კახეთში მზესუმზირის მარაგი იწურება

ადგილობრივი ფერმერები და გლეხები, რომლებიც წლების განმავლობაში მზესუმზირის მოყვანით არიან დაკავებული, დეფიციტზე ალპარაკდნენ. მზესუმზირის მოსავალი კახეთში, ძირითადად, სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მოჰყავთ. ბოლო რამდენიმე წელია, კულტურის მოყვანა, მოსახლეობამ მასობრივად მიატოვა.
სიღნაღის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ფერმერი, გია ქადაგიშვილი რადიო ჰერეთთან ამბობს, რომ მზესუმზირის შეძენა მუნიციპალიტეტში უკვე გართულებულია და შესაბამისად, ზეთის სახდელი ქარხნებიც გაჩერებულია.
” მარაგი ფაქტობრივად იწურება. მზესუმზირა სათესლედაც აღარ იშოვება. შესაბამისად, გაჩერებულია ადგილობრივი ზეთის სახდელებიც. მზესუმზირა აღარ მოგვყავს. წლებია დაავადება გაუჩნდა, რომელსაც ჩვენ კელაპტარას ვეძახით. ამ დაავადებას ჯერჯერობით ვერ ვშველით. ამიტომ ადგილობრივი პროდუქცია აღარ იწარმოება და ნელ- ნელა პროდუქცია დეფიციტური გახდა.
ადრე 30 ჰექტარზე ვთესდი, ახლა 2- 3 ჰექტარზე, კულტურის ცვლისთვის მომყავს. ჰიბრიდულის მოყვანა ძვირია და ზეთიც მომწარო გემოსი აქვს. ვვარაუდობ, რომ ზაფხულის ბოლომდე ზეთის ფასის ზრდა არ შეჩერდება”- განაცხადა ქადაგიშვილმა.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის განვითარების სიღნაღის საკოორდინაციო ცენტრის ხელმძღვანელი, ბონდო ბოლღაშვილი განმარტავს, რომ ადგილობრივი ფერმერისათვის მზესუმზირის მოყვანა წამგებიანია.
” დაავადება გაჩნდა, რომელსაც არაფერი შველის. გვალვა ამ დაავადების გავრცელებას ხელს უწყობს. გარდა ამისა, საწვავი ძვირია. ერთი ჰექტრის მოყვანა, ფერმერს ათას ლარამდე უჯდება და ფაქტიურად მზესუმზირის მოყვანა, ხარჯებს ვერ ანაზღაურებს. ამ ყველაფერმა შექმნა დეფიციტი და ზეთის სახდელების გაჩერებაც. შესაძლებელია, როგორმე ადგილზე ერთი ტონა პროდუქცია შეგროვდეს, საიდანაც 300- 400 ლიტრი ზეთი გამოდის. ეს ერთ სოფელსაც არ ეყოფა. ვინც ზეთს აწარმოებს, უკვე სხვა ქვეყნებიდან შემოტანილ პროდუქციას იყენებს, რაც ფასს, ბუნებრივია, ზრდის”- განაცხადა ბოლღაშვილმა.
დღევანდელი მდგომარეობით, კახეთში ერთი კილოგრამი მზესუმზირის ფასი 2.30 – დან 2.50 ლარამდე მერყეობს. ადგილობრივ ქარხნებში გამოხდილი ერთი ლიტრი ზეთის ღირებულება კი 8 ლარს აღწევს.
ავტორი,
ხათუნა გულიაშვილი