ხალხის შეცდომაში შეყვანა და ,, უხეირო,, პროტესტი-მმართველ გუნდში საპროტესტოს აქციების მიზნებზე საუბრობენ

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “ხალხის ძალა” თავმჯდომარის მოადგილე, გურამ მაჭარაშვილი საპროტესტოს აქციების მიზნებზე საუბრობს. მისი თქმით, მთავარი ამოცანა ხალხის შეცდომაში შეყვანაა:
“ამ აქციების მიზანი ის კი არ არის, რომ რაღაც პოლიტიკური კრიზისი შექმნან, იმიტომ რომ ამის რესურსი არ აქვთ, უბრალოდ დეზინფორმაციაზე არიან გადასულები. გამოდიან და ჭორიკანა ადამიანებივით ტყუილებს იგონებენ, რომელიც ძალიან მალე გაბათილდება ხოლმე. ერთადერთი, რაც შეიძლება ჰქონდეს ასეთ აქციებს მიზანი, არის ხალხის შეცდომაში შეყვანა, რაც, ასევე, აღარ გამოსდით. გარდა იმისა, რომ უკვე იდეაც აღარ გააჩნია, მატერიალურადაც უკვე აღარ არიან უზრუნველყოფილები და ეს ემჩნევა უკვე მიმდინარე აქციებს,” – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.
მმართველ გუნდში საპროტესტოს აქციების მიზნებზე საუბრობენ. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თორნიკე ჭეიშვილი აცხადებს, რომ კონკრეტული ადამიანები ცდილობენ ქვეყანაში საპროტესტო მუხტის იმიტაცია შექმნან.
“სერიოზული შეფასების გაკეთება, პირდაპირ რომ ვთქვათ, არის ძალიან რთული, ვინაიდან ეს ე.წ. პროტესტი ყველა ძალიან კარგად ხედავს, თუ რაოდენ უხეიროა და მარგინალიზებულია ის ჯგუფი ადამიანებისა, რომელიც ისევ და ისევ ცდილობს შექმნას ერთგვარი განცდა თუ იმიტაცია, რომ რაღაც საპროტესტო მუხტი ქვეყანაში არსებობს. ამის პარალელურად, ჩვენი საზოგადოება ხედავს იმას, რომ საქართველო კიდევ უფრო მეტად წინაურდება სხვადასხვა საერთაშორისო რეიტინგებში, ეკონომიკა იზრდება უპრეცედენტო ტემპით,” – აღნიშნა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილემ, თორნიკე ჭეიშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურასთან საპროტესტო აქცია გაიმართა – აქტივისტები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები თავდაპირველად მეტროსადგურ “დიდუბის” მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბნენ, შემდეგ კი, საგამოძიებო უწყებისკენ მსვლელობა მოაწყვეს. შემდეგი გაჩერება საქართველოს პარლამენტია. აქციის მონაწილეებს ადგილზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აქვთ მიტანილი, ასევე, სხვადასხვა შინაარსის ბანერებიც.