ხმაური პარლამენტში, ნაყიდი ტელევიზია და გასაყიდი ნახატები
ხმაური ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ დეპუტატ ნატო ჩხეიძეს მიმართა, რომ ჟურნალისტებს ფულს არ უხდის, რაც სამარცხვინო საქციელია.
„ქალბატონო ნატო, მე ერთს შეგახსენებთ, რაც ჩაიდინეთ სამარცხვინო საქციელი, როდესაც იმ ჟურნალისტებს ფულს არ უხდით, ვინც იშრომა ძალიან ბევრი ხანი და რომლებიც გიჩივიან.” – განაცხადა კილაძემ.
საპასუხოდ, ნატო ჩხეიძემ აღნიშნა, რომ მას ცილისწამების უფლება არ ჰქონდა.
„არც ერთ შემთხვევაში ამას არ დავტოვებ ასე, სახალხო დამცველი აქ ბრძანდება, ცილისწამების უფლება არ გაქვთ, თქვენს ცილისწამებას პასუხი უნდა გავცე. ის თანხა, რაც ჟურნალისტებმა გამოიმუშავეს, აიღეს ბოლომდე. ხოლო იმას, რაც თქვენ გინდათ, რომ მოაჩვენოთ საზოგადოებას, ეს იყო ჩვეულებრივი სუს-ის დადგმული სპექტაკლი, ოპერატორების აჯანყება, რომელიც მერე აჭარის ტელევიზიაში ძალიან კარგად გაიმეორეს.
“დანარჩენი, ქალბატონო სოფო, სასამართლოში ჩივიან ისინი და სასამართლომ იცით, რა გადაწყვეტილება მიიღო? სანახევრო გადაწყვეტილება მიიღო, ძალიან უცნაური. ამიტომ უნდა გაეცნოთ ხოლმე. მაშინ, როდესაც სუს-იდან მოტანილ ინფორმაციებს გააჟღერებთ ხოლმე აქ, უნდა გაეცნოთ ვითარებას, რა ხდება, როგორ ხდება, ამის მერე უნდა ისაუბროთ. კარგად გაეცანით ვითარებას. ძალიან უცნაური გადაწყვეტილებაა, მაგრამ მასაც შესაბამის ვითარებაში მოგახსენებთ. ასე რომ, ცილისწამებებს მოეშვით, ქალბატონო სოფო და სამარცხვინობა თქვენკენ მოიკითხეთ.” – მიმართა კილაძეს ნატო ჩხეიძემ.
მოისმინეთ სოფიო კილაძის და ნატო ჩხეიძის ხმები.
“ჩამოვივლი მშრალ ხიდზე და 1-2 ნახატს გავყიდიო”
მოგვიანებით, ნატო ჩხეიძის ამ განცხადებას ტელეკომპანია „იბერიის“ საინფორმაციო სამსახურის ყოფილი უფროსი ვახო ხუზმიაშვილი გამოეხმაურა.
ხუზმიაშვილმა არხის დახურვამდე ჩატარებული თათბირი გაიხსენა და განაცხადა, რომ ნატო ჩხეიძე თანამშრომლებს კუთვნილი ანაზღაურების გადახდას, ნახატების გაყიდვის სანაცვლოდ დაჰპირდა.
ჟურნალისტი დეპუტატის ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს და მისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს. ის ამბობს, რომ რუსეთში მოგზაურობის პერიოდში ნატო ჩხეიძე თავად მართავდა შეხვედრებს პუტინის აგენტებთან.
„ქალბატონი ნატო, ნახატების გაყიდვით აპირებდა თანამშრომლებისთვის ხელფასების გადახდას. დახურულ თათბირზე იძახდა, ჩამოვივლი მშრალ ხიდზე და 1-2 ნახატს გავყიდიო.
“ახლა დგას და ჟურნალისტებზე ამბობს, რომ სუსის ორგანიზებული იყო კუთვნილი ხელფასების მოთხოვნაო. თანაც, იმ ჟურნალისტებზე, რომლებმაც თავი შეაკლეს ამ ტელევიზიას და მართლა მიზერული თანხები აქვთ ასაღები.
“სუსის ორგანიზებული კი არ არის, ქალბატონო ნატო, საქართველოს კანონმდებლობა მოითხოვს, რომ ადამიანებს როდესაც სამსახურიდან უშვებ, კომპენსაცია უნდა გადაუხადოთ.
“ეს არის ძალიან სამარცხვინო საქციელი იმ ადამიანისგან, რომელიც მოსკოვში აგენტებთან დადიოდა და მათთან იჯდა მოლაპარაკებებზე. ის საუბრობს დღეს ვინმეს აგენტობაზე.
“ასეთი დეპუტატები რომ გვყავს, არის ძალიან დიდი სირცხვილი. თავად ნატო ჩხეიძე არის სიმბოლო იმისა, თუ როგორი დეპუტატი არ უნდა იყოს საქართველოს პარლამენტში.
“ამ ადამიანმა არ იცის არაფერი, არც კანონი. დადის ასე და სამარცხვინო განცხადებებს აკეთებს.
“დღეს მე მრცხვენია, რომ ამ ადამიანთან მიწევდა მუშაობა. 2004 წელს, როდესაც სპეცდანიშნულების რაზმი შემოვარდა ტელეკომპანია „იბერიაში“, ჩემი სიცოცხლის რისკის ფასად ვიცავდი ტელევიზიას, ეს ადამიანები კი დღეს სუსის აგენტებს გვეძახიან.
“სუსის აგენტები მოიკითხოს ქალბატონმა ნატომ თავის ახლო წრეში და ბოდიში მოიხადოს, ვინმეს აგენტობაზე რომ საუბრობს.
“ამ ადამიანს ის ვერ გაუგია, საერთოდ რა უნდა პარლამენტში. მხოლოდ იმაზე ფიქრობს, რომ როგორმე სიგარეტების ფაბრიკა აამუშაოს. იმის გარდა, არაფერი აინტერესებს. ჟურნალისტების ინტერესი მხოლოდ და მხოლოდ კუთვნილი კომპენსაციების მიღებაა.” – ამბობს ვახო ხუზმიაშვილი.
ჟურნალისტის ინფორმაციით, მას ტელეკომპანიის წინააღმდეგ სასამართლო დავაში აქამდე მონაწილეობა არ მიუღია, თუმცა უახლოეს დღეებში, კომპენსაციის მოთხოვნით, ვახო ხუზმიაშვილი სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავს.
“როგორ შეიძინეს „მთავარი არხის“ წილები?”
ჟურნალისტისთვის ასევე გაუგებარია როგორ მოახერხეს ზაზა ოქუაშვილმა და ნატო ჩხეიძემ „მთავარი არხის“ წილების შესყიდვა, როდესაც ყოფილ კოლექტივს გამუდმებით ეუბნებოდნენ, რომ ფული არ ჰქონდათ.
„მე არ მინდა, „მთავარ არხზე“ ვინც არიან, იმათზე ვისაუბრო. წარმატებებს ვუსურვებ ჩემს კოლეგებს, სადაც არიან, მაგრამ თუ ფული არ ჰქონდათ ქალბატონ ნატო ჩხეიძეს და ბატონ ზაზა ოქუაშვილს, როგორ შეიძინეს „მთავარი არხის“ წილები?
“ქალბატონ ნატოს და ბატონ ზაზას მოუწევთ კანონის შესრულება. უნდა მათ ეს თუ არა, მაინც არაფერი უშველით. კანონი ყველა ხელისუფლების პირობებში შესრულდება. უნდათ, თუ არ უნდათ, მათ მოუწევთ კომპენსაციების გადახდა.
“მე აქამდე სასამართლოში სარჩელი არ მქონდა შეტანილი. არ მინდოდა, მათთან ამ თემებზე საერთოდ საუბარი, მაგრამ ამ დღეებში მეც ვაპირებ სარჩელის შეტანას და მოუწევთ ჩემი კომპენსაციის გადახდაც.” – განაცხადა ვახო ხუზმიაშვილმა, რომელიც ამჟამად აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურს ხელმძღვანელობს.