მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ჯინ შაჰინი კოლეგებს მოუწოდებს მხარი დაუჭირონ „MEGOBARI Act“ რომელიც სანქციების დაწესებას მოიცავს „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ

ამერიკელი სენატორი, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი დემოკრატიული პარტიიდან, ჯინ შაჰინი კოლეგებს მოუწოდებს, შეუერთდნენ და მხარი დაუჭირონ „MEGOBARI Act“, – საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც სანქციების დაწესებასა და არაერთ ნაბიჯს მოიცავს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წინააღმდეგ.

„დემონსტრანტები აგრძელებენ დემოკრატიისა და საქართველოს ევროპული მომავლისათვის მშვიდობიან აქციებს“, – განაცხადა სენატორმა შაჰინმა 25 მარტს. მის სიტყვებს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი ავრცელებს პლატფორმა X-ზე.

„მე ვდგავარ ქართველი ხალხის გვერდით და მოვუწოდებ ჩემს კოლეგებს, შემომიერთდნენ და მხარი დაუჭირონ მეგობარი აქტს“, – აცხადებს იგი. სენატს „MEGOBARI აქტის“ განხილვა ორ დღეში, 27 მარტს აქვს დაგეგმილი.

კანონპროექტის განხილვა 11 მარტს იგეგმებოდა, თუმცა სენატის საგარეო კომიტეტში გადაიდო მოსმენა, სადაც ეს საკითხი უნდა განეხილათ. 2025 წლის 22 მარტს, 20:00 საათზე მარჯანიშვილის მოედანზე შეკრებილი აქციის მონაწილეები მსვლელობით გაემართნენ რუსთაველის გამზირისკენ.

მსვლელობაში, რომელიც აშშ-ის სენატში ინიციირებული „MEGOBARI აქტის“ მხარდასაჭერად გაიმართა, მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა პოლიტიკური პარტიისა და საზოგადოებრივი მოძრაობის წარმომადგენლებმა.

სენატორ შაჰინთან ერთად, „მეგობარი აქტის“ ინიციატორია რესპუბლიკელი სენატორი ჯიმ რიში, რომელიც წლებია, საქართველოს საკითხებზე მუშაობს.

მას შემდეგ, რაც სენატორი რიში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შეაქო, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა:

„ან ჯიმ რიში მკაფიოდ გაემიჯნება თავისივე პოლიტიკურ წარსულს (სხვათა შორის, ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ ნამდვილად იკავებს თავს ჩვენზე თავდასხმებისგან), ან გამყარდება სამწუხარო ეჭვი, რომ „დიფ სთეითი“ კვლავ ინარჩუნებს თავის პოზიციებს“ .

მანამდე დონალდ ტრამპმა დაწერა, რომ სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, რიში დაუღალავად იბრძვის „ამერიკის უპირველეს ყოვლისა“ დღის წესრიგისთვის: „სენატორი ჯიმ რიში უზარმაზარ საქმეს აკეთებს, წარმოადგენს აიდაჰოს შესანიშნავს ხალხს — შტატს, რომელიც მე მიყვარს და დიდი გამარჯვება მოიპოვა 2016, 2020 და 2024 წლებში!“

MEGOBARI აქტის ძირითადი დებულებები
დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მხარდაჭერა – აქტი განსაზღვრავს აშშ-ის პოლიტიკას საქართველოში დემოკრატიული ღირებულებების, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის დასაცავად. იგი აღიარებს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელოვან პროგრესს და ხაზს უსვამს დემოკრატიის გაძლიერების მნიშვნელობას რეგიონული სტაბილურობისათვის.

მიმართვა დემოკრატიულ უკუსვლას – საქართველოში ბოლოდროინდელი დემოკრატიული უკუსვლის საპასუხოდ, აქტი მოითხოვს საქართველოს მთავრობის ქმედებების, რუსეთსა და სხვა ავტორიტარულ რეჟიმებთან მისი კავშირების გაძლიერებულ შესწავლას.

ანგარიშგება და სანქციები – არასათანადო გავლენა და სანქციების თავიდან აცილება: ანგარიშები საქართველოში კორუფციული პრაქტიკის შესახებ, რომელიც მხარს უჭერს რუსეთის ინტერესებს და სანქციების თავიდან აცილებას.

რუსეთის სადაზვერვო აქტივები – საქართველოში რუსული დაზვერვის შეღწევისა და ჩინეთის პოტენციური თანამშრომლობის შეფასება.

სანქციები ქართველ პირებზე – იდენტიფიკაცია, სანქციებისა და მოგზაურობის აკრძალვის დაწესება იმ პირებისთვის, რომლებიც ძირს უთხრიან დემოკრატიას საქართველოში.

დემოკრატიის მონიტორინგის სამუშაო ჯგუფის შექმნა – სამუშაო ჯგუფი შექმნილი იქნება საქართველოში დემოკრატიული გარემოს მონიტორინგისა და ხელშეწყობისთვის, განსაკუთრებით საარჩევნო პერიოდში, რათა უზრუნველყოს სამართლიანი და თავისუფალი საარჩევნო პროცესები.

ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავება და მხარდაჭერა – საქართველოში მნიშვნელოვანი დემოკრატიული პროგრესის დადასტურების შემდეგ, აქტი ასახავს აშშ-ის შემდგომ დახმარებას, მათ შორის:

მოლაპარაკებები საქართველოსთან უფრო შეღავათიანი სავაჭრო ხელშეკრულების დადებაზე;
გაცვლის გაფართოება და სავიზო რეჟიმის გამარტივება;
ეკონომიკური პაკეტის შემუშავება;
უსაფრთხოებისა და თავდაცვითი მხარდაჭერის უზრუნველყოფა რუსეთის აგრესიის დასაძლევად.

მსგავსი პოსტები

Back to top button