“ხალხის ძალას” ახალი წევრები შეემატნენ
“ხალხის ძალას” ახალი წევრები შეემატნენ. მმართველი პარტია დატოვა და მოძრაობას შეუერთდა “ქართული ოცნების” 5 წევრი, პარლამენტის დეპუტატები ეკა სეფაშვილი, ვიქტორ ჯაფარიძე, დავით კაჭარავა, დაჩი ბერაია და ზაალ მიქელაძე. ამის შესახებ დღევანდელ ბრიფინგზე მოძრაობის წევრმა სოზარ სუბარმა განაცხადა. მისი თქმით, მოძრაობა “ხალხის ძალა” საქართველოს პარლამენტში ცხრა დეპუტატით იქნება წარმოდგენილი, რაც ნიშნავს, რომ საკანონმდებლო ორგანოში მათ რიცხოვნობით მესამე პოლიტიკური ჯგუფი ეყოლებათ.
ასევე მოძრაობა “ხალხის ძალას” შეუერთდნენ ექსპერტები თამთა მეგრელიშვილი, ზურაბ ქადაგიძე, დავით ქართველიშვილი, თამარ ჩიბურდანიძე, ნუკრი შოშიაშვილი, ოთარ ჭულუხაძე, ნიკა ქობულაძე და იოანე შაიშმელაშვილი.
ბრიფინგზე სოზარ სუბარმა საზოგადოებას აცნობა, რომ მათი მოძრაობის წევრმა, ვიქტორ ჯაფარიძემ “პოსტ TV” წილის 52 % შეიძინა, რაც მისი თქმით პოლიტიკურ ჯგუფს ხელს შეუწყობს, რომ საზოგადოებამდე სათქმელი კიდევ უფრო ფართოდ მიიტანონ.
“ხალხის ძალის” ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა მოძრაობის მიზნებსა და გეგმებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ხალხის ძალა იმ საგანგებო გამომწვევებზე საპასუხოდ შეიქმნა, რომელიც საქართველოს წინაშე დგას:
“რამდენიმე თვის წინ ჩვენ დავაფუძნეთ მოძრაობა ხალხის ძალა, იმ საგანგებო გამოწვევებზე საპასუხოდ, რომლის წინაშეც ჩვენი ქვეყანა დღესაც დგას. ვფიქრობთ პირველი ეტაპის ამოცანები ჩვენმა მოძრაობამ წარმატებით შეასრულა და დღეს საზოგადოება ბევრად უკეთ არის ინფორმირებული იმ მოვლენების შესახებ, რომელიც ჩვენი ქვეყნის გარშემო ვითარდება, თუმცა საფრთხეები ჯერ კიდევ არ არის სრულად განეიტრალებული, რაც ჩვენ განსაკუთრებულ სიფრთხილეს და ყურადღებას მოითხოვს. ღრმად გვწამს რომ რეგიონში მიმდინარე მოვლენების ფონზე ჩვენი ქვეყნისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია შენარჩუნდეს მშვიდობა რაც საქართველოსთვის სტაბილური განვითარების პერსპექტივის შენარჩუნების აუცილებელი პირობაა. ჩვენი საზოგადოებისთვის ასევე პრინციპულად მნიშვნელოვანია დაიცვას ის ღირებულებები, რომელსაც ევროპული ცივილიზაცია ეფუძნება და რომელიც ქართული ტრადიციების განუყოფელი ნაწილია,” – განაცხადა სოზარ სუბარმა.
მოძრაობის ახალმა წევრებმა იმ მიზეზებზე ისაუბრეს, რის გამოც ისინი ხალხის ძალას შეუერთდნენ:
მშვიდობის შენარჩუნებას ასახელებს პოლიტიკური არჩევანის მთავარ მიზეზად დეპუტატი ეკა სეფაშვილი და აცხადებს, რომ ის “ხალხის ძალის” სტრატეგიის სისწორეში დარწმუნდა.
ექსპერტი და ამჟამად უკვე მოძრაობის ახალი წევრი თამთა მეგრელიშვილი “პოლიტიკური ძალის” მიერ ქართული ღირებულებებისა და ქართული პოლიტიკური საჭიროებებისთვის მუშაობაზე ამახვილებს ყურადღებას და იმედი აქვს რომ ახალ ძალასთან ერთად ამ საქმეში თავისი წვლილის შეტანას შეძლებს.
“ხალხის ძალის” გაფართოებას ქართულ პოლიტიკურ სპექტრში შეფასებები მოჰყვა. ოპოზიციის შეფასებით, “ხალხის ძალა” “ქართული ოცნების” პოლიტიკას ატარებს და მათ შორის განსხვავება არ არსებობს. ხელისუფლების ოპონენტებისთვის გაუგებარია მოძრაობის სამომავლო გეგმები.
“ხალხის ძალის” რიტორიკას ქვეყნისთვის დამაზიანებელს და ცეცხლთან თამაშს უწოდებს “მოქალაქეების” ლიდერი ალეკო ელისაშვილი.
“ანტიდასავლური რიტორიკა, ჩვენი გულითადი მეგობარი სახელმწიფოების ლანძღვა ისე, როგორც დაიწყო ამ ოთხეულმა და ახლა რომ უნდათ, რომ გაფართოვდნენ და უფრო მრავალხმიანად ლანძღონ, ეს არის ქვეყნისთვის ძალიან დამაზიანებელი და არის ცეცხლთან თამაში,” – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
“ნაციონალური მოძრაობის” წევრის რომან გოცირიძის თქმით, “ქართული ოცნებიდან” წევრების გამოყოფა თამაშის ნაწილია.
“რაღაც ფორმალურად თამაშობდნენ, ვითომ ერთი ნაწილი – “ქართული ოცნების” სახით, პროევროპულები და გამოყოფილები ანტიდასავლური, ანტიუკრაინული, ანტიქართული და პრორუსული. დღეს ფრაქციამ პარლამენტში უმრავლესობა დაკარგა და რომ შენარჩუნდეს საპარლამენტო უმრავლესობა, საჭიროა, უკვე მათი ხელახალი გაერთიანება,” – აღნიშნა რომან გოცირიძემ.
“სტრატეგია აღმაშენებლის” წევრი პაატა მანჯგალაძე კი აცხადებს, რომ “ხალხის ძალა” “ქართული ოცნების” რეალური სახეა.
“მე ვურჩევ “ქართულ ოცნებას” მოეშვას ამ ფარისევლურ თამაშს, რომ თითქოს ევროპაში მიდის, თითქოს ევროპულად არიან განწყობილები და ყველა გადმოსხდეს გურამ მაჭარაშვილის გვერდით. ეს არის მათი რეალური სახე. უკეთესიც არის, დავინახავთ რამდენი არიან, ვინ არიან და მივუჩენთ საკადრის ადგილს,” – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
ცნობისთვის “ხალხის ძალას” ახალი წევრები შეემატნენ. მმართველი პარტია დატოვა და მოძრაობას შეუერთდა “ქართული ოცნების” 5 წევრი, პარლამენტის დეპუტატები ეკა სეფაშვილი, ვიქტორ ჯაფარიძე, დავით კაჭარავა, დაჩი ბერაია და ზაალ მიქელაძე. მოძრაობა “ხალხის ძალა” საქართველოს პარლამენტში ცხრა დეპუტატით იქნება წარმოდგენილი, რაც ნიშნავს, რომ საკანონმდებლო ორგანოში მათ რიცხოვნობით მესამე პოლიტიკური ჯგუფი ეყოლებათ.
ასევე მოძრაობა “ხალხის ძალას” შეუერთდნენ ექსპერტები თამთა მეგრელიშვილი, ზურაბ ქადაგიძე, დავით ქართველიშვილი, თამარ ჩიბურდანიძე, ნუკრი შოშიაშვილი, ოთარ ჭულუხაძე, ნიკა ქობულაძე და იოანე შაიშმელაშვილი.