მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

კამალა ჰარისი ტრამპთან დებატების „ფოქს ნიუსზე“ გამართვას არ დათანხმდა

აშშ-ის საპრეზიდენტო კანდიდატები, დონალდ ტრამპი და კამალა ჰარისი პირველი დებატების თარიღსა და მასპინძელ მაუწყებელთან დაკავშირებით შეთანხმებას ვერ აღწევენ.

ჰარისის საარჩევნო გუნდი დებატების ჩატარებას ABC News-ზე 10 სექტემბერს ითხოვს, ისე, როგორც ჯო ბაიდენსა და დონალდ ტრამპს შორის იყო დაგეგმილი, დონალდ ტრამპი კი აცხადებს, რომ ჯო ბაიდენის მიერ საპრეზიდენტო რბოლის დატოვების შემდეგ ABC News-ზე დაგეგმილი დებატები შეწყდა და დათანხმდა Fox News-ის შეთავაზებას კამალა ჰარისთან დებატების 4 სექტემბერს გამართვასთან დაკავშირებით.
„ძალიან საინტერესოა, როგორ გადაიქცა „ნებისმიერი ადგილი და ნებისმიერი დრო“ ერთ კონკრეტულ დროდ და სპეციფიკურ უსაფრთხო ადგილად. მე ვიქნები 10 სექტემბერს ადგილზე, რაზეც ის დათანხმდა. იმედი მაქვს, მას იქ ვნახავ“, – დაწერა კამალა ჰარისმა სოციალურ ქსელ X-ში.

საპასუხოდ, დონალდ ტრამპმა საკუთარ სოციალურ ქსელ „ტრუზ სოციალში“ დაწერა, რომ კამალა ჰარისსს ეშინია მასთან დებატების გამართვის. ტრამპის თქმით, ის მზადაა, 4 სექტემბერს დაუპირისპირდეს ჰარისს, ხოლო თუ კამალა ჰარისი არ დათანხმდება, მაშინ დებატები საერთოდ არ შედგება.
„წესები მძინარე ჯოსთან ჩემი დებატების წესების მსგავსი იქნება, რომელსაც მისი პარტია საშინლად მოექცა“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ამერიკის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი „ფოქს ნიუსის“ მიერ შეთავაზებულ დებატებზე უარის თქმის გამო გააკრიტიკა. საკუთარ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში დონალდ ტრამპი აღნიშნავს, რომ ჰარისს „დაბალი აიქიუ“ აქვს და მას არ ჰყოფნის „გონებრივი შესაძლებლობები“ ტრამპთან დებატებისთვის.

„კამალა ჰარისს არ აქვს გონებრივი შესაძლებლობები ჩემ წინააღმდეგ ნამდვილი დებატებისთვის, რომელიც 4 სექტემბერს პენსილვანიაში ჩაინიშნა. მას ეშინია ამის გაკეთება, რადგან ის ვერ გაამართლებს თავის კორუფციას და ღია საზღვრებს, ჩვენი ქვეყნის გარემოს განადგურებას, ავღანეთის სირცხვილს, ინფლაციას, საშინელ ეკონომიკას, მაღალ საპროცენტო განაკვეთებსა და გადასახადებს“, – წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში.

ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის თქმით, ის ჰარისთან დებატებს ან 4 სექტემბერს გამართავს, ან დებატები საერთოდ არ შედგება.

„კამალა ჰარისი აღიარებულია, როგორც ყველაზე ცუდი ვიცე-პრეზიდენტი ისტორიაში, რომელიც ძალიან კარგად მუშაობს ყველაზე ცუდი პრეზიდენტის, თაღლითი ჯო ბაიდენის წინააღმდეგ. ამ ორი დაბალი აიქიუს მქონე ინდივიდის კომბინაციამ გაანადგურა ჩვენი ქვეყანა, მაგრამ ჩვენ ამერიკას კვლავ დიდებულს გავხდით“, – დასძინა ტრამპმა.

ცნობისთვის, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი და პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი ვიცე-პრეზიდენტთან, კამალა ჰარისთან დებატებზე „ფოქს ნიუსის“ შეთავაზებას დათანხმდა, თუმცა ჰარისმა შეთავაზებაზე უარი განაცხადა. მანამდე დებატები პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის დაგეგმილი იყო ტელეკომპანია „ეიბისის“ ეთერში 10 სექტემბერს, თუმცა მას შემდეგ, რაც ჯო ბაიდენმა არჩევნებიდან საკუთარი კანდიდატურა მოხსნა, გაურკვეველი გახდა აღნიშნული დებატების ჩატარების საკითხი. ჰარისი თანახმაა, დებატები კვლავ 10 სექტემბერს „ეიბისის“ ეთერში შედგეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button