ჯერ-ჯერობით ცნობილი არ არის ვინ გახდა საგარეჯოს დეპუტატი

წინასწარი შედეგებით, მაჟორიტარი კანდიდატი ხიდაშელისა და ინაშვილს შორის ხმათა მცირე უპირატესობით გამოვლინდება,

საგარეჯოს მე 11 საარჩევნო ოლქის 40 მდე უბანზე ხმები უკვე დათვლილია.

პატრიოტთა ალიანსში აცხადებენ, რომ 18 უბნის მონაცემებით, მათი კანდიდატი ლიდერობს, თუმცა სახელისუფლო კანდიდატის თამარ ხიდაშელის შტაბი საპირისპირო ინფორმაციას ავრცელებს – იუწყება “კახეთის ხმა” საგარეჯოდან.

ცესკოს მონაცემებით, ამ დრომდე ხმის დათვლის პროცესი არ დასრულებულა.

„უბნებს შორის  ხმათა იმდენად მცირე განსხვავებაა, ვიდრე ბოლო უბანს არ დავითვლით, რთულია,  ვისაუბროთ ვინმეს გამარჯვებაზე. ზოგ უბანზე ინაშვილია წინ, ზოგან ხიდაშელი. შესაძლოა არჩევნების ბედი ერთმა კანდიდატმა გადაწყვიტოს.“- განუცხადა knews.ge – ს  ინფორმირებულმა წყარომ.

დღეს მთელი დღის განმავლობაში დაძაბულობა იყო საგარეჯოს საარჩევნო უბნებში, სადაც რამდენიმე ინციდენტიც მოხდა.

საგარეჯოს რაიონის სოფელ იორმუღანლოს N42 საარჩევნო უბანზე მომხდარ ინციდენტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რომელიც გულისხმობს ცემას ან სხვაგვარ ძალადობას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ასოციდან ას ოთხმოც საათამდე ანდა გამასწორებელი სამუშაოთი ვადით თხუთმეტ თვემდე.
შეგახსენებთ, რომ ირმა ინაშვლის აქტიური მხარდამჭერს და „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთ ლიდერს, თარხან გასვიანს საგარეჯოს სოფელ იორმუღანლოს N 42 საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები და მოჭიდავეები ფიზიკურად გაუსწორდნენ. გასვიანის ადვოკატმა ნონა ფილაურმა knews.ge-ს განუცხადა, რომ ცემის ორგანიზატორი სახელისუფლო მაჟორიტარი დეპურტატობის კანდიდატის, თამარ ხიდაშელის მეუღლე, გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე, ბესარიონ აბაშიძე იყო.

,,ქართული ოცნების” საგარეჯოს მაჟორიტარობის კანდიდატი თამარ ხიდაშელი არ ფლობს ინფორმაციას ინციდენტზე, რომელშიც ,,პატრიოტთა ალიანსის” მტკიცებით, მისი მეუღლე ბესარიონ აბაშიძე მონაწილეობდა.

საგარეჯოს N11 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მანანა ბარიხაშვილის ინფორმაციით, შუალედურ არჩევნებში მონაწილეობა მოსახლეობის 35%-მა მიიღო.

ბარიხაშვილისვე განცხადებით, ამომრჩევლების 44%-ს ქალები შეადგენენ. ,,საგარეჯოში სულ რეგისტრირებული იყო 15 867 ამომრჩეველი, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფუნქციონირებდა 50 საარჩევნო უბანი. ამ დროისათვის ჩვენთან შემოსულია 6 საჩივარი, რომელიც პროცედურულ დარღვევებს ეხება”, – აცხადებს მანანა ბარიხაშვილი.
ამ დროისათვის საარჩევნო უბნები დახურულია და მიმდინარეობს ხმების დათვლა.

შუალედურ არჩევნებეზე გამოვლენილ ხარვეზებზე მიუთითებს “სამართლიანი არჩევნები”, რომლსაც საგარეჯოს საარჩევნო ოლქში  25 დამკვირვებელი ჰყავს მივლენილი. საზოგადოებრივი აზრის შედეგების გამოქვეყნების წესის დარღვევა, არაუფლებამოსილი პირების ყოფნა საარჩევნო უბანზე, ამომრჩეველთა სიასთან დაკავშირებული ხარვეზები, არაუფლებამოსილი პირების ყოფნა საარჩევნო უბანზე, საკონტროლო ფურცელთან დაკავშირებული ხარვეზი – ეს იმ დარღვევების ნუსხაა, რომელიც “სამართლიანმა არჩევნებმა” გამოავლინა.

მსგავსი პოსტები

Back to top button