ხმაური მარნეულში
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ აღმამედლოში ისევ ხალხმრავლობაა. ადგილობრივები სავაჭრო ქსელ “ჯიბე”-ს წარმომადგენლებს ელოდებიან.
ადგილზე იმყოფება ქვემო ქართლის რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი.
ამ დროისთვის, მოსახლეობისგან სოფლის მეურნეობის პროდუქტების სიის მიხედვით ჩაბარება მიმდინარეობს. ადგილზე ათობით მოქალაქეა, რომლებსაც გასაყიდი პროდუქტები აქვთ მიტანილი.
ინფორმაციას „მარნეული TV“ ავრცელებს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი მარეულში შექმნილ ვითარებას ეხმაურება. მინისტრის შეფასებით, რეგიონში პროდუქციის რეალიზაციის პრობლემა მხოლოდ პანდემიის პირობებით არის გამოწვეული.
“ეს მორიგი მცდარი ინფორმაციაა, რომლის გავრცელებასაც ცდილობენ ოპონენტები. ძალიან სამწუხაროა, რომ იგივე მოვლენები, რომელიც ქვემო ქართლში განვითარდა, ოპონენტებმა პოლიტიკური ქულების დასაწერად გამოიყენეს, თუმცა, ვფიქრობ, არ გამოვა, იმიტომ, რომ მათი მცდელობა არამორალურია მინიმუმ, უპასუხისმგებლოა და პოლიტიკურ ეთიკას სცილდება. იმ დროს, როცა ჩვენ ვხედავთ რა რთულ მდგომარეობაში არიან ჩვენი ფერმერები და ეს ყველაზე მეტად გულსატკენია ჩვენთვის.
ჩვენ გულწრფელები ვართ ფერმერებთან და ვეუბნებით, რომ დღეს, ხვალ ილუზიებში არ უნდა ვიყოთ და იდეალური სიტუაცია არ გვექნება. გვესმის, რომ ეკონომიკური სიტუაცია ქვეყანაში მძიმდება და ამას საპასუხო ნაბიჯები ექნება ხელისუფლების მხრიდან. ამ დროს ცეცხლზე ნავთის მისხმა არის არამორალური ფერმერებთან მიმართებაში. ამ ნარატივიდან არის თქვენი კითხვაც, რომ ვინმემ მიიღო გადაწყვეტილება და კონკეტულად რომელიმე ქსელს მიანიჭა ექსკლუზიური უფლება. რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან ამაზე არანაირი გადაწყვეტილება არ ყოფილა, ჩვენ არავინ შეგვირჩევია. პირიქით, ჩვენ ვცდილობთ კომუნიკაციის აწყობას ფერმერებსა და ორგანიზებულ მყიდველებს შორის. „ჯიბე“ არის ერთ-ერთი მყიდველი იმ მრავალთაგანი, რომელიც დღეს ქვემო ქართლიდან პროდუქციის რეალიზებაში ეხმარება ფერმერებს. იცით, რომ ქვემო ქართლში მკაცრი საკარანტინე პირობებია და იქედან ფერმერები ვერ გამოვლენ, მაგრამ დისტრიბუტორებს შეუძლიათ ჩასვლა და პროდუქტის გამოტანა. იცით, რომ ძირითადი ბრენდირებული სუპერმარკეტები შეზღუდული არიან ხილის და ბოსტნეულის სეგმენტში და მათ უფრო დაფასოებული სხვა ტიპის რეალიზება ან ხორცპროდუქტების და რძის პროდუქტების რეალიზება აქვთ აწყობილი. ამ შემთხვევაში „ჯიბე“ არის კომპანია, რომელმაც მოახდინა შედარებით სწრაფად გადალაგება და ერთ-ერთი საბითუმო ვაჭრობის პრინციპზეა დამყარებული და არა საცალო ვაჭრობის პრინციპზე. შეიძლება იყოს „ჯიბე“ ან ნებისმიერი სხვა მაღაზია.
უბრალოდ დაემთხვა, რომ „ჯიბე“ არის საბითუმო ფორმატის მაღაზია და მან მოახდინა ორგანიზებულად უფრო მეტი პროდუქტის შეძენა და გამოტანა, ვიდრე სხვა წვრილმა მყიდველებმა. თუმცა, ათობით კომპანია შემიძლია ჩამოგითვალოთ, რომელიც მოსახლეობისგან შესყიდვას აწარმოებს და არანაირი ექსკლუზიური უფლება არავის გააჩნია. მადლობა მინდა თითოეულ ამ კომპანიას გადავუხადო“, – განაცხადა დავითაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ მარნეულის 5 სოფელში საპროტესტო აქციები გაიმართა. ყველაზე დაძაბული მდგომარეობა სოფელ შულავერთან იყო. ადგილობრივები აცხადებდნენ, რომ ხელისფულება სოფლის მეურნეობის პროდუქტის რეალიზაციაში არ ეხმარებათ. პროტესტის ნიშნად, რამდენიმე მოქალაქემ პროდუქტი გზაზე დაყარა და გაანადგურა. მას შემდეგ, რაც ადგილზე პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონულ საკითხებში, სოზარ სუბარი მივიდა და მოსახლეობას პრობლემის მოგვარებას დაპირდა, აქციის მონაწილეებმა ტერიტორია დატოვეს. აღსანიშნავია, რომ შეკრებილების დიდ ნაწილს, კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, არც ნიღბები ეკეთათ და არც თავდაცვის სხვა საშუალებები ჰქონდათ.