კახეთი სტიქიისთვის მზად არ აღმოჩნდა

ძლიერმა ქარმა და წვიმამ ახმეტისა და ყვარლის რაიონები საგრძნობლად დააზარალა, ლაგოდეხის ზოგიერთ სოფელში კი სეტყვა მოვიდა.

ამ წუთებში, მოძრაობა შეფერხებულია ლაგოდეხი-ყვარელი-თელავის მთავარ მაგისტრალზე, მოგლეჯილია ხეები.

ახმეტაში ძლიერმა სეტყვამ რამდენიმე სოფელი, ზემო და ქვემო ალვანი, ფიჩხოვანი, არგოხი, ბაბანეური და მაღრაანი განსაკუთრებით დაზარალდა.

სტიქიამ სასოფლო-სამეურნეო სავარგულები და ვენახები გაანადგურა. მოსახლეობის განცხადებით, ახმეტაში ვენახების 50% განადგურდა.

7 ივნისს, ღამით მოსულმა სეტყვამ ყვარლის რაიონის სოფელ ჭიკაანში ვენახები, საზამთროს ბაღები და საგაზაფხულო ნათესები მთლიანად დააზიანა.

სოფლების უმეტესობაში დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები და მოსახლეობას ელექტროენერგია ამ დრომდე არ მიეწოდება.

კახეთში მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ სახანძრო და სამაშველო სამსახურები. მუნიციპალიტეტების გამგეობებში შექმნილია სპეციალური შტაბები, რომლებიც ზარალს ითვლიან.

სინოპტიკოსები საქართველოს მასშტაბით ამინდის გაუარესებას 7 ივნისის საღამოდან ვარაუდობდნენ. “მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმამ შესაძლოა, აღმოსავლეთ საქართველოში მდინარეებსა და მის შენაკადებზე წყალმოვარდნები და ღვარცოფული ნაკადის ფორმირება გამოიწვიოს” – აცხადებდნენ გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრში.

ჯერ-ჯერობით ცნობილი არ არის, იმუშავა თუ არა “დელტას” სეტყვისაწაინააღმდგო დანადგარებმა და რატომ ვერ გახდა შესაძლებელი სეტყვის თავიდან აცილება. “დელტას” ოფისში კომენტარს ამ დრომდე არ აკეთებენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button