ხალვაში: ერთადერთი ვისთანაც დებატებში დავჯდები ეს სააკაშვილია

ბიზნესმენი და “რუსთავი2”-ის ყოფილი მფლობელი ქიბარ ხალვაში განცხადებას ავრცელებს,რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

“საქართველოს პრეზიდენტთან, გიორგი მარგველაშვილთან დღევანდელმა ჩემმა შეხვედრამ მედიაში საკმაოდ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.

მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ პრეზიდენტს, რომ ოპერატიულად გამოეხმაურა ჩვენს თხოვნას და შეგვხვდა. ჩვენ მას მოვუყევით ყველაფერი, რაც საქმის სამართლებრივ მხარეს ეხება, ვთხოვეთ, რომ დააკვირდეს სასამართლოს პროცესს, რამდენადაც ფაქტია, სასამართლო ნაციონალური მოძრაობის მხრიდან არნახულ ზეწოლას განიცდის და არის მცდელობა, რომ ნაციონალური მოძრაობის წრეგადასულმა ქმედებებმა ზეგავლენა მოახდინოს სასამართლოს საქმიანობაზე. პრეზიდენტს ვთხოვეთ მისი წარმომადგენელი დაესწროს პროცესს, რათა მას ჰქონდეს რეალური და მიუკერძოებელი ინფორმაცია საქმის მიმდინარეობასთან დაკავშირებით.

საკმაოდ ვრცელი და საინტერესო საუბარი გამოვიდა, რისთვისაც კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი გიორგი მარგველაშვილს.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ დღევანდელი შეხვედრის შემდეგ საქართველოში არსებულმა პრაქტიკულად ყველა ტელევიზიამ მიმიწვია პირდაპირ ეთერში. მინდა მადლობა გადავუხადო მედიას ასეთი ინტერესისთვის და აქვე მოვუბოდიშო, რომ ამ ეტაპზე არ ვთვლი საჭიროდ ტელე–ეთერით საკითხთან დაკავშირებით უფრო ვრცლად საუბარს.

ერთადერთ შემთხვევაში, თუ რომელიმე ტელევიზია, მათ შორის, თუნდაც რუსთავი 2, მოახერხებს და ორგანიზებას გაუკეთებს ჩემს დებატებს მიშა სააკაშვილთან, სიამოვნებით მივიღებ მონაწილეობას, ამ ჩემი აზრით, ყველასთვის საინტერესო პირდაპირ ეთერში.

გარწმუნებთ, სააკაშვილთან ჩემი დებატები სულ რამდენიმე წუთში დაუსვამს წერტილს ამ დავას და საზოგადოებას დაანახვებს ვინ რას წარმოადგენს და ვის რა ხელი ჰქონდა რუსთავი 2–თან.

საზოგადოებას ეხსომება, რამდენიმე დღის წინ მე ტელედებატებში გამოვიწვიე რუსთავი 2–ის ნომინალური მფლობელები, ძმები ყარამანაშვილები, შემდგომ რუსთავი 2-ის ფაქტობრივი მეპატრონე, მიშა სააკაშვილი. როგორც მოსალოდნელი იყო, მათ ჩემს ამ გამოწვევას იგნორით უპასუხეს. ვფიქრობ, ყველაფერი დღესავით ნათელია. რაც შეეხება ბატონ გვარამიას, – ნომინალური მფლობელების მიერ დაქირავებულ დირექტორადწოდებულთან, რა თქმა უნდა, სალაპარაკო არაფერი მაქვს,”-ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი პოსტები

Back to top button