მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ხერსონის რეგიონში მოსკოვმა მობილიზებული 1000-მდე სამხედრო გაგზავნა

უკრაინის არმიის განცხადებით, რუსეთი დამატებით ძალებს გზავნის მდინარე დნეპრის მარჯვენა ნაპირზე, იმ ფონზე, როცა ორივე მხარე ემზადება, შესაძლოა, გადამწყვეტი ბრძოლისთვის უკრაინის სამხრეთში მდებარე ხერსონისთვის. რუსეთის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ქალაქიდან ევაკუირებულია ყველა სამოქალაქო პირი.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა 28 ოქტომბერს განაცხადა, რომ მოსკოვმა ახლახან მობილიზებული 1000-მდე სამხედრო გაგზავნა, რათა შეივსოს დანაკლისი, რომელიც გააჩინა ხერსონის რეგიონში უკრაინის კონტრშეტევით გამოწვეულმა დანაკარგებმა.

“იმისთვის, რომ სამხედროებში პანიკა აირიდოს თავიდან, რუსეთის საოკუპაციო ძალების მთავარსარდლობა ყველა საშუალებით ცდილობს, დამალოს სამხედროებს შორის რეალური დანაკარგები… მტრის გუნდი 1000-მდე მობილიზებული სამხედროთი ძლიერდება დროებით ოკუპირებული ხერსონის რეგიონის მარჯვენა ნაპირზე”, – წერს გენერალური შტაბი გავრცელებულ განცხადებაში.

დაზვერვის თქმით, 2022 წლის სექტემბერში რუსმა ოფიცრებმა ხერსონის მიმართულებით მყოფი ქვედანაყოფები აღწერეს. ქვედანაყოფები დაახლოებით 100 ადამიანისგან უნდა შედგებოდეს.

უკრაინა კონტრშეტევას აწარმოებს, რათა დაიბრუნოს ხერსონის რეგიონი და მისი დედაქალაქი ხერსონი, რომელიც რუსეთის ძალებმა ომის პირველ დღეებში დაიკავეს.

ყირიმში რუსეთის მიერ დანიშნულმა გუბერნატორმა სერგეი აკსიონოვმა 28 ოქტომბერს განაცხადა, რომ ხერსონი მოინახულა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ, სერგეი კირიენკომ.

“ბოლო ექვსი კვირის განმავლობაში მოხდა რუსეთის სახმელეთო ძალების აშკარა გადასვლა გრძელვადიან თავდაცვით პოზიციაზე ფრონტის ხაზის უმეტეს ნაწილში. ალბათ, ლიდერებმა გააცნობიერეს, რომ უკრაინაში დაუკომპლექტებელ და ცუდად მომზადებულ ძალებს ჯერჯერობით მხოლოდ თავდაცვითი ოპერაციები შეუძლიათ.”- წერს ბრიტანეთის დაზვერვა.

მაგრამ მაშინაც კი, თუ რუსეთმა მოახერხა უკრაინაში გრძელვადიანი თავდაცვითი ხაზების გამაგრება, ბრიტანეთის დაზვერვის თანახმად, მისი ოპერატიული განლაგება დაუცველი დარჩება.

“რადგან, ინიციატივის დასაბრუნებლად, რუსეთს დასჭირდება უკეთესი, უფრო მობილური ძალების შექმნა, რომლებსაც შეუძლიათ დინამიკურად გაუწიონ წინააღმდეგობა უკრაინის გარღვევებს და განახორციელონ საკუთარი ფართომასშტაბიანი შეტევითი ოპერაციები.”- წერია ბრიტანეთის დაზვერვი განცხადებაში.

ხერსონის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, გალინა ლუგოვაიას განცხადებით, ხერსონში ახლა უფრო მეტი რუსი სამხედროა, ვიდრე ადგილობრივი.

“უნდა აღვნიშნო, რომ როდესაც რუსებმა გამოაცხადეს ევაკუაცია დროებით ოკუპირებული ხერსონიდან, ხალხი თანდათან ტოვებდა ქალაქს. მათ შორის, ბევრმა რუსმა ჯარისკაცმა ჩაიცვა სამოქალაქო ტანსაცმელი და დატოვა ხერსონი.

რუსმა ჯარისკაცებმა ოჯახებთან ერთად დატოვეს ხერსონი. მათ ასევე აქტიურად გამოიტანეს ყველაფერი, რისი გაძარცვაც მოახერხეს. თუმცა, დღეს ხერსონში ჯერ კიდევ ბევრი რუსი ჯარისკაცია. და ხალხი ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რომლებთანაც მე მაქვს ურთიერთობა, ამბობენ, რომ ხერსონის ქუჩებში რუსული არმიის უფრო მეტი ჯარისკაცია, ვიდრე ქალაქის მცხოვრები,” – თქვა ხერსონის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

აგვისტოს ბოლოს, უკრაინის თავდაცვის ძალები სხვადასხვა მიმართულებით კონტრშეტევაზე გადავიდნენ. 14 ოქტომბერს, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის სრულმასშტაბიანი შეიარაღებული აგრესიის დაწყებიდან უკრაინაში უკვე დეოკუპირებულია 1620 დასახლება. ხერსონის რეგიონში, 21 ოქტომბრის მონაცემებით, 1170 კვადრატულ კილომეტრზე მეტია გათავისუფლებული.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსები არ აპირებენ ხერსონის დატოვებას, მათ საინფორმაციო ოპერაცია მოაწყვეს ქალაქიდან სავარაუდო გაქცევის შესახებ. მისი თქმით, ეს კეთდება იმისთვის, რომ უკრაინამ იქ ჯარები სხვა მიმართულებით გადაიყვანოს.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button