
აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტებმა სატელეფონო საუბარი გამართეს. ინფორმაციას ამის შესახებ კრემლის პრესსამსახური ავრცელებს.
როგორც კრემლში აღნიშნავენ, ვლადიმერ პუტინმა ჯო ბაიდენს აშშ-ის პრეზიდენტის პოსტზე მუშაობის დაწყება მიულოცა.
„რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობების ნორმალიზება ორივე ქვეყნის ინტერესებს პასუხობს, ხოლო მსოფლიოში უსაფრთხოებასა და სტაბილურობაზე ორივე ქვეყნის პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, საერთაშორისო თანამეგობრობის ინტერესებსაც პასუხობს“, – ნათქვამია კრემლის განცხადებაში.
მხარეებმა ასევე განიხილეს ორმხრივი და საერთაშორისო ურთიერთობების დღის წესრიგი, მათ შორის პანდემიასთან ბრძოლა და სავაჭრო და ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობა.
თეთრი სახლი ჯო ბაიდენსა და ვლადიმდერ პუტინს შორის გამართულ სატელეფონო საუბარს ეხმაურება.
„პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარი გამართა. მხარეებმა განიხილეს ორივე ქვეყნის მზადყოფნა ხუთი წლით გაახანგრძლივონ სტრატეგიული შეიარაღების შემცირების შესახებ შეთანხმება“, – ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.
თეთრ სახლში აღნიშნავენ, რომ პრეზიდენტმა ბაიდენმა უკრაინის სუვერენიტეტის მიმართ შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერა დაადასტურა. ჯო ბაიდენმა ასევე ისაუბრა SolarWinds-ზე განხორციელებულ კიბერშეტევაზე, გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ რუსეთი ავღანეთში გარკვეულ ჯგუფებს გასამრჯელოს სთავაზობდა ამერიკელი სამხედროების ლიკვიდაციისთვის, აშშ-ის 2020 წლის არჩევნებში ჩარევასა და ალექსეი ნავალნის მოწამვლაზე.
„პრეზიდენტმა ბაიდენმა მკაფიოდ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები მტკიცედ იმოქმედებს ეროვნული ინტერესების დასაცავად რუსეთის ქმედებების საპასუხოდ, რომელიც ზიანს ჩვენ ან ჩვენს მოკავშირეებს აყენებს“, – აღნიშნეს თეთრ სახლში.