მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

“ბინის შეძენაში მოქალაქეებს სახელმწიფო დაეხმარება”

“დღეიდან წლის ბოლომდე სახელმწიფო მოახდენს იპოთეკური სესხის სუბსიდირებას ყველა იმ ადამიანისთვის, რომელიც წლის ბოლომდე გადაწყვეტს იპოთეკური სესხის აღებას და მისი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას”. – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში კორონავირუსთან დაკავშირებით სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„უკვე შემუშავებული გვაქვს კონკრეტული გეგმა დეველოპერებისა და მშენებლებისთვის. ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ კომპანიების დახმარება. ეს არის იმ ჩვენი მოქალაქეების დახმარება, რომელთაც ან გადაწყვეტილი აქვთ, რომ ბინა შეიძინონ და ცხოვრების პირობები გაიუმჯობესონ, ან უკვე ამ პროცესში შესულები არიან და პირველი შენატანი აქვთ განხორციელებული, ან უკვე მათ დაიწყეს სამშენებლო კომპანიასთან მუშაობა და მათი ბინა სამშენებლო ეტაპზეა. ყველა ასეთი რისკი სახელმწიფოს მხრიდან იქნება დაზღვეული.

“გარდა ამისა, იმისთვის უნდა მოხდეს სამშენებლო სექტორის სუბსიდირება და მათი მხარდაჭერა, რომ არ მივიღოთ ისეთი შედეგი, როგორიც გვქონდა 2008 წლის კრიზისის შედეგად, როცა დღემდეა ქალაქში შემორჩენილი ჩონჩხებად დაუსრულებელი შენობები”. – აღნიშნა გახარიამ.

კონკრეტულად რა წილი იქნება სახელმწიფოს სუბსიდია, უცნობია. გახარიას ამ საკითხზე ყურადღება არ გაუმახვილებია.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოხსენება პარლამენტში დაახლოებით ორი საათის განმავლობაში გრძელდებოდა. ეს ინიციატივა ერთ-ერთი სიახლე იყო, რომელზეც მან ილაპარაკა. ძირითადი საკითხები კი, უკვე გაჟღერებულ პროგრამებს შეეხებოდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button