მნიშვნელოვანირეგიონი
კახეთში მიწები თაღლითური სქემით უცხოელებზე გაასხვისეს
არსებული ინფორმაციით,კახეთში, 850 000 ლარზე მეტი ღირებულების მიწის ნაკვეთების დაუფლებისათვის დოკუმენტები გააყალბეს.
ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ორი პირი დააკავა.
გამოძიების ვერსიით, დაკავებულებმა კახეთში მდებარე სამი მიწის ნაკვეთიდან ერთი, თაღლითურად გაასხვისეს, ხოლო ორის გასხვისება სცადეს.
ამისათვის, დაკავებული პირები, თითქოსდა ინდოეთის დედაქალაქ დელიში გაცემულ მინდობილობებს და საქართველოში შედგენილ კომპანიის პარტნიორთა კრების გაყალბებულ ოქმს იყენებდნენ.
სამივე ნაკვეთის სრული ღირებულება 850 000 ლარზე მეტია.
რადიო ჰერეთის ინფორმაციით, დღევანდელი მდგომარეობით, ნაკვეთები დაყადაღებულია.
უწყებაში განმარტავენ, რომ დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილე სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით, საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.
ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენების, ჯგუფურად დიდი ოდენობით სხვისი ქონების თაღლითურად დაუფლებისა და დაუფლების მცდელობის ფაქტზე, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 და მე-3 (19), 180-ე მუხლის მე-2 და მე-3 და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილებით დაიწყო.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ორივე პირს, 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
მოუსმინეთ ჩვენი კორესპონდენტის ხათუნა გულიაშვილის ჩართვას ახალ ამბებში.