„ჯორჯიან მანგანეზის“ იურისტი პასუხისგებაში მისცეს

კომერციული მოსყიდვის ფაქტზე შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ იურისტი,მირიან ბიჭიკაშვილი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.

უწყების ინფორმაციით, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ სანებართვო და სალიცენზიო პირობების დარღვევით სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ფაქტზე, რითაც გარემოს 350 მილიონ ლარზე მეტი ზიანი მიადგა, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ბრალდებით პასუხისგებაში მიცემულ იქნა იურიდიული პირი.

”აღნიშნულ საქმეზე მიმდინარე სასამართლო განხილვის პროცესში, შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ, დამატებითი მტკიცებულებების წარმოდგენისა და გარემოზე მიყენებული ზიანის განსაზღვრის მიზნით, სსიპ „გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტთან“ გაფორმდა შესაბამისი ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც, საექსპერტო ჯგუფის წევრებთან უშუალო ურთიერთობა დაევალა შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ იურისტს, მირიან ბიჭიკაშვილს. ბრალდებულმა, ექსპერტიზის მიმდინარეობის პროცესში, საექსპერტო დასკვნაში მათთვის სასურველი, ყალბი მონაცემების დაფიქსირების მიზნით, კომერციული მოსყიდვის გზით ექსპერტიზის განმახორციელებელ პირს გადასცა გარკვეული ოდენობის თანხა”, – აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.

საქმეზე გამოძიება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის პირველი ნაწილით გრძელდება, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით ითვალისწინებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button