ივლის-აგვისტოში იქნება მაღალი ეკონომიკური ზრდა და წლის ბოლომდე უნდა გავაგრძელოთ-პრემიერი

ეკონომიკური ზრდა არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ქვეყნის განვითარებისა და მოხარული ვართ, რომ ამ წლის პირველი ნახევარი დავხურეთ 9%-იანი ეკონომიკური ზრდით, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
ირაკლი კობახიძის თქმით, გასული სამი წლის განმავლობაში საშუალო ეკონომიკური ზრდა იყო 9.7% და ეს კარგი ტენდენცია გრძელდება წელსაც.
„გასული სამი წლის განმავლობაში საშუალო ეკონომიკური ზრდა იყო 9.7%. ეს კარგი ტენდენცია გრძელდება წელსაც, წლევანდელი მაჩვენებელი არის 9%. ჩვენთვის მთავარია, რომ შევინარჩუნოთ ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი და დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება. ივლის-აგვისტოში, ვფიქრობთ, იქნება მაღალი ეკონომიკური ზრდა და წლის ბოლომდე უნდა გავაგრძელოთ ასე. ეს არის მთავარი, რომ თანდათანობით გაუმჯობესდეს ჩვენი მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა“, – აღნიშნა პრემიერმა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ივნისში ეკონომიკის ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი საფინანსო და სადაზღვევო სექტორმა, სამშენებლო და საინფორმაციო-საკომუნიკაციო სექტორმა, ასევე ტრანსპორტისა და დასაწყობების სექტორმა შეიტანეს, კლების ტენდენცია კი დამმუშავებელი მრეწველობის სექტორში დაფიქსირდა.
ამასთან, 2024 წლის ივნისში საქონლის ექსპორტი გაზრდილია 6%-ით, ხოლო იმპორტის მოცულობა 10%-ით შემცირდა. საქსტატის მონაცემებით, ივნისში ქვეყანაში დაახლოებით 5 500-მდე ახალი საწარმო დარეგისტრირდა, აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის რიცხვებს 18%-ით ჩამორჩება. კლება ძირითადად განაპირობა უცხოელი ინდმეწარმე რეგისტრაციის მაჩვენებლის შემცირებამ.
როგორც საქსტატში აცხადებენ, ქვეყნების მიხედვით თუ განვიხილავთ, კლება ძირითადად რუსეთზე მოდის.
საქსტატის მონაცემებითვე, 11%-ით გაიზარდა ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებისას გამოყენებულ დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის მოცულობა და 13 მილიარდ 470 მლნ ლარი შეადგინა.
საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე განმარტავს, რამ განაპირობა ივნისში ეკონომიკის 7.5%-იანი ზრდა დარგობრივ ჭრილში.
„საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობის სფეროში ზრდა ძირითადად განპირობებული იყო კომერციული ბანკების საპროცენტო შემოსავლის ზრდით; მშენებლობის სექტორში ზრდა განაპირობა როგორც საცხოვრებელი, ასევე არასაცხოვრებელი შენობა-ნაგებობების მშენებლობამ, ასევე გაზრდილია სპეციალიზებული სამშენებლო საქმიანობის მაჩვენებლები. აქვე მოვიშველიებ საგარეო ვაჭრობის მონაცემებს, რომლის მიხედვითაც, ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, დაახლოებით 30%-ით არის გაზრდილი ცემენტისა და კლინკერის იმპორტის მაჩვენებელი. ინფორმაციისა და კომუნიკაციების სექტორში ზრდა დაკავშირებული იყო კომპიუტერული პროგრამების შემუშავებასთან, ასევე აღნიშნულ სექტორში საკონსულტაციო საქმიანობის მოცულობის გაფართოებასთან; ტრანსპორტისა და დასაწყობების სექტორში ზრდა ძირითადად დაკავშირებული იყო საჰაერო ტრანსპორტის ფუნქციონირებასთან, თუმცა გაზრდილი გახლდათ სახმელეთო ტრანსპორტის მაჩვენებელი, ძირითადად სატრანსპორტო დამუშავების და დასაწყობების მიმართულებით; კლების ტენდენცია გამოვლინდა დამმუშავებელი მრეწველობის სექტორში, ეს ძირითადად დაკავშირებული იყო მეტალურგიულ მრეწველობასთან – გარკვეულწილად შემცირებულია თუჯის, ფოლადის და ფეროშენადნობების მაჩვენებელი. თუმცა აღსანიშნავია, რომ ივნისში ფეროსილიკონმანგანუმის ექსპორტის მონაცემები დაახლოებით 70%-ით არის გაზრდილი. წარმოების შემცირების ტენდენცია შეინიშნებოდა ტანსაცმლის მრეწველობაში“, – განაცხადა თოდრაძემ.
საქსტატის თანახმად, ივნისში მშპ-ს ზრდას ხელი შეუწყო შემდეგმა სფეროებმა:
საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები;
მშენებლობა;
ინფორმაცია და კომუნიკაცია;
ტრანსპორტი და დასაწყობება;
პროფესიული;
სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები.
საქსტატის ინფორმაციით, მიმდინარე წლის პირველ ექვს თვეში, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, მშპ 9%-ით გაიზარდა.
2024 წლის ივნისში ეკონომიკურმა ზრდამ 7.5% შეადგინა, ხოლო იანვარ-ივნისში ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელი 9.0%-ს გაუტოლდა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ვახტანგ ცინცაძის განცხადებით, ივნისში ეკონომიკური ზრდა საკმაოდ დივერსიფიცირებული იყო და მასში პოზიტიური წვლილი შეიტანა როგორც საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების, ასევე მშენებლობის, ტრანსპორტისა და დასაწყობების, ინფორმაციისა და კომუნიკაციების და ტურიზმთან დაკავშირებულ სექტორებში ეკონომიკური აქტივობის ზრდამ.
მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, 2024 წლის ივნისში ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობი იყო ექსპორტის, განსაკუთრებით ადგილობრივი ექსპორტის მიმართულებით დაფიქსირებული პოზიტიური ტენდენციები – ივნისში ექსპორტმა რეკორდულ მაჩვენებელს – 580 მლნ. აშშ. დოლარს გადააჭარბა.
მისი თქმით, ასევე პოზიტიური ტენდენციები დაფიქსირდა ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების კუთხით.
„ყოველივე ზემოაღნიშნულზე დაყრდნობით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში 2024 წელს შენარჩუნდება მაღალი ეკონომიკური ზრდის ტენდენცია, რაც ასევე მომდევნო წლებშიც გაგრძელდება, და შესაბამისად პოზიტიურად აისახება საქართველოს თითოეული მოქალაქის შემოსავლების ზრდასა და ზოგადად ქვეყანაში ცხოვრების დონის გაუმჯობესებაზე,“ – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცერლებს.