მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსი დამპყრობლებისგან 1 534 დასახლება გაათავისუფლეს

დონეცკის ოლქში, ლიმანში უკრაინის დროშა ოფიციალურად აღიმართა. ინფორმაციას ამის შესახებ დონეცკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პაველ კირილენკო პირად “ტელეგრამ” არხზე ავრცელებს.

“უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ძალების მეთაურმა ალექსანდრ სირსკიმ დონეცკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციას გადასცა გათავისუფლებულ დასახლებულ პუნქტებში შემდგომი ცხოვრების მოწესრიგების უფლებამოსილება. მადლობელი ვარ ჩვენი შეიარაღებული ძალების ჩვენი უკრაინული მიწის მტრებისგან გაწმენდისთვის. ოკუპანტები ნანგრევებს ტოვებენ. თუმცა მთავარია – ეს ჩვენი მიწაა. ყველაფერს თავიდან ავაშენებთ”, – წერს კირილენკო.

მან ასევე აღნიშნა, რომ ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ დასახლებაში სამუშაო ლოჯისტიკის მოწესრიგებით, ჰუმანიტარული დახმარების შემოტანითა და პენსიების გაცემით იწყება. ამავდროულად, მან თავის დროზე ევაკუირებულ მოსახლეობას მიმართა და აღნიშნა, რომ სახლში დაბრუნება ჯერ ადრეა, ვინაიდან, მიმდინარეობს განაღმვითი სამუშაოები და წინ რთული ზამთარია.

უკრაინული არმიის მორიგი წარმატება უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსი დამპყრობლებისგან 1 534 დასახლება გაათავისუფლეს- გათავისუფლებულია ხარკოვის ოლქის ბოროვას დასახლება
ამის შესახებ პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილემ კირილო ტიმოშენკომ ბრიფინგზე განაცხადა.

“დეოკუპაციის ღონისძიებები გრძელდება, 1 534 დასახლებული პუნქტი უკვე დეოკუპირებულია. დონეცკის, ლუგანსკის, ნიკოლაევის, 483 ხარკოვის ოლქში და ხერსონის ოლქების ტერიტორიაზე სახელმწიფო ხელისუფლების მუშაობა გრძელდება”, – თქვა ტიმოშენკომ.

მისივე თქმით, რუსი დამპყრობლებისგან გათავისუფლებულ ტერიტორიებზე რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციების მიერ ორგანიზებული იყო 1 445 ჰუმანიტარული შტაბი.

გარდა ამისა, მისივე ინფორმაციით, ნაღმებისგან 500-ზე მეტი დასახლებაა გაწმენდილი, 1 200 დასახლებაში აღდგა ეროვნული პოლიციის მუშაობა, 1 508 დასახლებაში კი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა დაიწყეს მუშაობა. ასევე, გათავისუფლებულ ტერიტორიებზე 933-მა სამედიცინო დაწესებულება მუშაობა განაახლა.
კიევის კონტროლს დაუბრუნდა ასევე სოფელი ბოგუსლავკა, სადაც მეომრებს ადგილობრივმა მოსახლეობამ ღირსეული დახვედრა მოუწყო.
ხერსონის ოლქში უკვე 50 დასახლებულ პუნქტზე მეტია დეოკუპირებული. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ევგენი ენინი ავრცელებს.

“რაც შეეხება ხერსობის ოლქს, იქ ამ დროისთვის ჯამში 50 დასახლებულ პუნქტზე მეტია დეოკუპირებული, რუსული ოკუპაციისგან გათავისუფლებულია დაახლოებით 3 500 მოქალაქე”, – განაცხადა ენინმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ დეოკუპაციასთან ერთად მიმდინარეობს რუსეთის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულების დაფიქსირებაც.

“ეროვნული პოლიციის გამომძიებლებმა დააფიქსირეს 105 სამხედრო დანაშაული და ეს მუშაობა გრძელდება”, – თქვა უკრაინის შს მინისტრის მოადგილემ.
უკრაინული დროშა სამხედროებმა ხერსონის ოლქის დავიდოვ ბროდის დასახლებაშიც აღმართეს. მანამდე კი ამ ოლქებში რუსი აგრესორების პოზიციებზე მასირებული შეტევა განხორციელდა. მხოლოდ ავიაციის 9 დარტყმის შედეგად, ოკუპანტების 60-ზე მეტი ერთეული ტექნიკა, მათ შორის 31 ტანკი და 27 ჯავშანმანქანა განადგურდა. ლიკვიდირებულია 90-მდე რუსი სამხედრო.
“დავიდოვ ბროდი! დაბრუნებულია! ახლახან იქ ჩვენი დროშა აღიმართა! შევხვდებით მდინარე ინგულეცზე!” – დაწერა დეპუტატმა.

უკრაინელი სამხედროების მიერ ხარკოვის და ხერსონის ოლქში ტერიტორიების დაბრუნებას, რუსულმა არმიამ რამდენიმე საათში ამავე ოლქებზე საჰაერო შეტევით უპასუხა. ხარკოვში 1 დაღუპული და 1 დაშავებულია. საჰაერო დარტყმით ოკუპანტებმა ქალაქის საავადმყოფო გაანადგურეს. ხერსონის რამდენიმე დასახლებას კი ოკუპანტები თითქმის ორი საათის განმავლობაში მძიმე შეიარაღებით უტევდნენ.

საზენიტო-სარაკეტო კოპლექს “ს-300-დან” გახსნეს ცეცხლი ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს მიმართულებით. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, სამიზნე დასახლებული პუნქტები იყო. განადგურებულია კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურა. ათასობით ადამიანი ელექტრო ენერგიის და ბუნებრივი აირის გარეშეა დარჩენილი.

უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმას ბელარუსის მხრიდან კატეგორიულად გამორიცხავს ალექსანდრე ლუკაშენკო. მაგრამ ამბობს, რომ მინსკი რუსეთის “სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში” მონაწილეობს. ბელარუსის პრეზიდენტის ინტერვიუს ადგილობრივი გამოცემები აქვეყნებენ.

ვოლოდიმირ ზელენსკი კი ვლადიმერ პუტინთან ნებისმიერი სახის დიალოგს გამორიცხავს. უკრაინის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც ოფიციალურად ეწინააღმდეგება კრემლის ლიდერთან მოლაპარაკებების გამართვას.

უკრაინის საზღვრების გადახედვას ეწინააღმდეგებიან და ქვეყნის დასაცავად მზად არიან აზოვის პოლკის მეთაურები. თუმცა შეთანხმების მიხედვით, ისინი თურქეთში ომის დასრულებამდე უნდა დარჩნენ. მანამდე კი, მარიუპოლის დამცველებს სიურპრიზი მოუწყვეს. ომის დაწყების დღიდან პირველად მათ ოჯახის წევრები – მეუღლეები და შვილები ნახეს. თურქეთში მათი ჩასვლა, უკრაინის პრეზიდენტის მეუღლემ ოლენა ზელენსკამ უზრუნველყო.
აღსანიშნავია, რომ ხერსონის რაიონში მდებარე დავიდოვ ბროდის დაკავებას ოკუპანტები 2 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში ცდილობდნენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button