“ხელისუფლება არ აღიარებს მოსამართლეთა კლანის არსებობას”- NGO
არასამთავრობო ორგანიზაციები 26 მაისს გამართულ მოსამართლეთა კონფერენციას სპეციალური განცხადებით ეხმაურებიან.
განცხადების ხელმომწერი ორგანიზაციები მოუწოდებენ საქართველოს პარლამენტს, დროულად დაიწყოს მართლმსაჯულების სისტემის ფუნდამენტურ რეფორმაზე მუშაობა და ამ მიზნით, უზრუნველყოს ინკლუზიური, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ თანხმობაზე დაფუძნებული განხილვის პროცესი
”დღეს საქართველოს ხელისუფლება ცდილობს ფასადური რეფორმებით საერთაშორისო პარტნიორები და ქართული საზოგადოება დაარწმუნოს, რომ მას სასამართლოს სიტემის რეფორმირების სურვილი აქვს. ამავდროულად, ხელისუფლება არ აღიარებს სისტემაში არსებულ მთავარ პრობლემას – მოსამართლეთა კლანის არსებობას. მმართველმა გუნდმა, პირველ რიგში, უნდა აღიაროს სასამართლო სისტემაში არსებული კლანური მმართველობის შედეგად შექმნილი მძიმე ვითარება და შემდგომი სასამართლო რეფორმები სწორედ ამ გამოწვევების გააზრებით უნდა განახორციელოს“, – აღნიშნულია არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებაში.
განცხადებას ხელს 8 ორგანიზაცია აწერს.
ესენი არიან: “სოციალური სამართლიანობის ცენტრი” , “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”, “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო”, “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა”, “ღია საზოგადოების ფონდი”, “უფლებების საქართველო”, “ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი”, “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება”.
შეგახსენებთ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 4 მოსამართლე წევრის ასარჩევად მოსამართლეთა კონფერენცია 26 მაისს გაიმართა.