კახეთში სტიქიით დაზარალებულების განცხადებების მიღება დაიწყო
კახეთში სტიქიით დაზარალებული მოსახლეობისათვის კომპენსაციის გასაცემად, განცხადებების მიღება დაიწყო. 26 აგვისტოსა და 2 სექტემბრის სტიქიით სრულად დაზარალებულმა გლეხებმა სოფლის განვითარების სააგენტოს კახეთის რეგიონულ სამსახურსა და მუნიციპალურ ცენტრებს უნდა მიმართონ.
სამუშაო შეხვედრა სოფლის რწმუნებულებთან გაიმართა. სოფლის განვითარების სააგენტოს წარმომადგენელმა, ლაშა შალამბერიძემ, რწმუნებულებს კომპენსაციის გაცემის დეტალები გააცნო.
სოფლის განვითარების სააგენტოში რადიო ჰერეთს განნუმარტეს, რომ კომპენსაციის მისაღებად, დაზარალებული პირი გარკვეულ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს.
“განცხადება უნდა შეიცავდეს ინფორმაციას: ვენახის დაზიანების შესახებ, ვენახის კოდს ვენახის მფლობელის სახელს, გვარს, პირად ნომერს და საკონტაქტო ინფორმაციას. ერთჯერადი დახმარების მისაღებად, ფიზიკურ პირს სეტყვით დაზიანებული ვენახი რეგისტრირებული უნდა ჰქონდეს ღვინის ეროვნული სააგენტოს მევენახეობის კადასტრის სისტემაში.”- განაცხადა სააგენტოს წარმომადგენელმა, გიორგი ავალიანმა.
სრულად დასეტყვილ ვენახზე, ერთჯერადი დახმარების თანხა, ჰექტარზე 3,000 ლარია.
მევენახეებს, რომლებმაც სრულად დასეტყვილი ყურძნის ჩაბარების შემდეგ, გარკვეული თანხა აიღეს, სხვაობას სამი ათას ლარამდე, სახელმწიფო შეუვსებს.
შეგახსენებთ, სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის დახმარების გადაწყვეტილება მთავრობამ მას შემდეგ მიიღო, რაც 26 აგვისტოს მოსულმა ძლიერმა სეტყვამ, თელავის, ყვარლისა და გურჯაანის მუნიციპლიტეტებში , მსხმოიარე ვენახები დააზიანა.
მთავრობის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო საწარმო ” მოსავლის მართვის კომპანიამ ” დასეტყვილი საფერავი 1 ლარად, ხოლო რქაწითელი 80 თეთრად ჩაიბარა.
დაზიანებული ყურძნის მიღება 3 სექტემბრამდე მიმდინარეობდა.
სტიქიით დაზარალებულმა პირებმა შესაბამისი განაცხადი მუნიციპალურ ცენტრებში, 20 სექტემბრამდე უნდა წარადგინონ.