მნიშვნელოვანიმოზაიკამსოფლიოსიახლეები

ხერსონიდან 30 ათასზე მეტი სამხედრო გაიყვანეს

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ხერსონიდან 30 ათასზე მეტი სამხედრო გაიყვანეს. სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა იგორ კონაშენკომ ბრიფინგზე თქვა, რომ მდინარე დნეპრის მარცხენა სანაპიროზე შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის 5 ათასი ერთეული, ასევე, მატერიალური ქონება გადაიტანეს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ 11 ნოემბერს (მოსკოვის დროით) დილის ხუთ საათისთვის დასრულდა რუსული ჯარების გადაყვანა დნეპრის მარცხენა სანაპიროზე.

“გაყვანილია სრულად რუსული ტექნიკა, რომელიც ექვემდებარება რემონტს, ამჟამად სარემონტო სამსახურებმა დაიწყეს მისი მომსახურება. ტექნიკისა და შეიარაღების არც ერთი ერთეული არ არის დატოვებული, ყველა რუსი სამხედრო მოსამსახურე გადასროლილია დნეპრის მარცხენა სანაპიროზე”, – თქვა კონაშენკოვმა.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვა ადასტურებს, რომ უკრაინელი სამხედროები ხერსონში შედიან.

მანამდე სოციალურ ქსელებსა და ტელეგრამ არხებში ვრცელდებოდა სხვადასხვა ვიდეოები, რომლებშიც ჩანდა, თუ როგორ ელოდება მოსახლეობა უკრაინელ სამხედროებს და როგორ აღმართეს უკრაინის დროშა სამხედროებმა და მოქალაქეებმა რამდენიმე მნიშვნელოვან ლოკაციაზე. ერთ-ერთი დროშა აღიმართა ხერსონში, ეროვნული პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობაზე.

მიუხედავად უკან დახევისა რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსული ჯარების გაყვანა ხერსონიდან დნეპრის მარცხენა სანაპიროზე არ შეცვლის რუსეთის მიერ ანექსირებული ხერსონის რეგიონის სტატუსს.

“ეს არის რუსეთის ფედერაციის სუბიექტი, ეს სტატუსი არის იურიდიულად განსაზღვრული და დაცული. აქ არანაირი ცვლილება არ არის და არ შეიძლება იყოს”, – განუცხადა მან ჟურნალისტებს.

პესკოვმა უარი თქვა ეპასუხა ჟურნალისტების კითხვაზე, თუ როგორ მიიღო ვლადიმერ პუტინმა გენერალ სერგეი სუროვიკინის მოხსენება ხერსონში არსებული ვითარების შესახებ და თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს გადაწყვეტილება ქალაქიდან რუსული სამხედრო ჯგუფის გაყვანის შესახებ.

BBC-ის შეკითხვაზე პასუხის გაცემისას პესკოვმა თქვა, რომ კრემლი არ მიიჩნევს დამამცირებლად ხერსონიდან უკან დახევას.

მსგავსი პოსტები

Back to top button