კახეთში სტიქიისგან მიყენებული ზარალის აღწერა დაიწყო
მუნიციპალიტეტებში შექმნილი ზარალის დამდგენი კომისიები, დილიდან სეტყვისგან დაზარალებულ სოფლებში იმყოფებიან.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის, არჩილ ხანდამაშვილის ინფორმაციით, ოჯახებს, რომლებსაც საცხოვრებელი სახლების სახურავები დაუზიანდათ, დღეს , გადასახური ტენტები დაურიგდებათ.
” სასწრაფოდ დარიგდება ტენტები, რომ ხალხმა სახლში გაჩერება შეძლოს, თან დადგინდება მიყენებული ზიანის ოდენობა. ინფრასტრუქტურულ საკითხებში, რაც სახლის გადახურვას შეეხება, მერია ადგილობრივებს დაეხმარება. სხვაგვარ კომპენსაციაზე, ჯერჯერობით, საუბარი არ არის”- განაცხადა ხანდამაშვილმა.
კახეთში ორი დღის განმავლობაში მოსულმა ძლიერმა სეტყვამ გურჯაანის, ყვარლის, საგარეჯოსა და ლაგოდეხის სოფლები დააზიანა. განადგურებულია სასოფლო- სამეურნეო სავარგულები, ვენახები და ერთწლოვანი კულტურები. დაზიანებულია 150-მდე საცხოვრებელი სახლის სახურავი.