ხობში მცხოვრები ოჯახი ამბობს, რომ დააყაჩაღეს

ყაჩაღობა ხობის რაიონში. გვიან ღამით სოფელ ხიბულაში 2 ნიღბიანი შეიარაღებული პირი გიმზერ კვირკვაიას ოჯახს დაესხა თავს. თავდამსხმელებმა ოჯახის ერთ-ერთი წევრი, რომელიც ეზოში იმყოფებოდა, დააკავეს და საცხოვრებელ სახლში იარაღის მუქარით შეაღწიეს. ნაცემია გიმზერ კვირკავაია, რომელიც თავდამსხმელებს შეეწინააღმდეგა.
გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელები თანხას და ძვირფას ნივთებს ითხოვდნენ. წაღებულია 80 ლარი და ოქროს ნივთები.
კვირკვაიების ოჯახმა ორი დღის წინ თხილი გაყიდა, სწორედ რეალიზებიდან მიღებულ თანხას მოითხოვდნენ ისინი. დაზარალებულები ჰყვებიან, რომ ფიზიკური ზეწოლა მას შემდეგ დაიწყო, რაც ყაჩაღებმა იმ რაოდენობის თანხა ვერ აღმოაჩინეს, რამდენზეც მათ ინფორმაცია ჰქონდათ.
გიმზერ კვირვკვაიას სახლში კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები იმყოფებიან. მიმდინარეობს ოჯახის წევრების დაკითხვა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.
ეს სოფელ ხიბულაში ყაჩაღობის უკვე მეოთხე შემთხვევაა. ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ თავდასხმას ერთიაიგივე კრიმინალური დაჯგუფება ახორციელებს.