მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

“ხალხის სისხლით ფულს შოულობენ” -ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ის ევროპული ქვეყნები, რომლებიც რუსეთისგან ნავთობის შეძენას განაგრძობენ, „ფულს სხვა ადამიანების სისხლით“ შოულობენ, – ამის შესახებ ზელენსკიმ „ბიბისისთან“ ინტერვიუში ისაუბრა.

BBC-სთან ინტერვიუში , ზელენსკიმ გერმანია და უნგრეთი გამოყო და ისინი ენერგეტიკული რესურსების ემბარგოს მცდელობის დაბლოკვაში დაადანაშაულა.

„ენერგომატარებლების გაყიდვით რუსეთი მიმდინარე წელს 326 მილიარდი დოლარის მიღებას შეძლებს. ზოგიერთი ჩვენი მეგობარი და პარტნიორი აცნობიერებს, რომ ახლა განსხვავებული დროა, რომ ეს უკვე არ არის ბიზნესისა და ფულის საკითხი. ეს არის გადარჩენის საკითხი“, – განუცხადა ვოლდიმირ ზელენსკიმ ბრიტანეთის საზოგადოებრივ მაუწყებელს.

პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ მოუწოდა მსოფლიოს, მიაწოდონ უკრაინას იარაღი, რადგან მისი თქმით, უკრაინა საკმარისად სწრაფად არ იღებს მარაგებს იმისთვის, რომ რუსეთის თავდასხმა მოიგერიოს.

„აშშ, დიდი ბრიტანეთი და ზოგიერთი ევროპული ქვეყნები ცდილობენ დახმარებას და გვეხმარებიან, თუმცა ჩვენ ეს უფრო მალე და უფრო სწრაფად გვჭირდება. მთავარი სიტყვაა „ახლა“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, ბოლო კვირების განმავლობაში რუსმა სამხედროებმა კიევის შემოგარენიდან და ქვეყნის სხვა ცენტრალური და ჩრდილო ნაწილებიდან უკან დაიხიეს, მაგრამ ამავდროულად არსებობს ,, სისხლიანი და გაჭიანურებული კონფლიქტის შიში ქვეყნის აღმოსავლეთსა და სამხრეთში“.

ბრიტანულ მაუწყებელთან საუბრისას ზელენსკიმ რუსეთის ძალების მიერ ბლოკადაში მოქცეულ მარიუპოლზე, იქ არსებულ ვითარებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი აზრით, ქალაქში შესაძლოა, მოკლული იყოს ათობით ათასი ადამიანი.

„ჩვენ ასევე გვაქვს ინფორმაცია, რომ ათობით ათას გარდაცვლილთან ერთად, ბევრი გაუჩინარებულია. ჩვენ ვიცით, რომ მათ შეუცვალეს დოკუმენტები, მისცეს რუსული პასპორტები და წაიყვანეს რუსეთში, ზოგი ბანაკებში, ზოგი სხვა ქალაქებში. არავინ იცის, რა მოუვიდა ამ ხალხს. არავინ იცის, რამდენია მოკლული“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ზელენსკის თქმით, რუსეთის მიერ მარიუპოლში, ასევე კიევის ოლქის ქალაქებში – ბუჩასა და ბოროდიანკაში ჩადენილმა სისასტიკეებმა კიდევ უფრო შეამცირეს რუსებთან მშვიდობიანი მოლაპარაკებების შესაძლებლობა.

„საქმე ჩემში არ არის, საქმე რუსებშია. მათ არ ექნებათ ბევრი შანსი ჩვენთან სასაუბროდ“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

როგორც ზელენსკიმ განაცხადა, გასულ კვირას ბუჩაში ვიზიტის შემდეგ მას ემოციებიდან მხოლოდ რუსი სამხედროებისადმი სიძულვილი დარჩა. მან რუსეთის პრეზიდენტი პუტინს და რუსეთის არმიის წევრებს „ომის დამნაშავეები“ უწოდა.

ზელენსკიმ ასევე ისაუბრა, რომ რუსეთის ინტერვენციის წინ მისი მთავრობა მუშაობდა იარაღისა და მომარაგების უზრუნველყოფაზე და ასევე ფოკუსირებული იყო მოსახლეობაში პანიკის თავიდან აცილებაზე, რადგან პანიკა ბანკებში ხალხის დიდ ნაკადს და ეკონომიკის დესტაბილზიაციას გამოიწვევდა.

„ეს იყო ის, რასაც რუსეთს და არა მხოლოდ რუსეთს უნდოდა, თუმცა ჩვენ ეს არ დავუშვით. ჩვენ არ ველოდებოდით ფართომასშტაბიან ინტერვენციას, როდესაც ეს მოხდა“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ახლა ყველაზე რთული მდგომარეობა შეიარაღებული ძალებისთვის ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილშია შექმნილი, თუმცა იქ კონცენტრირებულია უკრაინის ყველაზე ძლიერი დანაყოფები.

„მათ შეუძლიათ ჩვენი განადგურება, თუმცა ჩვენ ვუპასუხებთ; მათ შეუძლიათ, მოგვკლან, თუმცა ასევე მოკვდებიან. მე არ მესმის რისთვის, არ მესმის, რატომ მოვიდნენ ისინი“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მსგავსი პოსტები

Back to top button