მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

“ხელისუფლებამ დემოკრატიის ტესტი წარმატებით ჩააბარა”

20 ივნისის დარბევის 1 წლისთავთან დაკავშირებით პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება” განცხადებას ავრცელებს. პარტიის თქმით, მაშინ, როცა “პროტესტი ქაოსსა და ძალადობაში იზრდება, ნებისმიერი პასუხისმგებლიანი ხელისუფლების პირდაპირი ვალდებულებაა, დაიცვას კანონი, სახელმწიფო და საზოგადოება”.

“დღეს, როცა 20 ივნისის მოვლენებს ვაფასებთ, მომხდარის გაანალიზება სწორედ ამ რაკურსიდან უნდა ვცადოთ, რათა მომავალში მინიმუმადე დავიყვანოთ უკიდურესად დამაზიანებელი პროცესების რეციდივის შანსი.” – აღნიშნულია განცხადებაში.

“ოცნება” გავრილოვის ვიზიტს პარლამენტში “სამწუხარო შეცდომას” უწოდებს და აღნიშნავს, რომ პარტიამ მოიბოდიშა, თუმცა “დესტრუქციული ოპოზიცია შეეცადა, ეს პროტესტი საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოეყენებინა და საპროტესტო ტალღა ძალადობრივ აქციაში გადაზარდა”.

“პარლამენტის შენობასა და საპოლიციო ძალებზე მათ ინტენსიური შტურმი მიიტანეს და ფაქტიურად, ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობა სცადეს.

“მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტის შენობაში ძალადობრივი შეჭრის მცდელობა, პრაქტიკულად, ყველა ტელევიზიის პირდაპირ ეთერში ხორციელდებოდა და შტურმის ორგანიზატორთა თუ აქტიურ მინაწილეთა მიმართ უტყუარი მტკიცებულებები დაგროვდა, ოპოზიცია, კარგა ხანი, მისთვის ჩვეული უტიფრობით უარყოფდა ფაქტებს, რომლებიც მთელმა საქართველომ საკუთარი თვალით იხილა.” – აღნიშნავს მმართველი პარტია.

“თუმცა, გასული ერთი წლის განმავლობაში, ოპონენტებმა არაერთხელ, პირდაპირ თუ ირიბად, დაადასტურეს, რომ 2019 წლის 20-21 ივნისს, მშვიდობიანი საპროტესტო აქციის პარლამენტის შენობაზე მიტანილ შტურმში გადაზრდა, მათ მიერ სპეციალურად დაგეგმილი ოპერაცია იყო, რომლის მიზანს პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენების პროვოცირება წარმოადგენდა, რათა ხელოვნურად შექმნილიყო ხელისუფლების დამხობის საბაბი.” – ამატებს პარტია.

პარტიის თქმით, ეჭვგარეშეა, რომ “მთავარ სახელმწიფო ინსტიტუტზე მიტანილი იერიშის აღკვეთის დროს, აუცილებელი მოგერიების სამართლებრივ რეჟიმში მყოფი საპოლიციო ძალები მოქმედებდნენ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში”.

“სამწუხაროდ, კანონის ფარგლებიდან გასული აქციის შეწყვეტის მიზნით ჩატარებული ლეგიტიმური ოპერაციის დროს მძიმე ფიზიკური დაზიანება მიიღეს როგორც საპროტესტო აქციის მონაწილეებმა, ასევე პოლიციელებმა; დაზარალდნენ მედიის წარმომადგენლები.

“მათი ჯანმრთელობის დაზიანება ამ მოვლენების ყველაზე მძიმე შედეგი იყო და სამართლებრივის გარდა, პოლიტიკური პასუხისმგებლობაც, ამ შედეგებზე, 20 ივნისის დანაშაულებრივი ავანტიურის ორგანიზატორებს ეკისრებათ.” – აღნიშნულია განცხადებაში.

“ოცნების” აზრით, აღნიშნულ მოვლენათა შედეგად, “ხელისუფლებამ დემოკრატიის ტესტი წარმატებით ჩააბარა და სამართლებრივი რეაგირების გარეშე არ დატოვა პოლიციელთა მხრიდან ძალის გადამეტების შემთხვევები და იმავდროულად, ყველაფერი გააკეთა დაზარალებულთა ჯანმრთელობის რეაბილიტაციისთვის”.

მმართველი პარტია 20 ივნისთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში პანდემიის კრიზისსაც ახსენებს და ამბობს, რომ “ერთიანი სახელისუფლებო გუნდის ეფექტიანმა ნაბიჯებმა და საზოგადოების კონსოლიდაციამ საბოლოოდ დაუსვა წერტილი ოპოზიციის დესტრუქციულ დღის წესრიგს”.

გავრილოვის ღამე: 20 ივნისს თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალური სესია გაიმართა. პარლამენტის სპიკერისთვის განკუთვნილი ადგილიდან, დელეგატებს ასამბლეის პრეზიდენტმა, რუსეთის დუმის დეპუტატმა, კომუნისტური პარტიის წევრმა, სერგეი გავრილოვმა მიმართა. ამ ფაქტს საკანონმდებლო ორგანოს წინ მასშტაბური აქციები მოჰყვა.

ხელისუფლებამ აქცია პოლიციელების, სპეცრაზმისა და სპეციალური ტექნიკის საშუალებით დაარბია. აქციის დაშლისას გამოყენებული იქნა რეზინის ტყვიები, რომელთა შესახებ ინფორმაციას ხელისუფლება ამ დრომდე მალავს. დაშავდა 300-მდე ადამიანი, 187 დემონსტრანტი, 40-მდე ჟურნალისტი, 73 სამართალდამცველი.

ოფიციალური მონაცემებით, 240 ადამიანი სხვადასხვა დაზიანებით გადაიყვანეს სავადმყოფოებში. აქციის ორმა მონაწილემ კი, მაკო გომურმა და გიორგი სულაშვილმა თვალი დაკარგეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button