ავსტრალიაში დააკავეს ორი პირი, რომელთაც, არსებული ინფორმაციით, ბრიტანელი მოგზაურის, კაპიტან ჯეიმს კუკის ძეგლი დააზიანეს. ამის შესახებ Reuters-ი ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით წერს.
სამართალდამცველების ინფორმაციით, მათ ქვეყნის ყველაზე დიდ ქალაქში, სიდნეიში, ჰაიდ-პარკში განთავსებულ ძეგლზე შუაღამისას წარწერები დატოვეს.
პოლიციელების განცხადებით, მიაკვლიეს ორ ქალს, რომელთაც ჩანთაში შესაღები სპრეის ქილები უპოვეს. მათ სახელმწიფო ქონების დაზიანებას ედავებიან.
ბოლო რამდენიმე დღეა, მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში აზაინებენ ან აგდებენ იმ ადამიანთა ძეგლებს, რომელთაც ანტირასისტული დემონსტრაციების მონაწილეები რასისტებად მიიჩნევენ. 11 ივნისს აშშ-ში, მასაჩუსეტსის შტატის ქალაქ ბოსტონში ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის გამო მიმდინარე საპროტესტო აქციების მონაწილეებმა ქრისტეფორე კოლუმბის ძეგლს თავი მოაჭრეს. 10 ივნისს ვირჯინიის შტატის ქალაქ რიჩმონდში საპროტესტო აქციების მონაწილეებმა ქრისტეფორე კოლუმბის ძეგლი ჩამოაგდეს, აშშ-ის დროშაში გაახვიეს, დაწვეს, შემდეგ კი ტბაში გადაადგეს. ბელგიის ქალაქ ანტვერპენში რასიზმთან ბრძოლის ფარგლებში მეფე ლეოპოლდ II-ის ძეგლი მოხსნეს.
აშშ-ში ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას საპროტესტო აქციები მოჰყვა. 28 მაისს საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მინეაპოლისის პოლიციის შენობა დაიკავეს და ცეცხლი წაუკიდეს. 30 მაისს ფლოიდის საქმეზე დაკავებულ ყოფილ პოლიციელს ბრალი წინასწარი განზრახვის გარეშე მკვლელობის მუხლით წაუყენეს. საპროტესტო აქციების გამო 25-ზე მეტ ქალაქში კომენდანტის საათი გამოცხადდა. 2 ივნისს დამოუკიდებელმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ფლოიდის გარდაცვალების მიზეზი ასფიქსია გახდა.