კახელი მევენახეების პროტესტის შემდეგ, მთავრობამ საფერავის ჯიშის ყურძნის სუბსიდირება გადაწყვიტა
კახელი მევენახეების პროტესტის შემდეგ, მთავრობამ საფერავის ჯიშის ყურძნის სუბსიდირება გადაწყვიტა.
“საფერავის ჯიშის ყურძენი სარეზერვო ფონდიდან სუბსიდირდება”-ამის შესახებ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ დღეს, კახეთში განაცხადა.
მინისტრს არ დაუკონკრეტებია, ზუსტად რა თანხა დაიხარჯება სუბსიდირებაში .
“არსებობს სარეზერვო ფონდი და თანხა იქიდან გამოიყოფა. ჯერჯერობით, არ შემიძლია ზუსტი თანხის დასახელება, მაგრამ რამდენიც საჭირო იქნება, იმდენი დაიხარჯება”- განაცხადა შამუგიამ.
2024 წლის რთველის სეზონზე, საფერავის ჯიშის ყურძნის სუბსიდირების შესახებ გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე გამოაცხადა.
პრემიერის ინფორმაციით, სახელმწიფო კომპანია საფერავის ჯიშის ყურძენს 1.5 ლარად ჩაიბარებს, ხოლო მევენახეებს, რომლებსაც დღემდე ამაზე ნაკლებ ფასად აქვთ ჩაბარებული, სხვაობა აუნაზღაურდებათ.
“მივიღეთ გადაწყვეტილება, გამოვყოთ დამატებითი რესურსი და სახელმწიფო კომპანია საფერავის ჯიშის ყურძენს ათამდე ლოკაციაზე ლარ-ნახევრად ჩაიბარებს. ამასთან, მევენახეებს, რომლებსაც დღემდე ლარნახევარზე ნაკლებ ფასად აქვთ ჩაბარებული საფერავის ჯიშის ყურძენი, საქართველოს მთავრობა დაუკომპენსირებს სხვაობას ლარნახევარსა და მიღებულ საფასურს შორის. სუბსიდირებას დასჭირდება საკმაოდ სოლიდური რესურსი. დავითვლით და დაზუსტებულ მონაცემებს წარმოგიდგენთ“, – თქვა კობახიძემ.
საფერავის ჯიშის ყურძენზე ფასის გაზრდის მოთხოვნით, საპროტესტო აქციები კახეთში რამდენჯერმე ჩატარდა.
ადგილობრივი მოსახლეობა, 1კილოგრამი საფერავის ჯიშის ყურძნის ფასის 3 ლარამდე გაზრდას ითხოვდა.