მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ომის 50 დღე და რუსული აგრესია უკრაინის წინააღმდეგ

რუსულ ომს უკრაინაში 5 ათასზე მეტი ჟურნალისტი აშუქებს

გენოციდის დამადასტურებელი უმძიმესი ფაქტები და შემზარავი ისტორიები, რომელიც კრემლის დიქტატორის სახელს უკავშირდება. საოკუპაციო ჯარების მიერ, ჩადენილის ომის დანაშაულების რიცხვი ყოველდღიურად იზრდება.

10 ათასობით მოკლული, მილიონობით დევნილი და 800 ათასი იძულებით დეპორტირებული უკრაინელი. ამ სურათს ამძიმებს, ბავშვების გატაცებისა და გადასახლების ასობით ფაქტი. მოზარდებს უკანონოდ აშვილებენ რუსეთის ფედერაციაში.

ზუსტად 50 დღის წინ უკრაინაში საზოგადოების დიდი ნაწილი ელოდებოდა ომს, თუმცა ვერ წარმოედგინათ, რომ ერთმორწმუნე რუსეთი სრულმასშტაბიან შეჭრას განახორციელებდა და თითქმის მთელი ქვეყნის ტერიტორიას დაბომბავდა.

რუსეთში ვერ წარმოიდგენდნენ უკრაინის ასეთ წინააღმდეგობას. ბლიცკრიგის გეგმა, რაც მაქსიმუმ 5 დღეში უკრაინის ხელისუფლების და არმიის დემორალიზებას, დანებებას და ყველა დიდ ქალაქზე კონტროლის აღებას ითვალისწინებდა, ჩავარდა.

რასაც 50 დღის წინ ვერ წარმოიდგენდა დანარჩენი მსოფლიო, ეს არის ომის უმძიმესი დანაშაულები და სისასტიკის სრული ნაკრები რუსების მხრიდან.

დღეს სწორედ 50 დღე გავიდა რუსეთ უკრაინის ომის დაწყებიდან, რომელსაც მოსკოვი დღემდე სპეცოპერაციას უწოდებს.

50 დღის განმავლობაში უკრაინას უკვე 7 მილიონი ლტოლვილი ჰყავს ქვეყნის შიგნით, ქვეყნის დატოვება კი 5 მილიონამდე ადამიანს მოუწია.

განადგურებულია ქალაქები, მსხვერპლის ზუსტი რაოდენობის დასახელება კი ჯერ შეუძლებელია.

ქვეყნის სახალხო დამცველმა, დღეს არაერთ შემზარავ ტრაგედიაზე ისაუბრა, თუ როგორ აუპატიურებენ ქალებს და ბავშვებს რუსი სამხედროები და დაუნდობლად კლავენ.

სანაცვლოდ რუსეთმა მიიღო სანქციების უპრეცედენტო პაკეტი, განადგურებული სამხედრო ტექნიკა და 20 ათასი მოკლული სამხედრო.

ჩვენ ვიცოდით, რომ რუსეთი შემოჭრისთვის ემზადებოდა, თუმცა ომის დაწყებას 22 თებერვალს ველოდებოდით და არა 24 თებერვალს, – ამის შესახებ უკრაინის უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ალექსეი დანილოვმა ტელეკომპანია „ბიბისის“ უკრაინულ სამსახურთან ინტერვიუში განაცხადა.

როგორც დანილოვი აცხადებს, უკრაინის მთავრობა აცნობიერებდა, რა მოხდებოდა უკრაინის ტერიტორიაზე.

„ისინი 22 თებერვალს უნდა დასხმოდნენ თავს ჩვენს ქვეყანას იმ ფორმატში, რომელიც ახლა არის. ერთადერთი რასაც ველოდებოდით, რომ ბელარუსის ტერიტორია იქნებოდა გამოყენებული. დისკუსია ამის შესახებ იყო, თუმცა ჩავთვალეთ, რომ ეს სხვაგვარად მოხდებოდა. მაგრამ, მოხდა ის, რაც მოხდა. ჩვენი დადანაშაულება, რომ არ ვემზადებოდით, არაკორექტულია. ჩვენ არ შეგვეძლო, გამოვსულიყავით საჯაროდ და გვეთქვა: მეგობრებო, 22 თებერვალს დაიწყება ომი. ეს დაუშვებელია სახელმწიფოს მმართველის თვალსაზრისით, მაგრამ ჩვენ ვემზადებოდით“, – განაცხადა დანილოვმა.

მისივე თქმით, 22 თებერვალს საღამოს უკრაინელ მზვერავებს უკვე ჰქონდათ მტკიცებულებები, რომ რუსებს დაურიგეს ბრძანება შეტევის შესახებ, მაგრამ შემდეგ მათმა მეთაურებმა თარიღი შეცვალეს.

დანილოვის განცხადებით, დასავლური ქვეყნების სპეცსამსახურები ვარაუდობდნენ, რომ უკრაინა რუსეთის შეტევას მაქსიმუმ 21 დღე გაუძლებდა. თუმცა, როგორც დანილოვი განმარტავს, მათ ეს დასკვნა რუსეთისა და უკრაინის ხელთ არსებული ტექნიკის რაოდენობის შედარების საფუძველზე გააკეთეს და არ გაუთვალისწინებიათ უკრაინელი ხალხის სურვილი, დაიცვას საკუთარი მიწა.

უკრაინის უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი „ბიბისისთან“ ვრცელ ინტერვიუში ასევე საუბრობს რუსეთის მხრიდან ვოლოდიმირ ზელენსკის ლიკვიდაციის გეგმაზე.

„მათი გეგმა იყო მარტივი და თავხედური: პირველ ყოვლისა, ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტის განადგურება. ეს მათთვის ნომერ პირველი საკითხი იყო და ამის რამდენიმე მცდელობაც იყო. ყველაზე ბოლოს ეს 7 მარტს მოხდა, როდესაც დასავლელი პარტნიორებისგან მივიღეთ ინფორმაცია, რომ ასეთი ოპერაცია მზადდებოდა. ბევრი სროლა იყო პირველ დღეებში. მე არ მინდა, დავასახელო იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც იმ დღეებში მოვკალით, ვგულისხმობ დივერსიული ჯგუფების წევრებს, რომლებიც ტერიტორიაზე იყვნენ შემოსული. ისინი აქ იყვნენ და ჰქონდათ ქსელი, იყო დამუშავებული ბევრი მომენტი. მე მადლიერი ვარ პრეზიდენტის დაცვისა და სახელმწიფო დაცვის სამსახურის, რომელიც იცავდა და იცავს სამთავრობო კვარტალს და ყველა ჩვენი სამხედროსი. მე ვიცი, ვის ამზადებდნენ ისინი ზელენსკის ადგილისთვის. ეს არც მედვედჩუკი და არც იანუკოვიჩია. ესენი იყვნენ ადამიანები დიდი ეპოლეტებით“, – განაცხადა დანილოვმა.

პუტინის არმიის მიერ მოკლული სიმართლე. ომის დაწყების დღიდან ამ დრომდე რუსმა სამხედროებმა 20 რეპორტიორი დახოცეს, მათ შორის გავლენიანი მედიის წარმომადგენლები.

ჟურნალისტებს კლავდნენ პროფესიული მოვალეობის შესრულებისას, რათა რუსული არმიის სისასტიკეზე მსოფლიომ არაფერი გაიგოს.

რუსული ტყვიებისგან და რაკეტებისგან ჟურნალისტები ვერ დაიცვა ვერც ჯავშანჟილეტებმა და ვერც წარწერამ – PRESS, რომელიც როგორც წესი ერთგვარი სიგნალია ნებისმიერი ცივილური არმიისთვის, რომ ეს პირი ჟურნალისტია.

დაღუპული რეპორტიორების ნაწილს ნასროლი აქვს დამიზნებით, გაკეთებული აქვთ საკონტროლო გასროლებიც თავში. ისინი ვინც ვერ დახოცეს, ოკუპანტებმა მოიტაცეს და აწამეს, ასეთი ჟურნალისტების ბედი ამ დრომდე გაურკვეველია.

შეგახსენებთ რომ რუსულ ომს უკრაინაში 5 ათასზე მეტი ჟურნალისტი აშუქებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button