მნიშვნელოვანისიახლეები

ხაზარაძის თქმით ,,მისი დაკავება უნდათ,,

ძლიერი საქართველოს ლიდერი მამუკა ხაზარაძე წერს, რომ პროკურატურიდან მოწმის სტატუსით მისვლასთან დაკავშირებით დაუკავშირდნენ. საუბარია პროკურატურის მიერ დაწყებულ გამოძიებაზე, რომელიც არალეგიტიმურ პარლამენტში შექმნილ ენმ-ის საქმიანობის შემსწავლელ კომისიაზე გამოუცხადებლობას ეხება.
ხაზარაძე ვარაუდობს, რომ მისი დაკავება უნდათ და აცხადებს, რომ მზადაა მაგისტრ მოსამართლესთან მისასვლელად.
“პროკურატურიდან დამიკავშირდნენ, მოწმის სტატუსით მობრძანდიო. ძალიან საინტერესოა, რისი მოწმე ვარ?! საცირკო წარმოდგენაში, რომ არ მივიღე მონაწილეობა? რა თქმა უნდა, დაკავება უნდათ. მზად ვარ მაგისტრ მოსამართლესთან ნებისმიერ დროს მოვიდე. კიდევ ერთხელ ვამბობ – გამიზნულად და სრული გააზრებით არ მივედი არაღიარებულ პარლამენტში, გაურკვეველ კომისიაზე, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს ბიძინას მურუსიძე მართავს, მზად ვარ ამ სასამართლოშიც კი გავარჩიოთ ნებისმიერი ამბავი, რომელიც გაინტერესებთ”- წერს ის.

მამუკა ხაზარაძე პროკურატურაში არ მივა, თუმცა მზად არის, მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაიკითხოს. მის წინააღმდეგ ძიება დროებითი საგამოძიებო კომისიის მიმართვის საფუძველზე დაიწყო, მას შემდეგ, რაც პოლიტიკოსმა უარი თქვა ამავე კომისიასთან თანამშრომლობაზე. სავარაუდოდ, იგივე პროცედურები ელოდება ბადრი ჯაფარიძეს.
როგორც “ძლიერი საქართველოს” გენერალური მდივანი, ირაკლი კუპრაძე აცხადებს, რომ გააგრძელებენ ბრძოლას და წინააღმდეგობის გაწევას.
“მამუკა ხაზარაძე მზად არის, მაგისტრანტი მოსამართლის წინაშე მივიდეს და ნებისმიერ შეკითხვას გასცეს პასუხი, რადგან სიმართლე არის კოალიცია “ძლიერ საქართველოს” და მისი ლიდერების მხარეს. ჯაფარაძის საქმე გადაცემულია პროკურატურისთვის და მათგან დამატებით პოლიტიკურ ნაბიჯებს ველოდებით. მზად ვართ, გამოწვევა მივიღოთ. ჩვენ საგარეო გზავნილები უკვე გაკეთებული გვაქვს ჩვენ პარტნიორებთან. ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას და წინააღმდეგობის გაწევას,” – აღნიშნა ირაკლი კუპრაძემ.
“ლელოს” ლიდერები პარლამენტში “მაგნატის” საქმის განხილვაზე დაიბარეს. ეს არის კომპანია, რომლის მესაკუთრე აცხადებს, რომ “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში ყოფნის დროს ბიზნესი წაართვეს და უკანონოდ დააკავეს. ბიზნესმენი ირწმუნება, რომ ქონება ჩამოერთვა დავით კეზერაშვილის დავალებით და “თიბისი” ბანკის ხელმძღვანელების მონაწილეობით. თავად მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე საპარლამენტო განხილვებს საცირკო წარმოდგენას უწოდებენ. აღსანიშნავია, რომ კომისიასთან თანამშრომლობაზე უარი ჯარიმით ან ერთ წლამდე პატიმრობით ისჯება.

კომისიის შესახებ
„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდის შემსწავლელი კომისიის შექმნაზე „ქართულმა ოცნებამ“ 2025 წლის 9 იანვარს ისაუბრა. მამუკა მდინარაძის თქმით, კომისია შეისწავლის:

საპატიმროებში პატიმართა წამების საქმეებს;
ადამიანების მკვლელობის, ძალადობის, პირადი ცხოვრების ხელყოფის შემთხვევებს;
კორუფციას და ბიზნესზე ზეწოლას, მედიასაშუალებების მისაკუთრებას;
2008 წლის აგვისტოს ომის „დაწყების აღიარებას“ და „ქართველი სამხედროებისთვის ომის დანაშაულის დაბრალებას“;
მდინარაძემ აღნიშნა, რომ „2008 წლის ომის საქმეზე გამოძიების ადრესატები არ იქნებიან სამხედრო მეთაურები და ჯარისკაცები“.
კომისია სამი თვის ვადით 5 თებერვალს შეიქმნა, რასაც მხარი დაუჭირა „ქართული ოცნების“ 83-მა წარმომადგენელმა. კომისიაში სულ რვა წევრი მუშაობს:

„ქართული ოცნებიდან“ თეა წულუკიანი (კომისიის თავმჯდომარე), თენგიზ შარმანაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, ალუდა ღუდუშაური, პაატა სალია;
ოპოზიციის კვოტა აითვისეს „ხალხის ძალისა“ (სოზარ სუბარი, გურამ მაჭარაშვილი) და „ევროპელი სოციალისტების“ (ილია ინჯია) წარმომადგენლებმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვა და პარტიისთვის „მკაცრი პოლიტიკური და სამართლებრივი განაჩენის“ გამოტანა იყო „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო დაპირება, რისთვისაც პარტიას პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობით შესვლა ჰქონდა განზრახული, რაც ვერ მოახერხა.

მსგავსი პოსტები

Back to top button