელობის მცდელობაში უკრაინიდან ლტოლვილი მონაწილეობდა. თუმცა ეს ყალბი ცნობა სლოვაკეთის პოლიციამ უარყო. რუსეთის სახელმწიფო დუმაში ასევე განაცხადეს, რომ „სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის სიცოცხლის მოსპობის მცდელობის უკან შესაძლოა, უკრაინის სპეცსამსახურები დგანან.“

„ქართული ოცნების“ ნარატივის მიხედვით, არსებობს „გლობალური ომის პარტია“ – ე.ი. ძალები, რომლებიც გაერთიანებულნი არიან საქართველოს რუსეთთან ომში ჩართვის და საქართველოს ტერიტორიაზე „მეორე ფრონტის“ გახსნის სურვილით. მმართველი პარტიის დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის თქმით, „მათ საქართველო პირველად რუსეთს 2008 წელს დაუპირისპირეს, 2014 და 2022 წლებში კი უკრაინა კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩააყენეს.“ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ამ ძალებს აქვთ საკვანძო გავლენა როგორც ევროკავშირზე, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებზე, რაც ძალიან სამწუხაროა.“

15 მაისს სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავიდან 180 კილომეტრში მდებარე სოფელ ჰანდლოვაში მთავრობის გასვლითი სხდომის დასრულების შემდეგ რობერტ ფიცო მივიდა ხალხთან, რომელიც მთავრობის მეთაურს ესალმებოდა. პრემიერს ამ დროს ესროლეს.

ფიცოზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი, სხვადასხვა წყაროს თანახმად, არის იურაი ცინტულა, სლოვაკი მწერალი და პოეტი, 71 წლის, რომელიც თავდასხმის იარაღს კანონიერად ფლობდა. თვითმხილველის თანახმად, თავდამსხმელმა პრემიერს დაუძახა და ის მისკენ, სავარაუდოდ, ხელის ჩამოსართმევად გაემართა, როცა გაისმა სროლის ხმა. ეჭვმიტანილი უშუალოდ თავდასხმის შემდეგ დააკავეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button