ახალი ამბებიეკონომიკამნიშვნელოვანი

ხაშურის შემოვლითი ახალი გზა გაიხსნა

დღეიდან, 22 აგვისტოდან ექსპლუატაციაში შევიდა ხაშურის შემოვლითი გზა. გახსნას ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ახალი გზის 13 კმ-დან, გზის 11.5 კმ-იან მონაკვეთზე ექსპლუატაციაში შევიდა ავტომაგისტრალის ახალი ოთხი ზოლი, ხოლო 1.5 კმ-იან მონაკვეთზე ავტოტრანსპორტი დროებით იმოძრავებს ორზოლიანი გზით. დარჩენილი მონაკვეთი სრულყოფილ ექსპლუატაციაში წესით ოქტომბერში უნდა შევიდეს და შესაბამისად, მოძრაობაც მთელ, 13 კმ-იან მონაკვეთზე 4 ზოლიანი გახდება.

საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ დღეს გახსნილი გზის საშუალებით გადაადგილების დრო 40-50%-ით შემცირდება და მგზავრობა არსებულ გზაზე ნაცვლად 20 წუთისა, 10 წუთში იქნება შესაძლებელი.

„რიკოთიც რომ დასრულდება, ჩვენ სულ სხვა ქვეყანას მივიღებთ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.

ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა გახსნილი გზის მნიშვნელობაზე ილაპარაკა და ასევე 2021 წლის გეგმებზეც გაამახვილა ყურადღება:

„იმის გათვალისწინებით, რომ ახლა ინტენსიური მოძრაობაა შავი ზღვის კურორტების მიმართულებით, ძალიან მნიშვნელოვანია ამ გზის გახსნა. საინჟინრო თვალსაზრისით საინტერესო მონაკვეთია. აქ არის ორი ძალიან დიდი ხიდი, ერთ-ერთი კი გამორჩეულია ყველაზე მაღალი ბურჯებით საქართველოში. საინჟინრო სირთულეებსა და თავისებურებებზე მეტად, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტები. მთლიანობაში წელს უკვე გავხსენით დასავლეთ-აღმოსავლეთის დამაკავშირებელი 46 კმ ახალი საერთაშორისო მნიშნელობის მაგისტრალი, წლის ბოლომდე კი ეს რიცხვი გაიზრდება 70 კმ-მდე“, – განახადა მაია ცქიტიშვილმა.

მისი თქმით, ინფრასტრუქტურულ პროექტებში წლევანდელი მაჩვენებელი რეკორდულია.

„2021 წელსაც გვაქვს მნიშვნელოვანი გეგმები, გაიხსნება ბათუმის შემოვლითი გზა და ასევე, სამტრედია-გრიგოლეთის პირველი მონაკვეთი, ანუ ქუთაისის შემოვლითი გზით სრულად შევძლებთ, რომ ვისარგებლოთ წლის ბოლომდე და გაისად უკვე დავამატებთ კიდევ 15კმ-იან მონაკვეთს, რომელიც შუერთდება ჯაპანა-ლანჩხუთის გზას. დამატებით, 34 კმ-იანი ახალი საერთაშორისო მაგისტრალის მშენებლობა დასრულდება 2022 წელს“, – აღნიშნა ცქიტიშვილმა.

როგორც ცნობილია, პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ფინანსური მხარდაჭერით და ევროკავშირის ფინანსური გარანტიით განხორციელდა და 133 მლნ ლარი დაჯდა. პროექტში მსოფლიო ბანკის (WB) ფინანსური მხარდაჭერის წილი 50 მლნ ლარია.

მსგავსი პოსტები

Back to top button