კანონპროექტი, საგანგებო მდგომარეობისას დაჯარიმებულთათვის

„ევროპულმა საქართველომ“ პარლამენტში დაარეგისტრირა კანონპროექტი, რომელიც საგანგებო მდგომარეობის წესების დარღვევისთვის მოქალაქეებისთვის დაკისრებული 3 000 ლარიანი ჯარიმის ჩამოწერას ეხება.
პარლამენტში დღეს გამართულ ბრიფინგზე დეპუტატმა სერგი კაპანაძემ თქვა, რომ საერთო ჯამში, გამოწერილია 25 მილიონ ლარზე მეტი ჯარიმა. კაპანაძის თქმით, ჯარიმების ჩამოწერის წინადადებით მთავრობას გასულ კვირაში მიმართეს და რადგან რეაქცია არ ყოფილა, კანონპროექტის ინიცირება გადაწყვიტეს.
„ჩვენ ვიცით, რომ ჯარიმდებოდნენ ოჯახის წევრები, რომლებიც მანქანაში ისხდნენ წინ, ან ადამიანები, რომლებიც რამდენიმე წუთით გადააშორებდნენ ხოლმე კომენდანტის საათს. არც ერთი და არც მეორე შეზღუდვა არანაირი ეფექტის მომტანი არ იყო.
“ამასთან, ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც დაახლოებული იყო „ქართულ ოცნებასთან”, სარგებლობდა ე.წ. “ნარუშილოვკით”. ვიცით ფარცხალაძის მაგალითი და ასევე, ძალიან ბევრმა ადამიანმა დაარღვია ეს წესები შეგნებულად, რელიგიური დღესასწაულების დროს და მათ არანაირი ჯარიმა არ მიიღეს“. – განაცხადა კაპანაძემ. მისი შეფასებით, მოქალაქეებს შერჩევით აჯარიმებდნენ, რაც უსამართლობაა.
„ევროპული საქართველოს“ წევრის განცხადებებს პოპულიზმი უწოდა „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.
„ამას ხომ მოგონება სჭირდება, – ილაპარაკო, რომ შერჩევითი იყო 3 000-ლარიანი ჯარიმა. შეიძლება ილაპარაკო იმაზე, რომ გადახდა გაუჭირდება ბევრ ადამიანს. მოიკითხეთ, იქნებ დაჯარიმებულია ეს ადამიანი (ფარცხალაძე), არ ვიცი, მე წარმოდგენა არ მაქვს. ამ დროს, თუ პასუხისმგებლიანი ადამიანი ხარ და იცი, რომ ვიღაც რაღაცას არღვევს, უნდა ადგე და დარეკო პატრულში, ან შესაბამის ორგანოში და არა პოპულიზმით დაკავდე და ფეისბუქში განათავსო. თუ განათავსებ, პატრულშიც უნდა მიაყოლო ზარი”. – უთხრა მედიას მდინარაძემ.
მდინარაძე აცხადებს, რომ ჯარიმები, რომელიც საგანგებო სიტუაციის დროს დაწესებული ნორმების დარღვევისთვის გამოიწერა, რთული გადასახდელი იქნება მოსახლეობის უმრავლესობისთვის. თუმცა მისი თქმით, ერთი ხელის მოსმით ჯარიმებს ვერ ჩამოწერენ.
“დაჯარიმებული ადამიანების 90%-სთვის ეს იქნება ძალიან მძიმე გადასახდელი, თუმცა ერთი რამე უნდა ვთქვათ, რომ თავიდან, პრევენციული თვალსაზრისით, ამან ძალიან კარგად იმუშავა. ჩვენ გვაქვს ორი მიმართულებით პრობლემა: ერთი, რომ ძალიან გაუჭირდებათ გადახდა და რაღაც უნდა მოვიფიქროთ, მაგრამ მეორე გამოწვევა არის ის, რომ მეორე ტალღას როდესაც ელოდება ჩვენი ქვეყანა, სამწუხაროდ და მთელი მსოფლიო, უკვე დღეს თუ ესე მარტივად ჩამოიწერება ეს ჯარიმები, ხვალ ადამიანები იფიქრებენ, რომ თუ ახალ ჯარიმას დააწესებ, სულ რომ 10 ან 100 ათასი ლარი იყოს პირობითად, იმასაც მოუხსნიან და პრევენციულად შეიძლება, ამან არ იმუშაოს და დამღუპველი იყოს. ამიტომ, ეს გარკვეულწილად ჩიხური სიტუაციაა, მაგრამ გამოსავალზე უნდა ვიფიქროთ”. – განაცხადა მდინარაძემ.