მნიშვნელოვანიმსოფლიოსაქართველოსიახლეები

COVID-19 – საქართველო, იტალია, აშშ

საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ჯამში, ინფიცირებულთა რაოდენობა 1 341-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 4-ით გაიზარდა და 1 092-ს შეადგენს.

კარანტინის რეჟიმში 7 597 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ, – 249.

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

იტალიაში ღამის კლუბები იხურება და გარკვეულ ადგილებში, ღამის პერიოდში, პირბადის ტარება სავალდებულო ხდება.

მედიის ინფორმაციით, ხელისუფლებამ აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც კოვიდინფიცირების შემთხვევებმა, განსაკუთრებით ახალგაზრდებში, ბოლო პერიოდში საგრძნობლად მოიმატა.

“არ შეიძლება გავაბათილოთ ის მსხვერპლი, რაც გასული თვეების განმავლობაში გავიღეთ. ჩვენი პრიორიტეტი სექტემბერში სკოლების სრული უსაფრთხოებით გახსნა უნდა იყოს.“ – განაცხადა იტალიის ჯანდაცვის მინისტრმა რობერტო სპერანზამ და ახალგაზრდებს სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდა.

„თუკი ისინი თავიანთ მშობლებსა და ბებია-ბაბუებს დააინფიცირებენ, დიდი ზიანის საშიშროებას შექმნიან.“ – აღნიშნა მინისტრმა.

ღამის კლუბები ქვეყანაში დღეიდან სექტემბრის დასაწყისამდე დაიხურება. რაც შეეხება პირბადეებს, მათი გამოყენება საღამოს, 18:00 საათიდან დილით, 06:00 საათამდე, პაბებისა და ბარების მიმდებარე ტერიტორიებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებში იქნება სავალდებულო.

აღსანიშნავია, რომ იტალიაში, ღამის კლუბებისგან მიღებული ყოველწლიური შემოსავალი, 4 მილიარდ ევროს შეადგენს. მრეწველობის მინისტრის, სტეფანო პატუანელის თქმით, კლუბების დახურვა ქვეყნის ეკონომიკას დააზარალებს, თუმცა, მისივე განმარტებით, ამ ეტაპაზე ალტერნატივა არ არსებობს.

ცნობისათვის, იტალიაში შაბათს კორონავირუსის 629, კვირას კი, – 479 შემთხვევა გამოვლინდა. პანდემიის დაწყების დროიდან, ქვეყანაში ინფიცირების 250 000-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულთა რაოდენობა კი, 35 000-ს აჭარბებს.

აშშ-ში, ბოლო 24 საათში, კოვიდ 19-ს 538 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რაოდენობამ, საერთო ჯამში, 170 019-ს მიაღწია. შესაბამის მონაცემებს ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი ავრცელებს.

ამავე მონაცემების თანახმად, აშშ-ში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 40 002 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა რიცხვი 5 401 167-მდე გაიზარდა.

ცნობისათვის, როგორც ინფიცირებულების, ასევე ვირუსით დაღუპულთა რაოდენობით, აშშ პირველ ადგილზეა მსოფლიოში.

worldometers.info-ს მონაცემებით, ამ დროისთვის, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების 21 828 997 შემთხვევაა დადასტურებული; 773 122 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 14 565 251 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button