რეგიონი

ჯაშუშობისთვის დაკავებულს სოხუმში წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის “სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის” თანამშრომლების მიერ რამდენიმე დღის წინ აფხაზურ საბაჟოზე დაკავებულ საქართველოს მოქალაქე ქრისტინე თაკალანძეს, სოხუმში
ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

ფაქტს ადასტურებს ახალგაზრდა ქალის ნათესავი ხ.თაკალანძე.

“ვიწვით ქრისტინეს და მისი მამის საცოდაობით.
მამას გულის ოპერაცია გაუკეთდა ორი თვეა და გადაყვება ალბათ ამ ამბავს.

ადვოკატი გუშინ აიყვანეს. ხო ყველამ ფული შეკრიბა ისე მთელმა სოფელმა.

ისე ცუდად არ ექცეოდნენო, მე იმედს ვიტოვებ რომ გაირკვევა ყველაფერი.”,უთხრა ქრისტინეს მამის ბიძაშვილმა რადიო თბილისს.

ამ წუთებში კი
მასთან ადვოკატი იმყოფება.

სასამართლო პროცესზე თაკალანძემ თქვა, რომ ის ჯაშუში არ არის და ჯაშუშობითვის განკუთვნილი არც ის ერთადერთი ფოტო ყოფილა, რომელიც აფხაზმა ე.წ. სამართალდამცველებმა მის ტელეფონში იპოვეს.

აფხაზური მხარე კი ამტკიცებს, რომ ფოტოზე რუსული საგუშაგო ჩანდა, თაკალანძემ კი ის ქართულ დაზვერვას გადაუგზავნა, რის შემდეგაც ის უკვე აფხაზური ე.წ. მილიციის ხელში მოხვდა.

ცნობილია, რომ სწორედ ეს მტკიცებულება წარადგინეს ე.წ. სამხედრო პროკურატურამ და რუსეთის ფსბ-ს თანამშრომლებმა.

ამ საქმეში მოწმეები არიან რუსული ფბს-ს, ასევე საგუშაგოს სამი თანამშრომელი, ორი პოლკოვნიკი და მაიორი. ცნობილია, რომ მტკიცებულებებს ერთვის აფხაზური მილიციის მტკიცებით
ამოღებული მეხსიერების ბარათი, მოდემი, ტელეფონი, ლეპტოპი,რომელიც მისი საცხოვრებელი სახლიდან ამოიღეს.

ზუგდიდში დაბადებულ და გალის რაიონის სოფელ ნაბაკევში მცხოვრები ახალგაზრდა ქალს “ჯაშუშობას” ედავებიან.

ე.წ. უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 24 წლის თაკალანძე “უცხოური დაზვერვის” დავალებით, სპეცსამსახურების ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებდა.

“მისი მიზანი იყო საქართველოს სპეცსამსახურების დავალებით, სახელმწიფო, სამხედრო და სხვა საიდუმლო ინფორმაციის შეგროვება, მათი შემდგომი გამოყენების შესაძლებლობის შესაქმნელად, საგარეო უსაფრთხოების, კონსტიტუციური წესრიგისა და აფხაზეთის რესპუბლიკის სუვერენიტეტის საზიანოდ”, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დე ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქის დაკავებას ეხმაურება. უწყების განცხადებით აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ქრისტინე თაკალანძე უკანონოდ დააკავეს.

თაკალანძეს მოგვიანებით დრანდის ციხეში გადაიყვანენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button